აშშ-ში არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე სულ ცოტა დრო რჩება, ქვეყანაში კი "რესპუბლიკელებსა" და "დემოკრატებს" შორის დაძაბულობა კულმინაციას აღწევს. "დემოკრატებმა” დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროექტი წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს. შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ოპერატიული ინფორმაციის თანახმად კი, თუ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი შედგება და მას პრეზიდენტის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ, შესაძლოა, ამას შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვეს.
FBI-ზე დაყრდნობით ამერიკული მადიასაშუალებები, მათ შორის, ABC ავრელებს ინფორმაციას, რომ ვითარების გამწვავება მოსალოდნელია 16 იანვრიდან, ვინაიდან ფედერალურ ბიუროს აქვს ცნობები იმის შესახებ, რომ შეიარაღებული ჯგუფები გეგმავენ შეკრებას სხვადასხვა ქალაქში, ასევე ვაშინგტონშიც ინაუგურაციის წინ.
როგორც BBC წერს, ინაუგურაციისთვის, რომელიც 20 იანვრისთვისაა დაგეგმილი, ყოველივეს გათვალისწინებით, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებს მიიღებენ და ამ მიზნით, შესაძლოა, ეროვნული გვარდიის 15 000 ჯარისკაცი გამოიყვანონ. როგორც თავად ჯო ბაიდენი აცხადებს, მას არ ეშინია დადოს ფიცი კაპიტოლიუმის გარე პერიმეტრზე.
ამასთან, უსაფრთხოების ოფიცრები დარწმუნებულნი არიან, რომ აღარ განმეორდება ის, რაც 6 იანვარს და კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრას ვერავინ შეძლებს.
ABC News-ის ცნობით კი, გამოძიების ფედერალური ბიუროს აქვს ინფორმაცია შეიარაღებულ ჯგუფზე, რომელიც ვაშინგტონში 16 იანვარს გეგმავს არეულობის მოწყობას. დაგეგმილია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დარბევა.
სააგენტო "როიტერსის“ ცნობით, FBI აფრთხილებს ყველა შტატის დედაქალაქს, რომ მიიღონ უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები ინაუგურაციამდე სულ მცირე სამი დღით ადრე. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ტრამპის მხარდამჭერების შეტევა კაპიტოლიუმზე ვნახეთ და მედიის ყურადღება უფრო მეტად ამ ფაქტმა მიიპყრო, მსგავსი შემთხვევები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც დაფიქსირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღე რჩება, "დემოკრატები" თვლიან, რომ ტრამპმა თეთრ სახლში ეს დღეებიც არ უნდა გაატაროს, რადგანაც მისი პრეზიდენტობა ამერიკისთვის, მისი კონსტიტუციისთვის საფრთხის შემცველია.
ამიტომაც, "დემოკრატებმა“ წარმომადგენელთა პალატაში ოფიციალურად წარადგინეს რეზოლუციის პროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. ისინი ტრამპს "ამბოხის წაქეზებაში“ ადანაშაულებენ, რაც დაკავშირებულია მის როლზე იმ არეულობაში, რომელიც გასულ კვირას კაპიტოლიუმში დაფიქსირდა.
იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუციას წარმომადგენლობითი პალატა მიმდინარე კვირის ბოლოს უყრის კენჭს. დოკუმენტში მოთხოვნილია, რომ მოქმედ პრეზიდენტს გამოეცხადოს იმპიჩმენტი, მომავალში კი მას აეკრძალოს ნებისმიერი არჩევითი თანამდებობის დაკავება.
ყოველივეს ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში 11-დან 24 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. "დღეს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოლუმბიის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და 2021 წლის 11 იანვრიდან 24 იანვრამდე, პრეზიდენტის ინაუგურაციის შედეგად შექმნილი საგანგებო პირობების გამო, ოლქისთვის ფედერალური დახმარების გაწევის განკარგულება გასცა,“ - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართა. არჩევნებში გამარჯვება "დემოკრატების" კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა მოიპოვა. მისი გამარჯვება უკვე ოფიციალურადაა გაფორმებული, ასევე ბაიდენმა მიიღო მილოცვები მსოფლიოს ლიდერი ქვეყნებისგან. ყოველივეს ფონზე, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ის შედეგებს არ ეთანხმება. ტრამპმა მხოლოდ 6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ განაცხადა, რომ ის ძალაუფლებას გადააბარებდა ბაიდენს, თუმცა კვლავ აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგს არ ეთანხმება.
მომზადებულია BBC.com-ის მიხედვით