ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის... ამ გადაწყვეტილების შესახებ მან საზოგადოებას წერილობით ამცნო ისევე, რა ფორმითაც პოლიტიკაში მისი მოსვლა გახდა ცნობილი. "ქართული ოცნების" ლიდერი სიამაყით ამბობს, რომ მისია შესრულებულია, ქვეყანა სწორ რელსებზე დააყენა და შექმნა ისეთი გუნდი, რომელსაც ქვეყნის მართვას იმედიანად აბარებს. "მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულიად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე - საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები... პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი", - ამბობს ივანიშვილი წერილში, თუმცა ეპიდემიისა და კრიზისების პიკში მყოფი ქვეყნის ლიდერის ეს ნაბიჯი ოპოზიციამ ღალატად, ბრძოლის ველიდან და პასუხისმგებლობისგან გაქცევად შეაფასა. მეტიც, მათ სკეპტიკურად მიიღეს "ქართული ოცნების" ფუძემდებლის პოლიტიკიდან წასვლა.
რეალურია თუ არა ეს წასვლა, ძნელი სათქმელია, ვინაიდან საზოგადოებას მანამდეც ახსოვს ივანიშვილის ერთხელ წასვლაც და მეორედ მოსვლაც.
კერძოდ, ბიზნესმენი და მეცენატი პირველად პოლიტიკაში 2012 წელს მოვიდა, 2013 წლის 20 ნოემბერს კი დატოვა პრემიერის თანამდებობა და სამოქალაქო სექტორში გადავიდა. მან მაშინაც გაავრცელა ღია წერილი, სადაც ამბობდა, რომ მისი მთავარი მისია - "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების შეცვლა, შესრულებული იყო, ძალიან კარგ გუნდს ტოვებდა და პოლიტიკაში შემოსვლას საერთოდ აღარ აპირებდა. წასვლიდან ორი წლის შემდეგ მან განაცხადა, რომ იგი პოლიტიკაში მას შემდეგ დაბრუნდებოდა, თუ რაღაც საოცრება მოხდებოდა და ამის საჭიროება იქნებოდა. 2018 წელს, როცა გუნდს და ქვეყანას გაუჭირდა, ისევ მოვიდა - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გახდა. მეორედ მოსვლას მეორედ წასვლა მოჰყვა და წერილით მოსული, ისევ პოლიტიკური ეპისტოლეთი წავიდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" დაამარცხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ხელისუფლებაში მოვიდა.2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და ისევ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გახდა.
"რადგან ქართველ ხალხს სიტყვას ვაძლევ, რომ მოვალ ხელისუფლებაში, ე.ი. აუცილებლად მოვალ! ხოლო როცა ეს მოხდება, იმასაც გპირდებით, რომ მთელ ჩემს გამოცდილებას, ჩემს ყველა რესურსს საქართველოს აღორძინებასა და აყვავებას, საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას მოვახმარ.ამასთან ერთად, იმასაც გპირდებით, რომ ვიქნები სამართლიანი, ობიექტური, ლმობიერი, ჰუმანური და, ამავე დროს, უკიდურესად პრინციპული, მკაცრი და მომთხოვნი თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურების ამა თუ იმ უბანზე მოუწევს მუშაობა".
"რატომ მოვედი პოლიტიკაში? ბევრი სვამს კითხვას და ბევრს უკვირს, მე, წარმატებულმა ბიზნესმენმა, ყოველმხრივ უზრუნველყოფილმა ადამიანმა, რატომ შევაგდე ყველაფერი სასწორზე და რატომ გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა?ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია, იმიტომ, რომ ვხედავ, სამშობლო მეკარგება, ხოლო როდესაც სამშობლო გეკარგება, არაფერს აქვს ფასი, არც ქონებას, არც ფულს, არც პრივილეგირებულ მდგომარეობას".
"საჭირო და აუცილებელია, პირველყოვლისა, შეიცვალოს პოლიტიკური გარემო ქვეყანაში, შეიცვალოს ზოგადად პოლიტიკოსის და პოლიტიკის არსის და დანიშნულების გაგება ჩვენს ცნობიერებაში.მე მოვდივარ პოლიტიკაში არა ვინმეს დასამარცხებლად, არა ვინმეზე შურის საძიებლად, არამედ - საქართველოს თითოეული მოქალაქის გასამარჯვებლად.მე ვაპირებ სრულიად ახლებური მიდგომით და პერსპექტივაზე ორიენტირებული გათვლებით ცხოვრება გავუადვილო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს".
მაშინაც, ისევე როგორც დღეს, გაჩნდა ეჭვი მისი პოლიტიკიდან რეალურად წასვლასთან დაკავშირებით და სკეპტიკურად განწყობილები ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ იგი არაოფიციალურ და კულუარულ მმართველად დარჩებოდა.
"მე არასოდეს ვმართავ კულისებიდან, მე ამას არ ვაკადრებ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ გუნდს"
"ახლა, როცა უკვე პოლიტიკიდან წავედი, მინდა, ვუპასუხო იმ ბოლო აბსურდს, რომ თითქოს კულუარებიდან მინდა, ვმართო ქვეყანა და გავლენა მოვახდინო ხელისუფლებაზე. და როცა გავლენაზე მიანიშნებენ, სამწუხაროდ, პოლიტიკაში ორწლიანი მოღვაწეობისას ჩამოვაყალიბეთ გუნდი, რომელიც კარგად მიცნობს, უამრავი ადამიანი გავიცანი, უამრავს დავუმეგობრდი, ძალიან ბევრი ხშირად მაკრიტიკებს კიდეც, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ მე ორმაგი სტანდარტით ვცხოვრობ და ვმუშაობ. ერთ ეპიზოდსაც კი ვერ გაიხსენებს ვერავინ, რომ მე რაღაც კულუარულ თამაშებში ვერთვებოდი. პირიქით, ზოგჯერ ჩემივე გუნდის წევრები სწორედ "კულუარებში" მაკრიტიკებდნენ პოლიტიკოსისთვის ზედმეტი გულახდილობისა და საჯაროობისთვის. ნებისმიერი ჩვენი გუნდის წევრი, ნებისმიერი მინისტრი მაქსიმალურად თავისუფალი იყო, მე მათ არასოდეს თავს არ ვახვევდი არაფერს, მხოლოდ მსჯელობისა და საღი აზრის პატივისმცემელი ვარ. ასეთია ჩემი მუშაობის წესი. მე არასოდეს არ ვმართავ კულისებიდან, მე ამას არ ვაკადრებ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ გუნდს, რომელსაც უაღრესად დიდ პატივს ვცემ. ამიერიდან მე ვიქნები საზოგადოების აქტიური წევრი, ჩემი საქმიანობა იქნება სრულიად გამჭვირვალე და, რა თქმა უნდა, მექნება გარკვეული გავლენაც. ამასთანავე, მე ამ გავლენას არათუ სათაკილოდ ვთვლი, არამედ - ძალიანაც შევეცდები მის გაზრდას. სხვანაირად როგორ შეიძლება იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი? მხოლოდ უარყოფით კონტექსტს გულისხმობენ". გააგრძელეთ კითხვა