ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში სავაჭრო ობიექტების დიდ ნაწილში წესები დაცული იყო, რის გამოც, ამ პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა არ უნდა იყოს.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, დღეიდან 15 იანვრის ჩათვლით დაწესებული შეზღუდვების მიზანი ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებაა.
„დღეიდან შეზღუდვების თვალსაზრისით იგივე მდგომარეობას დავუბრუნდით, რაც 24 დეკემბრამდე გვქონდა, ეს 15 იანვრის ჩათვლით გასტანს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ისევ იმისკენაა მიმართული, რომ სტაბილიზაციას მივაღწიოთ და შემთხვევების კლება მივიღოთ, რაც თვალსაჩინოდ გამოვლინდა, რომ შეზღუდვების და მობილობის ფონზე, საკმაოდ მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა. ახლა ამ ეფექტის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება 24-დან გუშინდელის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქებას, კარგია, რომ სავაჭრო ობიექტებში ხშირ შემთხვევაში, წესები დაცული იყო. აქედან გამომდინარე, მოლოდინი გვაქვს, რომ შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება არ უნდა მოყვეს“, - განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, დღეიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები ცხადდება.