ჩინეთში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის ბოლო 5 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევების ზრდა ახალ, ხებეის პროვინციაში გაჩენილ კლასტერს უკავშირდება.
გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევებიდან 90 ხებეის პროვინციაში გამოვლინდა. პროვინციის გუბერნატორის სიუ ძიანპეის თქმით, სამ ქალაქში: შიძიაჯუანში, სინთაისა და ლანფანში მოსახლეობის მასობრივი ტესტირების პროგრამის მეორე რაუნდი იწყება. აღსანიშნავია, რომ პროგრამის პირველი ნაწილი კვირას დასრულდა და მის ფარგლებში კოვიდ 19-ზე ტესტი 17 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.
ჩინეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსით ინფიცირების 87 706 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 4 634 ადამიანი.