აღარ დამირეკოთო, - დაიბარა, ერთი შეხედვით, ძალაუფლება დათმო და მისი პირმშო “ქართული ოცნება” პოლიტიკურ მოედანზე ბედის ანაბარა დატოვა, თუმცა მართლა საბოლოოდ გადის თუ არა თამაშიდან ივანიშვილი, ამას “ოცნებაში” განვითარებული პროცესები დაგვანახებს. რადგან ერთხელ უკვე ასე მოიქცა, საზოგადოების დიდი ნაწილი ეჭვობს, რომ ივანიშვილი შორს არსად მიდის, ჩრდილში გადის და გავლენებსა და ვითარების მართვას შეინარჩუნებს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი კონსოლიდირებული დარჩა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ივანიშვილი მხოლოდ ჩრდილში გავიდა და პარტიას ისევ ზურგს უმაგრებს.
წასვლა კი მაშინ იქნება დამაჯერებელი, თუკი “ოცნებაში” რღვევა წავა, რასაც ბევრი წინასწარმეტყველებს. იმ დროს, როდესაც უმრავლესობაში ძალაუფლების ცენტრი არ არსებობს, რა გასაკვირია, პრობლემებმა თუ იჩინა თავი - არ არის გამორიცხული, სულ მალე დაიწყოს ბრძოლა ძალაუფლებისთვის და გავლენების განაწილებისთვის. აკი, თვითონ ბიძინა ივანიშვილმაც გამოთქვა შიში, რომ გუნდში შესაძლოა ერთიანობა დაირღვეს, ვინაიდან არის ერთმანეთთან დაპირისპირების საფრთხე. ეს შიში ლოგიკას მოკლებული არ უნდა იყოს იმ დროს, როცა უმრავლესობაში დღესდღეობით ლიდერობის მსურველი ბევრია, მათ შორის ყველაზე წონიანებად კობახიძე, გახარია და კალაძე მოიაზრება. არ გამორიცხავენ, ივანიშვილის გარეშე დარჩენილი უმრავლესობა მალე მარტივ მამრავლებად დაიშალოს.
ambebi.ge-ს "ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული წყარი უყვება:
"ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის არ სჯერათ, თუმცა “ქართულ ოცნებაში” ამაში ეჭვი აღარავის ეპარება, მმართველი გუნდის წევრები ამას მართლაც განიცდიან. სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ პარტიაში უამრავი შიდა დინებაა, უფრო მეტიც, ზოგიერთებს შესაძლოა გულის სიღრმეში ივანიშვილი არ უყვარდათ, მაგრამ მათაც ძალიან კარგად ესმით, რას ნიშნავს პარტიის მეგალიდერის პოლიტიკიდან წასვლა. ახლა ისინი ელვის დროს საიმედო მეხამრიდის გარეშე არიან დარჩენილები... დღეს “ქართულ ოცნებაში” ქარიზმატული ფიგურა არც ისე ბევრია, ამიტომ ახლა როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, თუ ვინ იქნება უახლოეს თვეებში გუნდის გამწევი ძალა. გუნდის პირველი კონფიგურაცია შემდეგი იქნება: გახარია, კალაძე, კობახიძე. სამივე მათგანს სერიოზული მიმართულებები აკისრია - პრემიერს ქვეყნის მართვა, კობახიძეს - პარტიული სტრუქტურის გაძლიერება და არჩევნებზე პარტიის გამართული ფუნქციონირება, ხოლო კახა კალაძეს დამაბალანსებელის როლი ეკისრება. უფრო მარტივად რომ ვთქვა, მისი მთავარი ფუნქციაა რეიტინგის შენარჩუნება და ამავე დროს, გუნდის შიგნით “არც მწვადის და არც შამფურის დაწვა”.
რაც შეეხება ე.წ. ძალოვნებს - გომელაური, ლილუაშვილი პოლიტიკურად სრულიად უინტერესო ფიგურები არიან. არც ერთ მათგანს რეალური რეიტინგი “ქართული ოცნების” ელექტორატში არ აქვს და, რბილად რომ ვთქვათ, არც პოლიტიკური უნარებით გამოირჩევიან.
ძალოვნებში გამონაკლისი ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც, თავისთავად, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ფიგურაა, ივანიშვილის ერთგული მოთამაშეა, მაგრამ ის უკვე იყო პრემიერ-მინისტრი.
სავარაუდო იყო და ჩანდა იმის ნიშნები, რომ ირაკლი კობახიძის როლი კიდევ უფრო გაიზრდებოდა პარტიაში და ასეც მოხდა. სწორედ მის იგრვლივ იქნება აგებული პარტიული სტრუქტურა, ამავე დროს, ახალი სახეების მოძიებაც. პარტიაში აუცილებლად სერიოზული როლი ექნება თეა წულუკიანსაც, რომელიც ქალი პოლიტიკოსია და “ქართული ოცნების” ელექტორატში ფართო მხარდაჭერით სარგებლობს.
როგორც ვიცი, კალაძეს აქვს ამბიცია პრემიერობაზე და არ არის გამორიცხული, ერთი, ან ორი წლის თავზე მართლაც გახდეს პრემიერი, თუ, რა თქმა უნდა, არ ეცდება პროცესების დაჩქარებას და არ გადადგამს არასწორ ნაბიჯებს.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს რაც ეხება, დიდი ალბათობით, ოპოზიცია დედაქალაქში მელიას დააყენებს (რაც განიხილება კიდეც), "ოცნებაში" ამ ეტაპზე ფიქრობენ, რომ მის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი კანდიდატი ისევ კახა კალაძე იქნება.
“ქართული ოცნების” საპარლამენტო სიიდან ამ მოწვევის პარლამენტში ყველაზე მეტი კაცი კობახიძეს ჰყავს, მათ შორისაა: კუჭავა, კახიანი, ამილახვარი, პაპუაშვილი, ხელაშვილი, ოხანაშვილი, მათიკაშვილი, მიქანაძე, სეფაშვილი... სარჯველაძე წულუკიანის კაცია. არც ერთი კადრი არ ჰყავს ლილუაშვილს, თალაკვაძეც მარტოა... მაინც ძირითადი ბირთვი, სადღაც 60%, ანუ 50 კაცზე მეტი ივანიშვილის კადრია, რომელიც ყოველთვის გადაიხრება იქით, საითაც ძალაუფლების ცენტრი იქნება. ბევრს ჰგონია, რომ კალაძეს პარლამენტში 20-მდე კაცი ჰყავს, რაც სრული ბლეფია. კალაძის გუნდს დღეს წარმოადგენს - ზარქუა, ბითაძე, ტურძელაძე, ყაველაშვილი, კობიაშვილი. გახარიას გუნდს - ხოჯევანიშვილი, დაუშვილი, ლილუაშვილი, მოწერელია, ჩიქოვანი. არც გახარიას და არც კალაძეს ყველაზე კარგი გათვლებითაც კი, პარლამენტში 10 კაცზე მეტი ადამიანი არ ჰყავთ. მოვლენებს ცოტა შორეულ პერსპქტივაში თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, “ქართულ ოცნებაში” არსებობს დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების რისკი, მაგრამ ამავე დროს, გუნდის შიგნით ყველას კარგად ესმის, რომ ასეთ დაპირისპირებას მოგებული არ ეყოლება, საბოლოოდ ყველა წააგებს..."
“ქართული ოცნების” მხარდამჭერი ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი გამორიცხავს ამ ეტპაზე გუნდის შიგნით რაიმე დაპირისპირების არსებობას:
“ვფიქრობ, დღევანდელი გუნდი ბევრად გამოცდილია, ვიდრე 2016 წლის გუნდი იყო. იმედი მაქვს, ყველას კარგად აქვს გააზრებული თავისი როლი და რაც მთავარია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. იყო 2020-2024 წლების საქართველოს პარლამენტის წევრი, ეს უდაოდ საამაყოა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან რთული. მინდა წარმატება ვუსურვო უკვე გამოცდილ პოლიტიკოს ირაკლი კობახიძეს და მმართველი გუნდის შედარებით პოლიტიკურად ნაკლებად გამოცდილ ახალ სახეებს. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ გუნდს ჰყავს ძალიან ეფექტიანად მომუშავე ღირსეული პრემიერი და ასევე გამორჩეული დედაქალაქის მერი. არ მინდა გამომრჩეს სხვა განსაკუთრებით გამორჩეული მინისტრები, მაგალითად მაია ცქიტიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რა თქმა უნდა, ამ წლებში იყო ხარვეზები, მაგრამ ქვეყანა 2012 წლიდან ნამდვილად ბევრად წინ წავიდა და ეს მარტო ჩემი შეფასება არ არის, ამას ადასტურებს ყველა ჩვენი დასავლელი ობიექტური დამკვირვებელი. რა თქმა უნდა, იქნება გამოწვევები, პრობლემები და არც ის გამიკვირდება, ვინმემ დატოვოს კიდეც მმართველი გუნდი, მაგრამ თუ რაიმე წარმოუდგენელ შეცდომას არ დაუშვებენ, არ მგონია, რომ უახლოეს პერიოდში “ქართულ ოცნებას” რაიმე სახის სერიოზული კონკურენცია ვინმემ გაუწიოს.
ივანიშვილი წავიდა და ეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, განსაკუთრებით მმართველ გუნდში. ბიძინა ივანიშვილმა გარდა აურაცხელი ქველმოქმედებისა, 2012 წელს თავის სიცოცხლე დადო სასწორზე და უდიდესი ბოროტება დაასრულა საქართველოში. ის ახლა გამარჯვებული მიდის და ჩვენი ქვეყნის თითქმის ერთი წლის ბიუჯეტის თანასწორ ქონებას გვჩუქნის. მართლა არ ვიცი, ასეთი რამე ვინმეს გაეკეთებინა, ვერც ვერავინ მომიყვანს მსგავს მაგალითს”.