ავტორი:

რას უნდა ერიდონ ციტრუსებზე ალერგიული ადამიანები და რით უნდა ჩაანაცვლონ C ვიტამინი - ალერგოლოგ-იმუნოლოგის რჩევები

რას უნდა ერიდონ ციტრუსებზე ალერგიული ადამიანები და რით უნდა ჩაანაცვლონ C ვიტამინი - ალერგოლოგ-იმუნოლოგის რჩევები

ალერგია ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობაა გარემოში არსებული ზოგიერთი ფაქტორის მიმართ. ბევრი ამ პათოლოგიას ბოლო პერიდის გამოძახილად მიიჩნევს, თუმცა სულაც არ არის თანამედროვე - მას ჯერ კიდევ ჩვ.წ V-IV საუკუნეებშიც იცნობდნენ.

კვებით ალერგიას სხვა ბევრ საკვებთან ერთად ციტრუსებიც იწვევს და ეს პრობლემა უმეტესად ზამთარის პერიოდში მწვავდება. AMBEBI.GE ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგ მადონა დევიძეს სწორედ ციტრუსით გამოწვეულ ალერგიებთან დაკავშირებით ესაუბრა:

- ციტრუსების მიმართ ალერგია საკმაოდ გავრცელებული კვებითი ალერგიაა. ის უფრო ხშირად მოზრდილებში გვხვდება, ვიდრე ბავშვებში. ციტრუსები, რომელთა მიღების შემდეგ შეიძლება ალერგია განვითარდეს, არის: ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი ან ლაიმი და გრეიფრუტი.

- რა სიმპტომებით ვლინდება ალერგია ციტრუსების მიმართ?

- ადგილობრივი რეაქციებით:

  • ტუჩების, ენის, სასის ქავილით, სიწითლითა და/ან შეშუპებით
  • სისტემური რეაქციებით: კანისმიერი გამოვლინებებით (ეგზემა, ჭინჭრის ციება, კიდურების ან სახის შეშუპება და სიწითლე)
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გამოვლინებებით (მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა)
  • ასევე სასუნთქი სისტემის მხრივ გამოვლინებებით (სურდო ან ცხვირის გაჭედილობა, ცემინება, ხველა, ხიხინი, სუნთქვის გაძნელება)
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივაც ვლინდება (თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, არტერიული წნევის ვარდნა)

ციტრუსების მიმართ ალერგიის სიმპტომები შეიძლება დაიწყოს თავად მანდარინის, ფორთოხლის, ლიმონის, გრეიფრუტისა თუ ლაიმის ან მათი წვენების მიღების შემდეგ მცირე რაოდენობითაც კი, ან უბრალოდ ნაყოფის ქერქის შეხებისას ან ჰაერში გაფრქვეული ციტრუსების მცირე ნაწილაკების შესუნთქვის შედეგადაც.

სიმპტომები შესაძლოა განვითარდეს ციტრუსებთან კონტაქტისთანავე დაუყოვნებლივ ან რამდენიმე საათში. თუ ციტრუსის მიღების ან მასთან კონტაქტის შემდეგ გაგიჩნდათ ჩამოთვლილი სიმპტომები, ალერგოლოგს უნდა მიმართოთ, რომ გაიგოთ ზუსტად, რომელ ხილზე ხართ ალერგიული. ამისთვის ტარდება ტესტები. ტესტირების მეთოდები მოიცავს:

ა) კანის სინჯს, რომლის დროსაც ექიმი სავარაუდო ალერგენს აწვეთებს თქვენს მკლავზე ან ზურგზე და რეაქციას აფასებს რამდენიმე წუთში;

ბ) კონკრეტული ციტრუსის მიმართ ანტისხეულების (IgE) განსაზღვრას სისხლში;

გ) პროვოკაციულ ტესტს (“food challenge”), როდესაც პაციენტს ექიმის დაკვირვების ქვეშ ეძლევა სავარაუდო ალერგენი (მაგალითად, მანდარინი)

- მცენარეთა მტვრის მიმართ ალერგიულ ზოგიერთ პაციენტს შეიძლება, ალერგია ციტრუსებზეც გამოუვლინდეს?

- შეიძლება. ეს გამოწვეულია ჯვარედინი რეაქციით, რაც მაშინ ვლინდება, როდესაც სხვადასხვა ნივთიერებაში არსებული ცილები ერთმანეთს გვანან და მსგავსი რეაქციის პროვოცირებას ახდენენ.

პაციენტებს, რომლებსაც ბალახებზე აქვთ ალერგია, უფრო ხშირად უვითარდებათ ალერგია ციტრუსებზე. თუმცა, ჯვარედინი რეაქცია დადგენილია ასევე ციტრუსებსა და არყის ხის ან ავშანის მიმართ ალერგიულ პაციენტებშიც.

იმ პაციენტებმა, რომელთაც დაუდასტურდათ ალერგია რომელიმე ციტრუსის მიმართ, არ უნდა მიირთვან ისინი მცირე რაოდენობითაც კი. ასევე საყურადღებოა, რომ ბევრი მზა საკვები შეიცავს სხვადასხვა ციტრუსის ხილს. ალერგიული რეაქციებისაგან თავის ასარიდებლად, მნიშვნელოვანია ეტიკეტების შემოწმება ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა:

  • წვენები, ლიმონათები და სხვა სასმელები
  • ნაყინი
  • არომატული იოგურტები
  • მცენარეული ჩაი
  • სოუსები და სალათის დრესინგები, მაიონეზის და ტკბილი და მჟავე სოუსების ჩათვლით
  • ზღვის პროდუქტებისა და ხორცის კერძები
  • მარინადები და მწნილები
  • ალკოჰოლური და უალკოჰოლო კოქტეილები
  • ტკბილეული და საკონდიტრო ნაწარმი
  • C ვიტამინისა და ბიოფლავონოიდური დანამატები
  • ზოგიერთი პირადი ჰიგიენის საშუალებები, მაგალითად, კბილის პასტა

კოსმეტიკური საშუალებები და სუნამოები ხშირად შეიცავენ ლიმონენს, ციტრუსის პილინგის შემადგენლობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტური დერმატიტი. ლიმონმჟავა ჩვეულებრივ გამოიყენება როგორც კონსერვანტი ან გამამკვრივებელი საშუალება, ასევე როგორც არომატიზატორი. მას შეუძლია გამოიწვიოს კანისა და პირის ღრუს გაღიზიანება, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, არა ალერგიული რეაქცია. ამიტომ, ალერგიით დაავადებული ზოგიერთ ადამიანს, შეუძლია გამოიყენოს ლიმონმჟვას შემცვლელი საშუალებები.

- რა პროდუქტებით შეუძლიათ ჩაანაცვლონ ციტრუსები ალერგიულმა პაციენტებმა?

- ციტრუსის ხილი C ვიტამინის წყაროა, მაგრამ უამრავი სხვა ხილი და ბოსტნეული შეიძლება დაეხმაროს მათზე ალერგიულ ადამიანს ნუტრიციოლოგიური ყოველდღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში. C ვიტამინით მდიდარი სხვა საკვები პროდუქტებია: ბულგარული წიწაკა, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, კივი, მანგო პაპაია, კენკროვანი ხილი და სხვა.

- რას უკავშირდება ციტრუსების ჭარბი რაოდენობით მიღების შემდეგ კანის სიყვითლე?

- ციტრუსის ხილი, მსგავსად ზოგიერთი ბოსტნეულისა, მდიდარია ბეტა კაროტინით, ამიტომ კაროტინოიდებით მდიდარი ხილის ჭარბი დოზით მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს კანის (ხელისგულების, ფეხისგულების) ფერის შეცვლა მოყვითალო შეფერილობით (ქსანტოდერმია). ეს პრობლემა ადვილად გვარდება ციტრუსების მიღებისაგან თავის შეკავებით ან დოზის შემცირებით. თუ რჩევებს გავითვალისწინებთ, თავიდან მარტივად ავიცილებთ პრობლემებს.

რა ინფორმაცია აქვს თამარ გაბუნიას მულტიორგანული ანთების სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე - "მათ მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს"

"როცა დადებითობის მაჩვენებელი 5%-ს ჩამოცდება, შეგვიძლია საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხო გახსნაზე ვისაუბროთ" - გაბუნია

საქართველოს ვაქცინაციის გეგმის დეტალები - "აიცრება მოსახლეობის 60%, მათ შორის არ იქნებიან 18 წლამდე ადამიანები, დაიხარჯება 170 მლნ-მდე ლარი"