ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერის სუმია სვიმინატანის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს, კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა 2021 წელს ვერ მოხდება.
მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით წარმოებასა და გამოყენებას, რაც კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლადაა საკმარისი, გარკვეული დრო სჭირდება.
"კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად საკმარისი რაოდენობის დოზის წარმოებისა და გამოყენებისთვის დრო არის საჭირო. ვსაუბრობთ არა მილიონებზე არამედ მილიარდებზე," - განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა და მოსახლეობას მოთმინების გამოჩენისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, სულ მცირე წლის ბოლომდე აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების დაცვა, რომლის მიზანი ვირუსის გავრცელების შეჩერებაა.
Worldometers-ის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 91 მილიონს გადააჭარბა.
მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 1.95 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 65 მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 24 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - დიდი ბრიტანეთია.