თუ რამე სახელმწიფოში არ შეიძლება ანდო ვინმეს, ეს არის ირაკლი კობახიძე, - ამის შესახებ პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. ამით ის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის წარდგენას გამოეხმაურა.
გოგიჩაიშვილის შეფასებით, ის არასტაბილური, ემოციური და პრობლემური ადამიანია.
„ირაკლი კობახიძეზე წერს, რომ ის არის ძალიან სტაბილური ადამიანი და მას არაფერი მონდომებია. ირაკლი კობახიძე რითაც დაგვამახსოვრდა ის იყო, რომ სიით დარბოდა ივანიშვილთან და ჩვენზე ეუნებოდა - ამ ხალხს ვერ ვაკონტრლებთ, თავისუფლების ხარისხით გამოირჩევიან, ვიღაცებზე ზრუნავენ, საქმის კეთება უნდათ და საერთო ინტერესებში არ სხედანო. თუ რამე სახელმწიფოში არ შეიძლება ანდო ვინმეს, ეს არის ირაკლი კობახიძე. იმიტომ, რომ ეს არის არასტაბილური, ემოციური, პრობლემური ადამიანი. ეს არის ასანთით ხელში ოთახში მარტო დატოვებული ბავშვი“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
კითხვაზე, წავიდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან, გოგიჩაიშვილი პასუხობს, რომ "ამის ფაქტობრივი მტკიცებულება არ არსებობს".
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად წავიდა პოლიტიკიდან და აღარ აინტერესებს რა ხდება, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მინისტრთა კაბინეტის ნახევარს ხვალვე გაათავისუფლებს თანამდებობებიდან.
გოგიჩაიშვილის განმარტებით, ხელისუფლებიდან წასვლა იმას ნიშნავს, რომ მიზიდულობის ცენტრი სხვაგან ჩნდება, თუმცა ასეთი სხვა მიზიდულობის ცენტრი დღეს ქართულ პოლიტიკაში არ არის.
„ხელისუფლებიდან რეალური წასვლა ნიშნავს, რომ მიზიდულობის ძალის ცენტრი შენ აღარ ხარ და სხვაგან ჩნდება ძალის ცენტრი, ეს ხელისუფლების ანაბანაა. ბუნებრივია, არ არსებობს ეს ძალის ცენტრი, გამომდინარე იმ მოზაიკიდან, რაც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. ჩვენ დღეს ვნახეთ წერილი, რომელშიც არის მის კომფორტზე საუბარი, მან როგორ დაალაგა ყველაფერი სათავისოდ, იქ არაფერი არ წერია ხვალინდელ დღეზე, იქ წერია, რომ ეს შეძლო სათავისოდ. პირველ და მეორე წასვლას შორის თუ დაიწყებთ პარალელის გავლებას, განსხვავება არის კომფორტის სივრცე - იქ არაფერი არ იყო ისეთი, რაც მას კომფორტს შეუქმნიდა, დღეს ყველაფერი ამის მომასწავებელია, სასამართლო, პარლამენტი, მთავრობა, კონიუნქტურული ბიზნესი და თვითმმართველობა.
წავიდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან, ამის ფაქტობრივი მტკიცებულება არ არსებობს. თავის დროზე რომ წავიდა ერთ-ერთი რომის იმპერატორი დიოკლიტიანე, ბოსტანში კომბოსტოს ზრდიდა, ასე წავიდა ივანიშვილი? აღარ აინტერესებს რა ხდება სადღაც? თუ ეს აღარ აინტერესებს, მაშინ ხვალვე გახარია „დაბერტყავს“ ნახევარ მთავრობას.
მე კარგად ვიცი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ბუნება და მე ამას ვერ შევეგუე, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს ამორალური მმართველობა იყო, როდესაც ეს იყო მორგებული სინდიკატის ფსიქოლოგიაზე და ეს არ იყო ინსტიტუციური მოწყობა, სადაც პარლამენტი და სასამართლო და მთავრობა ერთმანეთთან კანონის ფორმით ურთიერთობს. მთელი ეს ინსტიტუტები არის მის და მის ბიზნეს ინტერესებზე მორგებული“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ დღესვე პარტიამ თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა.