ავტორი:

"მარსზე დაგედგათ ბარემ" - რატომ აკრიტიკებენ ფონიჭალაში დადგმულ ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალს და რა ემოციურ ამბავს იხსენებს ნამუშევრის ავტორი

"მარსზე დაგედგათ ბარემ" - რატომ აკრიტიკებენ ფონიჭალაში დადგმულ ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალს და რა ემოციურ ამბავს იხსენებს ნამუშევრის ავტორი

"ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი" - ასე ჰქვია ნამუშევარს, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, ზემო ფონიჭალაში, ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში დაიდგა.

როგორც ყოველთვის, ინტერნეტმომხმარებლების აზრი მემორიალთან დაკავშირებით გაიყო - ერთნი ადგილს იწუნებენ, მეორენი კი ქანდაკებების "სიშიშვლეს". ბევრმა პოლიტიკური კონტექსტიც მოუძებნა მემორიალის ადგილმდებარეობას:

სკულპტორი ირაკლი წულაძე საკუთარ ნამუშევართან

ფონიჭალისთვის მენანება,

რატომ ვმალავთ, რუსებს ვუმალავთ?;

ფონიჭალა რა შუაშია, მეტი აზრიანი ადგილი ვერ შეურჩიეს თუ რა ხდება? მონუმენტი კარგია, მაგრამ ადგილი არ შეესაბამება;

მოშორებით დადგეს იმიტომ, რომ თან თავი მოიწონონ - აი, როგორი ძეგლი დავდგითო და თან ძალიანაც "გამომწვევად" არ ხვდებოდეს თვალში ვიღაც-ვიღაცეებს

ობიექტურად რომ ვთქვათ, ქოცებმა რაღაც გააკეთეს, მივესალმები, თუმცა მაინც არ ეყოთ ბოლომდე ტვინი, რომ განესაზღვრათ, სად იქნებოდა იდეალური ამ მართლაც მაგარი მონუმენტის დადგმა. ჩემი აზრით, აჯობებს გორში გადაიტანონ, ყველა თვალსაზრისით. მეტი დატვირთვა ექნება შინაასობრივადაც და ტურისტულადაც.

მარსზე დაგედგათ ბარეღამ! იქ უფრო კარგად გამოჩნდებოდა!

ისე ამბობთ მანდ რატომ დადგესო, თითქოს ფონიჭალა საქართველო არ არის

თბილისის უბნები არ იცით და რა ოკუპაციაზეა საუბარი? ფონიჭალაში კი არა, საქართველოს ყველა ქაალაქსა და უბანში უნდა იდგას ოკუპაციის ასეთი ძეგლები

რაც შეეხება მემორიალს, კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული მინის კედლისგან, რომელშიც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი.

მემორიალის ავტორი მოქანდაკე ირაკლი წულაძეა, რომელმაც სპეციალურად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. AMBEBI.GE მას ნამუშევართან დაკავშირებით სასაუბროდ დაუკავშირდა:

- სულ ახალი ნამუშევარია, მასზე მუშაობა ახალი წლის წინა დღეებში დავასრულეთ. ის ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალია. მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ვმონაწილეობდი და ჩემმა პროექტმა გაიმარჯვა. მემორიალი ზემო ფონიჭალაში დაიდგა. რატომ ფონიჭალაში და არა თბილისის ცენტრში, ან გორში, ანდაც საოკუაციო ხაზთან? - ეს კითხვა ბევრმა დასვა. მეორიალი ფონიჭალაში იმიტომ დაიდგა, რომ იქ არის ოკუპაციის სახელობის სკვერი.

როდესაც ფოტოები სოციალურ ქსელებში აიტვირთა, უამრავი ნახვა, კომენტარი, გაზიარება მოჰყვა, რომელიც დღესაც გრძელდება. როგორი კომენტარებიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ნამუშევარმა ხალხის დაინტერესება გამოიწვია. რაც არ არის ცუდი,“ - აღნიშნავს ირაკლი წულაძე.

სკულპტორი პროექტზე 5 თვის განმავლობაში მუშაობდა. მისთვის მემორიალის შექმნის პერიოდი საინტერესო და ძალიან შემოქმედებითი პროცესი იყო, მაგრამ როგორც ამბობს, მეორე მხრივ ძალიან მგრძნობიარე აღმოჩნდა თემასთან შეხება.

- საქართველოსთვის ოკუპაცია მძიმე საკითხია და შესაბამისად მეც განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. ასეთივე ემოციით და მუხტით შესრულდა ეს ნამუშევარი. რაც შეეხება იდეას და კონცეფციას - კონკურსზე ბევრი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, ჩემი ცოტა განსხვავებული, ოდნავ უჩვეულო მიდგომა აღმოჩნდა, ისეთი არა, რასაც ძეგლებთან და ქანდაკებებთან მიმართებაში მიჩვეული ვართ. უფრო ადამიანურია, უშუალო, გასაგები და შესრულებულია თანამეროვე სტილში, რამაც ეტყობა, ჟიურის გადაწყვეტილების მიღებაზე იმოქმედა" - დასძენს მოქანდაკე.

- ვფიქრობ, მინაში ჩაყოლებული მავთულხლართები მემორიალს განსაკუთრებულ ელფერს სძენს...

- კი, დიოდური ლენტური განათება აქვს და ძალიან ეფექტური გამოვიდა, ღამითაც, მინათების სისტემა ამშვენებს.

- კომენტარებში ამოვიკითხე კრიტიკა იმაზეც, თუ რატომ არიან მემორიალის გმირები შიშვლები?

- მეც წავიკითხე ასეთი კომენტარები და კიდევ ასეთი - ფორმა რატომ არ აცვიათო? ამ ადამიანებს ვეტყვი, რომ ეს ხელოვნებაა, მუხტია ასეთი. მერე ამ ქვეყნად ყველანი შიშვლები მოვდივართ და თითქმის ასევე მივდივართ. ეს კონკრეტული სიშიშვლე მისი გრძნობების, ემოციების, სულის, გულის გამოხატულებაა. ამავე დროს მისტიკურია. ამასთან, მათ სასქესო ორგანოები ხომ არ უჩანთ?! ეროტიკული კუთხით რომ შევხედოთ, მაშინ მთელ იტალიაში, რომში სულ შიშველი ქანდაკებები ყოფილა... აქ არანაირი ეროტიკულობის მომენტი არ არის.

მემორიალს ისეთი ტრაგიკული მუხტი აქვს, რანაირად შეიძლება სხვა ემოცია გამოწვიოს?! ვერაფრით მიდიხარ სხვა მიმართულებით. წვიმიან ამინდში კი, წვეთები მინაზე ცრემლების შთაბეჭდილებასაც ქმნის...

- ქვეყნის ოკუპაცია პირადად თქვენთვის, როგორც მოქალაქისთვის რა ემოციას იწვევს?

- ჩემთვის და როგორც ყველა ნორმალური მოქალაქისთვის, ადამიანისთვის, ვისაც თავის ქვეყანა შესტკივა, თავისი ქვეყნის სამსახურშია, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, მოუშუშებელი იარაა. ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში აქ, თბილისში თითქოს ვერ ვგრძნობთ, მაგრამ ის ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს, მათთან ნამყოფი ვარ, მისაუბრია და დანის წვერზე ცხოვრობენ, არანაირი უსაფრთხო გარემო არ აქვთ...

სხვათა შორის, სიმბოლური დამთხვევა მოხდა: როდესაც ამ მემორიალს ვასრულებდით, ბოლო აკორდები იყო და ფონიჭალაში, სკვერში შავებში ჩაცმული ბებო მოვიდა, იქვე სკამზე ჩამოჯდა, ქანდაკებას უყურა, არაფერი უკითხავს, არავის აუხსნია მისთვის არაფერი და მერე ცრემლები მოადგა. მივედი, გამოველაპარაკე - ცუდად ხომ არ ხართ, რამე ხომ არ გიჭირთ-მეთქი? - არაო, - მითხრა... მერე გავეცანი, ვინ ვიყავი, მაინტერესებდა ჩემს ნამუშევარზე რას ფიქრობდა და ამას სულ რამდენიმე სიტყვაში თავის ისტორია მოაყოლა. ერედვიდან აღმოჩნდა, სოფლიდან, რომელიც დღეს აღარ არსებობს, მიწასთანაა გასწორებული...

მერე, სიყვარულის ლირიკული ისტორია მიამბო, მერე სტუდენტობის პერიოდი გაიხსენა, ომის საშინელი დღეები, სიმწრით შეკოწიწებული სახლ-კარი, მთელი ცხოვრება რომ ქმნიდნენ და ერთ ღამეში რომ დატოვეს... გული დამეწვა. თურმე ახლა წეროვანში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, მეუღლე, აქეთ რომ გადმოსულან, მალე გარდაცვლილა, "შვილები ზამთარში მარტოს არ მტოვებენ და ფონიჭალაში მოვყავარო, ახლა სკვერში გამოვედი, არც ვიცოდი, რა იყო, მავთულხლართი რომ დავინახე, ყველაფერი გამიახლდაო..." - მითხრა.

მოკლედ, წართმეული ტერიტორიები ჩვენი დიდი ტკივილია. ადამიანური ტრაგედიაა, ოჯახები განადგურდა, ხალხი დაიღუპა, მთელი ცხოვრება დაკარგეს, მთელი სულიერი და მატერიალური სამყარო. იმედია იქაურობა საბოლოოდ არ დაგვიკარგავს. ვფიქრობ, რომ სიყვარული და ეს დამოკიდებლება აღადგენს ამას იმიტომ, რომ გასაყოფი არაფერია.

"ვნერვიულობდი, ბავშვი რომ სახლში არ მოდიოდა" - 10 წლის ბიჭი, რომელსაც გზა აებნა, პატრულმა სახლში დააბრუნა

ბათუმში კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა

რა არის ნიკოტინი და როგორ მოქმედებს ის ადამიანის ჯანმრთელობაზე?