19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი ახლოურის ადვოკატის, თამარ გაჩეჩილაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დანა ძაღლს მოუქნია, რომელიც ძმას მოხვდა. აღნიშნულის შესახებ გაჩეჩილაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით ბრალდებულმაც ისარგებლა და განაცხადა, რომ ძმის მკვლელობის არანაირი განზრახვა არ ჰქონია, მათ შორის, არც მისთვის ზიანის მიყენების.
„ჩვენ სასამართლოს გირაოს სახით 5 000 ლარი შევთავაზეთ, თუმცა, ისიც დავაფიქსირეთ, რომ სასამართლო თანხის ოდენობაში შეზღუდული არ იყო და შეეძლო თავისი შეხედულების მიხედვით გაეზარდა გირაოს ოდენობა. სამწუხაროდ, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ გიორგის პატიმრობა შეუფარდა, სასამართლო პროკურატურის გავლენის ქვეშ მოექცა. გიორგის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების არანაირი საფრთხე არ არსებობდა. ჩვენება ვისაც მიცემული აქვს, ყველა ამბობს, რომ შემთხვევითობას ჰქონდა ადგილი. მიმალვას რაც შეეხება, თავად დარეკა გიორგიმ სასწრაფოში, პოლიციას მან გაუღო კარი. მკაცრი სასჯელის შიშით მიმალვის შესაძლობლობა არ არის მყარი არგუმენტი, რომ პატიმრობა იყოს გამოყენებული. გიორგიმ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ არანაირი განზრახვა ძმის მკვლელობის არ მქონია, არც დაზიანების მიყენების, არც მეგონა, რომ დანა მას მოხვდაო. ოჯახში ჩხუბი, აგრესიული საუბარი რომ ყოფილიყო, მამამისს ეძინა და ხომ გაიღვიძებდა? არაფერი გაუგია. ძმებს შორის პატარა წაკამათებისას, ძაღლმა დაიწყო ყეფა, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნოდა, ის მიშას გამოესარჩლა და მის მხარდასაჭერად გიორგისკენ გაექანა, რა დროსაც გიორგიმ იფიქრა, რომ მის ძმას გააბრაზებდა და ძაღლს მოუქნია დანა, ძაღლისთვის მოქნეული დანა ძმას მოხვდა“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ და იქვე დასძინა, რომ ბრალდებულს არც ძაღლის მოკვლის მცდელობა ჰქონია.
თამარ გაჩეჩილაძე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.
ცნობისთვის, 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 21 წლის გიორგი ახლოურს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გიორგი ახლოურმა 19 წლის ძმას, მიშა ახლოურს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გიორგი ახლოურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკევთას ითვალისწინებს.