იემენში, ქალაქ ადენის აეროპორტში აფეთქებისა და სროლის ხმები ისმოდა. გამოცემა "ალ-არაბიას“ ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც აეროპორტში იემენის თვითმფრინავი დაეშვა, რომელშიც ახალი მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.
მომხდარს სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აფეთქებისა და სროლის ხმები აეროპორტში მას შემდეგ გაისმა, რაც იქ საუდის არაბეთიდან ჩაფრენილი თვითმფრინავი დაეშვა, რომელშიც ახალი მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ. მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათ შორის პრემიერ -მინისტრი მაინ აბდულმალიკი, ქალაქში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში უსაფრთხოდ გადაიყვანეს.
Reuters-ი წერს, რომ ახლად შექმნილი მთავრობა პრეზიდენტ აბდ-რაბუ მანსურ ჰადის მთავრობასა და სამხრეთელ სეპარატისტებს აერთიანებს. ამ ორი ჯგუფის ალიანსი, რომელსაც საუდის არაბეთი უჭერს მხარს, ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუსიტებს ებრძვის, რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს აკონტროლებენ.