ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომლის საბანკო რეკვიზიტებიც ხელფასის დარიცხვის მიზნით პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტში შევიდა, ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" წევრი ბაჩუკი ქარდავაა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი. ბაჩუკი ქარდავა სააგენტოსთან საუბარში აცხადებს, რომ მას დეკლარაცია აქვს შევსებული, სადაც მისი რეკვიზიტები მითითებულია, მოგვიანებით კი, თავად პარლამენტის თხოვნით, დაზუსტდა მისი საბანკო მონაცემები.
ქარდავას თქმითვე, მისთვის უცნობია, დეპუტატის კუთვნილი ხელფასი უკვე ჩაერიცხა თუ არა, თუმცა, აცხადებს, რომ აღნიშნულს ან საგაზაფხულო აქციებისთვის გამოიყენებს, ან უკან დააბრუნებს.
„თუ ხელფასი ჩაირიცხება, ეს ხელფასი დაიხარჯება საგაზაფხულო აქციების ტექნიკური აღჭურვილობის შეძენაში. თუ არ ჩაირიცხება, ამაზეც პრობლემა არ იქნება. რეკვიზიტების მიცემას რაც შეეხება, საუბარია, დეკლარაციაზე, რომელიც რეკვიზიტებთან პირდაპირ კავშირშია. არ შევსების შემთხვევაში, ჯარიმა უნდა გადაიხადო. მათ გამოაგზავნეს ოფიციალური დოკუმენტაცია, რომელიც ჩემამდე არ მოვიდა, აღმოჩნდა, რომ ფოსტით იყო გამოგზავნილი და აღმოვაჩინეთ, რომ ფოსტაში იყო დარჩენილი. დაზუსტება მოხდა იმ მონაცემების, რაც თვითონ პარლამენტმა გამომიგზავნა ფოსტის მეშვეობით, რადგან არ მოვიდა, ტელეფონში მითხარი რეკვიზიტებიო, თქვეს და ჩემმა წარმომადგენელმა შეიძლება, ზეპირად უთხრა. არ ვიცი, დაირიცხა თუ არა, არ მგონია დაირიცხოს ფული, რადგან ვაპირებ დღესვე განცხადების შეტანას, რომ თანხა არ დამიჯდეს, თუ დამერიცხება, უკან დაუბრუნდებათ“, - განაცხადა ქარდავამ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, თითქოს არ უნდა პარლამენტში შესვლა, მიმართა საფინანსო დეპარტამენტს და მოითხოვა ხელფასის ჩარიცხვა. მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი კარგია, რადგან აჩვენებს, რომ არჩეულ დეპუტატებში არის შემოსვლის მზაყოფნა.