ავტორი:

Facebook-ისა და Twitter-ის შემდეგ ტრამპის არხი YouTube-მაც დაბლოკა - რა ეტაპზეა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი

Facebook-ისა და Twitter-ის შემდეგ ტრამპის არხი YouTube-მაც დაბლოკა - რა ეტაპზეა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი

კომპანია YouTube-მა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არხი მინიმუმ ერთი კვირით დაბლოკა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ტრამპის მიერ YouTube-ზე ატვირთულმა ვიდეომ ძალადობის წახალისება გამოიწვია, რის გამოც ადმინისტრაციამ ვიდეო წაიშალა.

„ჩვენ წავშალეთ დონალდ ტრამპის არხზე ატვირთული ახალი კონტენტი და ძალადობის წახალისებასთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკის დარღვევის გამო არხი შევაჩერეთ”, - აცხადებენ კომპანიაში.

მათი განმარტებით, მინიმუმ მომდევნო 7 დღის განმავლობაში, ტრამპის არხზე ახალი ვიდეოების ატვირთვა შეუძლებელი იქნება.

„ეს დრო შეიძლება გახანგრძლივდეს,“ - განმარტავენ კომპანიაში.

რამდენიმე დღის წინ კომპანია Facebook-მა დონალდ ტრამპის ანგარიში "განუსაზღვრელი ვადით", Twitter-მა კი სამუდამოდ დაბლოკა.

ამასთან, Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მაიკ პენსს 25-ე შესწორების ამოქმედების გზით პრეზიდენტის გადაყენებისკენ მოუწოდებს.

სააგენტოს ცნობით, რეზოლუციის სასარგებლოდ ხმა პალატის 223-მა წევრმა მისცა, წინააღმდეგი კი 205 წავიდა.

რეზოლუცია ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ გამოიყენოს 25-ე შესწორების მე-4 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება, მოიწვიოს და მოახდინოს მთავრობის აღმასრულებელი დეპარტამენტების მთავარი ოფიცრების მობილიზება კაბინეტში, რათა განაცხადონ ის, რაც აშკარაა: რომ პრეზიდენტს არ შეუძლია თანამდებობით დაკისრებული მოვალეობების წარმატებით შესრულება.“

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვიცე-პრეზდენტმა მაიკ პენსმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ის 25-ე შესწორების ამოქმედების გზით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენების წინააღმდეგია.

„არ მიმაჩნია, რომ მოქმედების ასეთი კურსი ჩვენი ერის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს ან ჩვენს კონსტიტუციას შეესაბამება ”, - წერს პენსი.

რამდენიმე დღის წინ ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ თუკი ვიცე-პრეზიდენტი უარს იტყოდა 25-ე შესწორების ამოქმედებაზე, მაშინ წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტს იმპიჩმენტს გამოუცხადებდა.

თუ პალატის 435 წევრის უმრავლესობა ე.წ. ”იმპიჩმენტის მუხლებს” დაამტკიცებს, პროცესი სენატში გადაინაცვლებს, რომელიც სასამართლო მოსმენის მსგავს პროცესს გამართავს. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის დადანაშაულებისა და გადაყენებისთვის სენატის 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო.

„დემოკრატებმა“ წარმომადგენელთა პალატაში ოფიციალურად წარადგინეს რეზოლუციის პროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. ტრამპს 6 იანვარს კაპიტოლიუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით „ამბოხის წაქეზებაში“ ადანაშაულებენ. დოკუმენტში მოთხოვნილია, რომ მოქმედ პრეზიდენტს გამოეცხადოს იმპიჩმენტი, მომავალში კი მას აეკრძალოს ნებისმიერი არჩევითი თანამდებობის დაკავება.

ამასთან, ოთხი ამერიკელი კონგრესმენი აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს.

წარმომადგენელთა პალატის წევრმა ლიზ ჩეინიმ, რომელიც აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის ქალიშვილია, განაცხადა, რომ აშშ-ის ისტორიაში არცერთ პრეზიდენტს საკუთარი თანამდებობისა და კონსტიტუციის წინაშე დადებული ფიცის მიმართ მსგავსი მასშტაბის ღალატი არ ჩაუდენია.

„მან 6 იანვარს კაპიტოლიუმში მოიწვია და შეკრიბა ეს ბრბო და ამ თავდასხმის ალი გააჩაღა. მე პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დავუჭერ,“ - ნათქვამია ლიზ ჩეინის განცხადებაში.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კიდევ სამი „რესპუბლიკელი“ წევრი, რომლებიც დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების სასარგებლოდ ხმის მიცემას აპირებენ ჯონ კატკო, ადამ კინზინგერი და ფრედ აპტონია.

თავად დონალდ ტრამპი მისი იმპიჩმენტის შესახებ მოწოდებებს ისტორიაში კუდიანებზე ყველაზე დიდ ნადირობას უწოდებს. მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცედურა არამარტო მას, არამედ, მთლიანად ამერიკას უქმნის საფრთხეს.

"ეს ყველაფერი უზარმაზარ რისხვას იწვევს. ეს პოლიტიკის ისტორიაში კუდიანებზე ყველაზე დიდი ნადირობაა“, - განაცხადა მან.

ტრამპი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობის წინ წარმოთქმული მისი სიტყვა სრულიად მართებული იყო. კერძოდ, კითხვაზე, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას მომხდარი ძალადობის გამო, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მისი კომენტარი "სავსებით მართებული" იყო.

”მათ გაანალიზეს ჩემი გამოსვლა და ჩემი ბოლო აბზაცი, ჩემი ბოლო წინადადება და ყველამ მიიჩნია, რომ ის სავსებით მართებულია”, - განაცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, 6 იანვარს ვაშინგტონში გამართულ აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს დონალდ ტრამპმა მოუწოდა ებრძოლათ და “არჩევნების მოპარვის“ შესაჩერებლად საკუთარი ძალა ეჩვენებინათ. აღნიშნული მოწოდების შემდეგ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. ამის შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც შენობაში შეჭრილებს შინ წასვლისკენ მოუწოდა, თუმცა მას ძალადობა არ დაუგმია და განაცხადა : "ჩვენ თქვენ გვიყვარხართ. თქვენ ძალიან განსაკუთრებულები ხართ".

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაცია - პირდაპირი ეთერი ვაშინგტონიდან

დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრი სახლი დატოვეს - რა ფოტოები ვრცელდება ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე

კუნძული იტალიაში, რომელსაც ტურისტები პანდემიის დროსაც სტუმრობდნენ, თუმცა კორონავირუსი იქ მხოლოდ 12 მცხოვრებს აღმოაჩნდა