ავტორი:

"ფაშინიანის პილიტიკური სიკვდილი გარდაუვალია" - დაინიშნება თუ არა სომხეთში ვადამდელი არჩევნები და რა შანსები აქვს მოქმედ პრემიერ-მინისტრს

"ფაშინიანის პილიტიკური სიკვდილი გარდაუვალია" - დაინიშნება თუ არა სომხეთში ვადამდელი არჩევნები და რა შანსები აქვს მოქმედ პრემიერ-მინისტრს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მზად არის “ხალხის ნების საფუძველზე” დატოვოს პრემიერ-მინისტრის პოსტი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"ხალხის გადაწყვეტილებით, მზად ვარ, დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ამის გაკეთება შემიძლია მხოლოდ ხალხის გადაწყვეტილებით“, - აცხადებს ფაშინიანი, რომლის ცნობითაც, საზოგადოების ნდობის აღდგენის შემთხვევაში, მზად არის რესპუბლიკის მართვა განაგრძოს. ის იწვევს საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს კონსულტაციებისათვის.

ცნობისთვის, სომხეთში, 10 ნოემბრიდან, ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები მიმდინარეობს. ბოლო ხანებში, ოპოზიციამ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციების შესახებ განაცხადა და პრემიერის პოსტზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად, ყოფილი პრემიერის, ვაზგენ მანუკიანის კანდიდატურაც წარადგინა.

სომხური მედია წერს, რომ რაც დროს გადის, ფაშიანიანის გარშემო სივრცე ვიწროვდება, მის გადადგომას სომხური ეკლესიაც ითხოვს.

როგორია ფაშინიანის შანსები ახალ არჩევნებში, ამის შესახებ სომეხი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები საუბრობენ.

“ამ ნაბიჯით ფაშიანინი ცდილობს ქვეყანაში ვითარება დაამშვიდოს და შემდეგ სიტუაციის მართვა შეძლოს. ალბათ, ჰგონია, რომ ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს და ხმათა უმრავლესობას მოაგროვებს. ფაშინიანის პილიტიკური სიკვდილი გარდაუვალია. ეს რეალობაა", – წერს სოციალურ ქსელში “დაშნაკციუტუნის” წევრი იშხან საგათელიანი.

პოლიტიკური მიმომხილველი აკოფ ბადალიანი ვარაუდობს, რომ “ოპოზიციას ქუჩიდან არ აქვს იმის ძალა, რომ ფაშიანინი აიძულოს გადადგეს. ახლა საინტერესოა, როგორი იქნება ოპოზიციის პოლიტიკური პროგრამა, მათი რიტორიკა თუ ტრადიციული იქნება - ჩვენ კარგები ვართ და ისინი ცუდები არიან, შესაძლოა, ვერც გაიმარჯვონ. თუ ხმები გაყალბდა, ანუ არჩევნების შედეგები საზოგადოებაში არსებული განწყობისგან სრულიად განსხვავებულია, შესაძლოა, ამან ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. იმედია, ამაზე არც ერთი მხარე არ წავა”, - წერს ის.

კიდევ ერთი პოლიტოლოგის, არმენ ვარდანიანის მოსაზრებით, ხელისუფლების ინიციატივა არ არის დაკავშირებული ოპოზიციის კოალიციის პროტესტთან. “ვფიქრობ, ეს უფრო საპროტესტო განწყობის ჩაქრობას ემსახურება. მაინც მგონია, რომ 17 პოლიტიკური ორგანიზაციისგან შემდგარი ძალა, არ მიიღებს პრემიერის ინიციატივას, რადგან ესმით, რომ პარლამენტში ვერ შევლენ თუ საარჩევნო პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენენ, ეს ამ ძალების მარგინალიზაციას გამოიწვევს. ასე რომ, ახლა ბევრი რამეა დამოკიდებული წინასაარჩევნო პროცესების მიმდინარეობაზე...”, - მიაჩნია ვარდანიანს.

“ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, მიანიშნებს, რომ ვბრუნდებით იქ, საიდანაც ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ წამოვედით... ყველამ იცის, ვინ და რა ძალა დგას ამ გაერთიანებული ოპოზიციის უკან, ვინ მართავს პროცესებს და ვინ ცდილობს, დასავლეთთან დასაკავშირებელი ყველანაირი გზა კიდევ დიდი ხნით ჩაკეტოს... ის, ვინც ყარაბაღის ომში ზურგი გვაქცია და თურქეთის პირისპირ მარტო დაგვტოვა. რუსეთმა დაგეგმა ეს ყველაფერი.

კრემლმა პირდაპირ თავში ჩაგვარტყა - ჩემი ორბიტიდან წასვლის არავითარი შანსი არ გაქვთო. სომხეთში უძლიერესი საყრდენი აქვს, ოპოზიციის, მათ ხელთ არსებული მედიის სახით. ფაშიანიანმა როგორც ჩანს, რაღაცები ვერ გათვალა, უფრო სწორად, რუსეთის გავლენები სათანადოდ ვერ შეაფასა. ამიტომ, დიდი იმედი არ მაქვს, რომ არჩევნებით ფაშინიანის გუნდი პოზიციებს გაიმაგრებს. ფაქტია, ჯერჯერობით, კრემლის ინსტრუქციებს ვერ გადავუხვიეთ. ვერც საზოგადოება აღმოჩნდა მზად ამისთვის, ყარაბაღის ომმა უმძიმესი დაღი დაგვასვა", - წერს პოლიტოლოგი რობერტ აბრამიანი.

წარმომადგენელთა პალატაში "დემოკრატებმა" დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროექტი წარადგინეს

კრემლი პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს - "ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას..."

ვინ არის კაცი, ვისაც ჯო ბაიდენი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელად წარადგენს