ავტორი:

შეთქმულების თეორიები ეშმაკზე, კანიბალ ლიდერსა და დონალდ ტრამპზე, რომელმაც ხალხი უნდა "იხსნას" - რა არის მოძრაობა QAnon და ვინ დგას მის უკან?

შეთქმულების თეორიები ეშმაკზე, კანიბალ ლიდერსა და დონალდ ტრამპზე, რომელმაც ხალხი უნდა "იხსნას" - რა არის მოძრაობა QAnon და ვინ დგას მის უკან?

QAnon - ასე ჰქვია მოძრაობას, რომლის მიმდევრებსაც სჯერათ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აწარმოებს საიდუმლო ომს სატანის თაყვანისცემელი პედოფილებისა და მათი მფარველების წინააღმდეგ, რომლებიც მათივე თქმით, მრავლად არიან შეერთებული შტატების მთავრობაში, ბიზნესსა და მედიაში. მოძრაობის მხარდამჭერები ულტრა მემარჯვენეები არიან, რომლებსაც სჯერათ, რომ მსოფლიოს მართავს სატანის მოციქული კანიბალი, რომელიც ხელმძღვანელობს გლობალური მასშტაბით ბავშვთა ტრეფიკინგის ქსელს, ტრამპი კი მასთან მებრძოლია.

QAnon-ის შეთქმულების თეორიის მიხედვით, სატანის მიმდევართა ჯგუფი დაკავებულია ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციით და ასევე თვლიან, რომ ისინი ბავშვების სისხლით მარადიული ახალგაზრდობის ელექსირს ამზადებენ.

ცნობილი "რქიანი შამანი", QAnon-ის მიმდევარი 6 იანვარს კაპიტოლიუმში

მოძრაობის მიმდევრები ამბობენ, რომ მალე იქნება განკითხვის დღე, რომელსაც თავად "ქარიშხალს“ უწოდებენ და ამ დღეს ეშმაკის ათასობით მოციქულს დააპატიმრებენ. მათ შორის, ლიბერალ ჰოლივუდელ მსახიობებს, "დემოკრატების“ წარმომადგენლებს და მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, რომლებიც ეშმაკის მოციქულის მიმდევრები არიან.

სჯერათ, რომ "ქარიშხლის“ დროს ეშმაკის ათასობით მიმდევარს გუანტანამოს ციხეში ჩასვამენ, ან სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარადგენენ, ძალაუფლებას სამხედროები აიღებენ ხელში, შედეგი კი იქნება ხსნა და უტოპია დედამიწაზე. მოძრაობის მხარდამჭერების მთავარი სამიზნე ჰილარი კლინტონი, ბარაკ ობამა და ჯორჯ სოროსი არიან. როგორც BBC წერს, ეს არის ძირითადი თეორია, თუმცა არსებობს კიდევ უამრავი შეთქმულების თეორია, რომლისაც ამ მოძრაობის მიმდევრებს სჯერათ - "სია უზარმაზარია და თეორიები ხშირად წინააღმდეგობრივი", - წერს გამოცემა.

  • საიდან დაიწყო ყველაფერი?

წლებია, რაც ბავშვთა ტრეფიკინგზე, ეშმაკის მმართველობაზე, კანიბალ ლიდერზე საზოგადოებაში არსებობს შეთქმულების თეორიები, თუმცა მოძრაობა QAnon-ის ჩამოყალიბების თარიღად 2017 წლის ოქტომბერი მიიჩნევა, როდესაც ანონიმურმა მომხმარებელმა შეტყობინებების ინტერნეტპლატფორმაზე - 4chan განათავსა შეტყობინებების მთელი სერია და დატოვა ინიციალი "Q". დღეს აღნიშნული მომხმარებელი ცნობილია სახელით - Q Clearance Patriot.

მის მიერ დატოვებულ შეტყობინებებს "Q drops"-ს უწოდებენ. ის და მისი მხარდამჭერები ხშირად აქვეყნებენ დაშიფრულ წერილებს, რომლებიც, როგორც წესი, დონალდ ტრამპის მხარდასაჭერია ხოლმე.

QAnon-ის მიმდევრები 6 იანვარს, კაპიტოლიუმში

მოძრაობის მიმდევრები სოციალურ მედიაში იყენებენ ჰეშთეგს #WWG1WGA, რაც ასე იშიფრება - "Where We Go One, We Go All“ (სადაც მიდის ერთი, მიდის ყველა).

FBI-მ მოძრაობა შიდა ტერორიზმის წყაროდ დაასახელა.

  • ვინ დგას QAnon-ის უკან?

ამ საკითხზე არ არსებობს ზუსტი პასუხი. როგორც CBSnews წერს, შესაძლოა, მოძრაობის უკან იდგეს ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, მაიკლ ფლინი. ზოგიერთს სჯერა, რომ მოძრაობის უკან თავად პრეზიდენტი ტრამპი დგას. CBS-ის ცნობით, არსებობს კიდევ ერთი თეორია, რომლის მიხედვითაც, ჯონ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი ცოცხალია და ახლა ის ფარულად საზოგადოებას შეტყობინებებს უგზავნის. ოფიციალურად სამართალდამცველთა მიერ მოძრაობის ფუძემდებლები გამოვლენილნი არ არიან.

ტრამპის მხარდამჭერი QAnon-ის მაისურით
  • ვის სჯერა QAnon-ის შეთთქმულების თეორიების?

შეთქმულების თეორიებს ასობით ათასი მიმდევარი ჰყავდა სოციალურ ქსელებში - Facebook-ზე, Twitter-ზე, Reddit-სა და YouTube-ზე, კორონავირუსის პანდემიის დროს კი მათმა რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატა.

მოგვიანებით სოციალური ქსელების ხელმძღვანელებმა გაამკაცრეს წესები და მოძრაობასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში წაშალეს. მაგრამ სხვადასხვა კვლევები მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ არსებობს უამრავი ანგარიში, რომელიც QAnon-თანაა დაკავშირებული და უფრო მეტიც, მილიონობით ადამიანს სჯერა მოძრაობის მიერ შეთავაზებული რამდენიმე თეორიის მაინც.

დასავლურ მედიაში შეთქმულების თეორიებს ახასიათებენ, როგორც უსაფუძვლოს. QAnon-ის მომხრეთა ლექსიკა სავსეა რელიგიურ კონცეფციებთან და აპოკალიფსთან დაკავშირებული ტერმინებით. ისინი საუბრობენ "ქარიშხალსა“ და "დიდ გამოღვიძებაზე“. დონალდ ტრამპს განიხილავენ, როგორც "არაჯეროვან ქრისტიანს“ (ან ნაკლოვან ქრისტიანს), თუმცა ამავდროულად, მას ღვთისგან მოვლენილ მესიას უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ QAnon-ის მოძრაობა აშშ-ში დაიწყო, თუმცა ახლა შტატებს გარეთაცაა ფართოდ გავრცელებული, განსაკუთრებით კი ევროპაში.

  • რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებაზე?

მოძრაობის მხარდამჭერები იყენებენ ჰეშთეგებს და კოორდინირებულად აყენებენ შეურაცხყოფას სოციალურ ქსელებში იმ ადამიანებს, რომლებსაც თავად ბოროტებად და სატანის მოციქულებად მიიჩნევენ. მათი სამიზნე როგორც წესი, არიან პოლიტიკოსები, ვარსკვლვები, ჟურნალისტები, რომლებსაც ისინი პედოფილების მფარველებად ასახელებენ.

როგორც სოციალური ქსელების ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, საფრთხე გაცილებით დიდია, ვიდრე მხოლოდ ონლაინ თავდასხმა ამა თუ იმ ადამიანზე. მაგალითად, Twitter-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოძრაობამ, მათი მიმდევრების აზრებმა შესაძლოა, საშიში სახე მიიღოს ინტერნეტს მიღმა, რეალურ ცხოვრებაშიც. აღნიშნულის დამადასტურებელი ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა 2018 წელს მოხდა, როდესაც მძიმედ შეიარაღებულმა მამაკაცმა ჰუვერის ხიდი გადაკეტა. ის QAnon-ის სახელით მოქმედებდა. მამაკაცი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.

Qanon-ის მიმდევართა მთავარი სლოგანი

2020 წლის სექტემბერში A Pew Research Center-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის თითქმის ნახევარს სმენია QAnon-ის შესახებ, ხოლო იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ამ მოძრაობის შესახებ სმენიათ, მეხუთედს პოზიტიური შეხედულებები აქვს მათი თეორიებისადმი.

როგორც BBC წერს, სჯერათ, რომ Qanon-ი ქმნის საფუძველს დონალდ ტრამპის მხარდამჭერებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ QAnon-ის ერთ-ერთი ღიად მხარდამჭერი ჯორჯიის შტატიდან, მარჯორი ტეილორ გრინი, ნოემბერში აშშ-ის კონგრესმენად აირჩიეს.

QAnon-ის ბანერით დონალდ ტრამპის მხარდამჭერი
  • გაუქმებული 70 000 ანგარიში Twitter-ზე

ბოლო დღეებია, რაც სოციალური ქსელების ადმინისტრაციები განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენენ QAnon-ის მიმდევართა ანგარიშების მიმართ. მაგალითად, "ტვიტერმა" აღნიშნულ მოძრაობასთან დაკავშირებული 70 000-მდე ანგარიში წაშალა სოციალური ქსელიდან. მოძრაობის წარმომადგენელთა მიმართ ზომები განსაკუთრებით მას შემდეგ გამკაცრდა, რაც აღმოჩნდა, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმში შეჭრილ ადამიანებს შორის ამ მოძრაობის წარმომადგენლებიც იყვნენ.

სტატია მომზადებულია Wikipedia-ში გამოქვეყნებულ მასალებზე, cbsnews.com-სა და BBC.com-ზე დაყრდნობით.

რუსულმა ვაქცინამ კორონავირუსის წინააღმდეგ 91.6%-იანი ეფექტურობა აჩვენა - მედია

"ცუდო გოგო, ამბობენ, რომ საზოგადოებრივ წესრიგს არღვევ, ვამაყობ შენით!" - ნავალნის მიმართვა ცოლს და სასამართლო პროცესი დაკავებების ფონზე

კორონავირუსის ბრიტანულმა ვარიანტმა კვლავ მუტაცია განიცადა - რა არის ცნობილი ვირუსის კიდევ ერთი ახალი ვერსიის შესახებ