ავტორი:

"დირექტორი მქვია, მაგრამ ბევრ რამეს ჩემი ხელით ვაკეთებ..." - ცნობილი პროექტების დეკორატორი, რომელსაც ყოველ წელს თბილისის საახალწლო მორთულობას ანდობენ

"დირექტორი მქვია, მაგრამ ბევრ რამეს ჩემი ხელით ვაკეთებ..." - ცნობილი პროექტების დეკორატორი, რომელსაც ყოველ წელს თბილისის საახალწლო მორთულობას ანდობენ

ულამაზესი იყო შარშან საახალწლოდ ორბელიანის მოედანი, ათონელის ქუჩა, სადაც ადამიანები სპეციალურად მიდიოდნენ, რომ ფოტოები გადაეღოთ. იმ სილამაზის ავტორი ვანო ჭელიძე და მისი გუნდი იყო... ვანოს ნახელავი ბევრჯერ, ბევრგან უნახავთ, მოსწონებიათ, მაგრამ მასობრივად არ იცნობენ, რადგან საჯაროდ გამოჩენას ყოველთვის გაურბის. მიაჩნია, რომ მისი საქმე მხოლოდ სხვების გახარებაა და ამისთვის კადრს მიღმა, თუ კულისებში თავდადებული შრომაა საჭირო. როცა მუშაობს, არადა, სულ მუშაობს, მაქსიმალურად იხარჯება და გუნდიც ასეთივე ჰყავს.

წელს პარლამენტთან მთავარი ნაძვის ხე დადგა. სანამ ამაზე ვისაუბრებდეთ, ცოტა შორიდან დავიწყებ, რადგან ვანო ჭელიძემ ინტერვიუს ჩასაწერად ექსკლუზიური შანსი მომცა.

ის სოხუმში დაიბადა, ბავშვობიდან მხატვრობით იყო გატაცებული, მაგრამ ისე მოხდა, რომ არქიტექტურული ფაკულტეტის ნაცვლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიურზე ჩააბარა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა იქვე კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დაიწყო, სადაც თსუ-ს ღონისძიებებს მხატვრულად აფორმებდა. მოგვიანებით, მის მიერ შექმნილი დეკორაციებითა და დიზაინით არაერთი ხელოვანი დაინტერესდა. 90-იან წლებში სატელევიზიო პროექტებისთვის სტუდიების მომზადებაში აქტიურად ჩაერთო. 2003 წელს მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა სატელევიზიო გადაცემა "ღამის შოუ დავით გოგიჩაიშვილთან ერთად".

2007 წლიდან ამერიკელ კონსულტანტებთან თანამშრომლობით, დავით გოგიჩაიშვილთან და ირაკლი კაკაბაძესთან ერთად, "ღამის შოუ სტუდია" დაარსდა. სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო ვანომ დეკორაციების მომზადება სხვადასხვა გადაცემისთვის - "შაბათის შოუ", "კომედი შოუ" და სხვ. მასტერკლასებს გადიოდა ამერიკულ სატეველიზიო კომპანიებში: Warner Brothers, CBS, NBC, სადაც ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა და სატელევიზიო სტუდიებისთვის დეკორაციის მომზადების სპეციფიკის შესწავლა. 2007 წლიდან მისი მონაწილეობით პოპულარული სერიალი "შუა ქალაქში" დაიწყო, რასაც სატელევიზიო სივრცეში არაერთი მაყურებლისთვის საყვარელი პროექტის ჩაშვება მოჰყვა...

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

ვანოსთან საუბარს აფხაზეთის თემით ვიწყებ. ეს მისთვის მძიმე საკითხია. "ერთი სული მაქვს, ნაძვის ხეს სოხუმში როდის დავდგამ" - ამბობს მხატვარ-დეკორატორი. თუ რატომ ნაძვის ხე, იმიტომ, რომ ბოლო წლებია, თბილისის საახალწლო გაფორმებაში აქტიურად არის ჩართული.

"სამწუხაროა, რომ ბოლო დროს მივიწყებას მიეცა აფხაზეთის თემა, მაგ მიმართულებით არავინ აქტიურობს. რა ხდება იქ, ქართველებმა არ ვიცით... ცოტა ხნის წინ ვუყურე, აფხაზეთში ახალ წელს როგორ შეხვდნენ. სევდიანი იყო," - გვეუბნება რესპონდენტი...

- როგორც ჩანს, ხელოვნების სიყვარულმა მაინც თავისი გაიტანა და დღეს მოთხოვნადი სპეციალისტი ხარ... რა განაპირობებს ამას?

- უბრალოდ, საქმეს ზედაპირულად არ ვუდგები. რასაც ვაკეთებ, მინდა, ბოლომდე დავიხარჯო. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ არის, პროფესიონალიზმმა უკან გადაიწია და "ხალტურამ" თავი წამოყო...

- თვლა არ აქვს პროექტებს, ღონისძიებებს, რაზეც თუნდაც ბოლო 20 წლის მანძილზე გიმუშავია...

- კი, ბევრია... ჩემთვის მუშაობისას მთავარია, ყველაფერი ქართულ ხასიათში შევქმნა და მინდა, სულ ახალ-ახალი იდეა იყოს...

- ვიცი, რომ უნვერსიტეტის "კავეენის" გუნდში თამაშის გამოცდილებაც გაქვს... იქ როგორ აღმოჩნდი?

- მაშინ, იმ ბნელ პერიოდში უნივერსიტეტი ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. ამიტომ, სულ ჩართული ვიყავი სტუდენტურ აქტივობებში. იქ ყოველთვის საკმაოდ პროგრესული ადამიანები იყვნენ. პირველ კურსზე ვიყავი, ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს, რომ ნოემბრის ამბები დაიწყო, საკმაოდ საინტერესო ადამიანები გავიცანი, რამაც შემდეგში ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ განაპირობა. დავიწყე ექსპედიციებში სიარული, ვიყავი მესხეთ- ჯავახეთში, რაჭაში...

საერთოდ, ასეა, ადამიანს რაც უფრო გაინტერესებს, იმ საქმეში მეტად აქტიური ხარ და უფრო ერთვები. მოკლედ, რაც მაინტერესებდა, იქითკენ წავედი... მერე უნივერსიტეტში "კავეენის" თამაში დავიწყე. რომ გითხრათ, დიდი მსახიობური ნიჭი მაქვს-მეთქი, ასე არ არის, უფრო ორგანიზაციული, ვიზუალიზაციის ნიჭი აღმომაჩნდა, ამიტომ, თსუ-ს "კავეენის" გუნდის დირექტორი გახლდით. თამაშების ორგანიზებაში, შიდა ჩემპიონატის მართვაში ვმონაწილეობდი. იქიდან "რუსთავი 2"-ში მოვხვდი, პროექტში "ჩვენი ეზო", რასაც ქართულ სატელევიზიო ბაზარზე არაერთი საინტერესო პროექტი მოჰყვა.

- რა არის შენი წარმატების ფორმულა?

- როგორც ვთქვი, ბოლომდე უნდა დავიხარჯო. თუ რამის კეთებას ვიწყებ, მასში თავიდან ბოლომდ ვერთვები. ვალი მოვიხადო და ისე გავაკეთო საქმე, - ეგ არასწორი დამოკიდებულებაა. დირექტორი კი მქვია, მაგრამ ბევრ რამეს მაინც ჩემი ხელით ვაკეთებ - ასეა, როცა ხარისხიანი შედეგი გინდა. ზოგი ამბობს, ეს არასწორი მენეჯმენტიაო. ეგ არ ვიცი, ვიცი მხოლოდ ერთი, თუ გინდა, კარგი გამოვიდეს, შრომა არ უნდა დაგეზაროს! ამ მიმართულებით რაღაც ფორმულები ალბათ არის, მაგრამ მას რომ წაჰყვე, მერე ყველაფერი დაშტამპული გამოდის და ერთმანეთს ჰგავს.

- წელს ჩვენი მთავარი ნაძვის ხე შენ და შენმა გუნდმა ააწყეთ და დადგით. საერთოდ, როდის ჩაერთე ჩვენი ქალაქის საახალწლო გაფორმებაში?

- პირველად "დედაენის ბაღში" საახალწლო სოფელი რომ გაკეთდა (ნარმანია იყო ქალაქის მერი), მაშინ ჩავერთეთ. შევარდნაძის დროს პარლამენტის წინ ნაძვის ხე რომ იდგა, მისი ნარჩენებისგან ნაძვის ხე ავაწყეთ და საკმაოდ კარგი გამოვიდა. მეორე წელსაც საახალწლო სოფელზე "დედაენის ბაღში" ვიმუშავეთ. მერე კი, კალაძის მერობისას, შემოგვთავზეს და ნაძვის ხე მხოლოდ მოვრთეთ ქართული მოტივებით, თუმცა "დედაენის ბაღსა" და საახალწლო სოფელზე ისევ ვიზრუნეთ.

შემდეგ წელს კი, რესპუბლიკის მოედანის ნაძვის ხე ანგელოზებით მოვრთეთ. შარშან საახალწლო სამზიდისში მხოლოდ ორბელიანის მოედანზე ჩავერთეთ და ნაწილობრივ საახალწლო სოფელშიც მივიღეთ მონაწილეობა. ნაძვის ხე ჩვენ არ დაგვიდგამს.

- ორბელიანის მოედანი ძალიან ლამაზი იყო. ფოტოს გადასაღებად იქ უამრავი ადამიანი მიდიოდა...

- კი, ლამაზი გამოვიდა... სხვათა შორის, ლამის მთელი რუსთაველი "ღამის შოუს სტუდიის" გუნდის ესკიზებითაა ახლა გაკეთებული და განათებული. წელს ნაძვის ხისთვის მასალად შარშანდელი ნაძვის ხე გამოვიყენეთ. ფერადი განათებები და ტოტების კონფიგურაცია შევცვალეთ. რაჭაში გვაქვს მაგარი კავკასიური ნაძვები, რომლის ნერგებით მსოფლიო მარაგდება და ზუსტად მის მოდელზე ავაწყვეთ. მოკლედ, მცდელობა გვქონდა, რომ მას დამსგავსებოდა. დიდი შრომაა ჩადებული...

თუმცა მითქმა-მოთქმაც მესმის - დიდი თანხა დაიხაჯა და რა ამბავიაო?! მასზე ძალიან ბევრმა ადამიანმა თვე-ნახევრის განმავლობაში იმუშავა, რომ შარშანდელი ნაძვის ხე სრულად დაშლილი, მცირე ნაწილებად და დეტალებად, ახალი ტოტების დამატებით ხელახლა აწყობილ-გადაწყობილიყო.

- პირადად შენთვის, რას ნიშნავს ემოციურად, როდესაც უკვე ასეთ ლამაზ ნაძვის ხეს უყურებ?

- მინდოდა, ქალაქში პანდემიის მიუხედავად, ეს განწყობა ყოფილიყო. კი ლაპარაკობენ - დიდი თანხა დაიხარჯაო, მაგრამ წინა წლებთან შედარებით, ვფიქრობ, რომ მერიამ ქალაქში საახალწლო განწყობის შექმნაში ყველაზე ნაკლები დახარჯა... ჩვენ კი ნამდვილად ენერგია არ დავიშურეთ, რომ ლამაზი ყოფილიყო, შედეგი ის არის, რომ კარგი გამოვიდა და ადრენალინიც ეს არის. საერთოდაც ადამიანებს უხარიათ ნაძვის ხის დანახვა, ეს სიამოვნებას რომ არ ანიჭებდეთ, კაცობრიობა მას არ მოიფიქრებდა. ის შემდეგი წლისთვის განწყობას ქმნის, იმედს გვისახავს, რომ წელი უკეთესი იყოს... საერთოდ ნაძვის ხის მორთვა სახლშიც მიყვარს, გარდა იმისა, რომ ტრადიციაა, საინტერესო პროცესია - რაღაცას ქმნი...

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

- წელს საახალწლოდ რაჭაშიც, შენს სოფელშიც მორთე ულამაზესი ნაძვის ხე... მანამდე კი ზაფხულში იქ 6 დღეში ხის სახლი ააშენე... მოგვიყევი ამაზე.

- კი, რაჭაში შარშან მე და ჩემმა მეგობრებმა ერთ კვირაში ხის სახლი ავაშენეთ. ეს არის ამბროლაურის რაიონის სოფელი ნამანევი, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ჭელიძეა. ამ სოფელში დაიბადა ბაბუაჩემი. მოკლედ, მშენებლობა 24 აგვისტოს დავიწყეთ და 30-ში, ჩემს დაბადების დღეს ახალსახლობა ვიზეიმე. გარდა ამისა, სოფელში კარგი საქმეები დავიწყე. ნამანევს წყალი არ ჰქონდა, მოსახლეობა ავიყოლიე და ერთად იმას მივაღწიეთ, რომ დღეს ნამანევს უკვე წყალი აქვს. კიდევ უფრო კარგი რაღაცების გაკეთებას ვაპირებთ.

ამ საახალწლოდ, რამდენიმე დღით ჩავედი და იქ ნაძვის ხე მოვრთე, ფერადი განათებებით შევმოსე. საერთოდ კი რაჭაში გადასვლას და იქ უფრო აქტიურ საქმიანობას ვაპირებ, რომ მეტი კარგი რაღაცები გავაკეთო, იქაურობის აშენებაში ჩემი წვლილი შევიტანო. ახლა რაც შემეძლო, საახალწლო განწყობა მაქსიმალურად შევქმენი, არავის უთქვამს, არ ვარგაო. ჩემი მიზანიც ეგ იყო და არის, ადამიანი შეხედავს და სადღესასწაულო განწყობა შეექმნას.

- რა სურვილები გაქვს?

- ჩემი სურვილია, სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაში დაბრუნდეს, რუსეთი დავამარცხოთ და მნიშვნელობა არ აქვს, ნაძვის ხეს ვინ დადგამს. მთავარია, კარგი იყოს. არც იმის ამბიცია მაქვს, რომ ყველაზე კარგ ნაძვის ხეს მე ვდგამ... კარგი იქნება, თუ ყველა თავის სფეროში ბოლომდე დაიხარჯება, ხარისხიანად და გულიანად იმუშავებს - მაშინ ყველაფერი გამოვა.

პრინც იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებს ვაჟი შეეძინათ - რა დაარქვეს სამეფო ოჯახის ახალ წევრს? (ფოტო)

დათოვლილი ბათუმი - ულამაზესი ფოტოები აჭარიდან

"ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია... რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ" - რას წერს ხათუნა ჟორდანია ქალიშვილისა და სიძის შესახებ?