67 წლის ლიზა მონტგომერი ერთადერთი ქალია ბოლო 70 წლის განმავლობაში, რომელიც აშშ-ში სიკვდილით დასაჯეს. როგორც BBC წერს, ის Terre Haute-ის ციხეში იხდიდა სასჯელს, აქვე გაუკეთეს პატიმარს სასიკვდილო ინექცია.
ლიზა მონტგომერი 2007 წელს მისურის შტატში, 8 თვის ორსული ქალის მკვლელობის გამო გაასამართლეს. მონტგომერიმ მოკლულის სხეულიდან ნაყოფი ამოიყვანა. აღსანიშნავია, რომ მედიკოსებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს.
ლიზა მონტგომერის მსხვერპლი 23 წლის ბობი ჯო სტინეტი იყო. ლიზა და ბობი თავდაპირველად ძაღლების სიყვარულის გამო დამეგობრდნენ. ხოლო ერთხელაც, როდესაც ლიზამ 23 წლის ფეხმძიმე გოგონას სახლში მიაკითხა, თოკით დაახრჩო, შემდეგ მუცელი გაუჭრა და საშვილოსნოდან ბავშვი ამოიყვანა. დანაშაული 2004 წელს მოხდა.
პოლიციამ მონტგომერი ახალშობილ გოგონასთან ერთად ნახა, ლიზა აცხადებდა, რომ ბავშვი თავად გააჩინა, თუმცა მოგვიანებით დანაშაული აღიარა.
მოწმეების ინფორმაციით, რომლებიც მონტგომერის სიკვდილით დასჯას ესწრებოდნენ, პატიმარს მოხსნეს ნიღაბი და ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა რაიმე სათქმელი უკანასკნელად და მისი პასუხი იყო "არა.“
ეს შემთხვევა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, რადგანაც როგორც მონტგომერის ადვოკატები აცხადებენ, ლიზა ფსიქიკურად დაავადებული იყო და ამასთანავე, ბავშვობაში სერიოზულ ძალადობას განიცდიდა.
სწორედ ამიტომ, ლიზას ადვოკატი კელი ჰენრი ამბობს, რომ ყველას, ვინც მონტგომერის სიკვდილით დასჯაში მონაწილეობდა, უნდა რცხვენოდეს..
"ლიზა მონტგომერის სიკვდილით დასჯა ძალიან შორს არის სამართლიანობისგან“, - ამბობს ადვოკატი. მისივე მტკიცებით, ლიზა დაბადებული იყო ტვინის დაზიანებით.
ადვოკატების თქმით, ბავშვობაში ის იყო როგორც სექსუალური, ასევე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი მამის მხრიდან, ხოლო შემდეგ დედის მხრიდან ტრეფიკინგის მსხვერპლი გახლდათ. "მას იმდენად ძალადობრივად ეპყრობოდნენ, რომ შეიძლება ამას წამებაც ვუწოდოთ“, - აცხადებენ ადვოკატები. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში მონტგომერი ვერ აღიქვამდა რეალობას.
მსხვერპლის ოჯახი და მეგობრები კი ამბობენ, რომ მონტგომერის მიერ ჩადენილი მკვლელობა იმდენად შემზარავი იყო, რომ მან სიკვდილით დასჯა დაიმსახურა, მიუხედავად მისი ფსიქიკური მდგომარეობისა.
წყარო: BBC.com