დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურებული ჯერ არ არის, თუმცა კვლევა მიმდინარეობს.
როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტა, გარკვეული მონაცემები იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდეს, არის, მაგრამ ამის კვლევას დღეები სჭირდება.
„კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურებული ჯერ არ არის. გარკვეული მონაცემები იმისა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი დადასტურდეს, არის, მაგრამ ამის კვლევას დღეები სჭირდება, იმიტომ, რომ გენომის სეკვენირება მიმდინარეობს. რამდენიმე ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, არ არის ეს ბევრი, ალბათ, 5-ზე ნაკლები შემთხვევაა.
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის დადგენა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიას შეუძლია, იმიტომ, რომ იქ არის საშუალება გენომის დაშლის, ანუ სეკვენირების და ამ ახალი შტამის იდენტიფიცირებას, სწორედ, გენომის სეკვენირება სჭირდება და ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ამას სჭირდება რამდენიმე დღე, ზოგჯერ კვირაც“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენა, მხოლოდ ლაბორატორიულად, გენომის სეკვენირების შედეგად არის შესაძლებელია, თუმცა გამყრელიძის განმარტებით, საერთაშორისო ბაზარზე მალე გამოჩნდება PCR ტესტით მისი იდენტიფიცირების საშუალება.
მისივე განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება და საქართველომ შესაძლოა საჭირო რეაგენტები გერმანიიდან იანვარში მიიღოს.
„დღეს რასაც ბრიტანეთი აკეთებს და სხვაგანაც, სადაც ეს კეთდება, ამ ეტაპზე, მხოლოდ გენომის სეკვენირებით კეთდება, მაგრამ, ალბათ, მალე საერთაშორისო ბაზარზე გამოჩნდება, იგივე, PCR ტესტით მისი იდენტიფიცირების საშუალება. ზოგიერთ ლაბორატორიას დასავლეთში აქვს შესაბამისი ე.წ თვითნაკეთი არაკომერციული PCR, რომლითაც შეიძლება მისი იდენტიფიცირება. ჩვენ ძლიერი პარტნიორი გვყავს გერმანიაში, ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი და მათთან მიმდინარეობს სწორედ მოლაპარაკებები, რომ შესაბამისად მოგვეხმარონ. ჩვენ შეგვიძლია, როგორც გითხარით, გენომის სეკვენირებით ამის გაკეთება, რომელიც ხანგრძლივი და საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა და ეს რომ PCR ტესტით დადგინდეს, ამის რეაგენტები, შესაძლებელია, რომ გერმანიიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, იანვარში მივიღოთ,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.