„ჩვენ ვართ მამა და ორი შვილი - 7 წლის დემეტრე და 11 წლის მარიამი. დემეტრეს ცერებრალური დამბლის ერთ-ერთი ფორმა - დიპლეგია აქვს, მას ჯერჯერობით დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია. ძალიან გვიყვარს თავისუფალ დროს სხვადასხვა ნივთის დამზადება, მოხატვა და მსგავსი აქტივობები. ეს ერთი მხრივ არტთერაპიაა, მეორე მხრივ - ბავშვებისთვის კარგი გასართობი. ამან იქამდეც მიგვიყვანა, რომ დავაარსე სოციალური საწარმო „დემა“, რომელიც ჩემი შვილების სახელების პირველი მარცვლებია,“ - ამბობს ახალგაზრდა მამა დათო მოსიაშვილი, რომელიც შვილებთან ერთად, ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში ცხოვრობს. დათო არსამთავრობო ორგანიზაციის „მამიკოს“ დამფუძნებელიცაა, ამასთან, აზიის განვითარების ბანკის პროექტის მენეჯერი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობლებთან მუშაობას ითვალისწინებს.
როგორც გვეუბნება, კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომელიცაა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მისთვის მნიშვნელოვანი და მთავარი რეგალია მაინც დემეტრეს და მარიამის მამობაა. თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს შვილებთან ერთად ატარებს, ცდილობს, ნებისმიერი საქმიანობის დროს, ბავშვები გვერდით ჰყავდეს და მათი ასაკიდან, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქმე გაუნაწილოს.
„ჩვენს სოციალურ საწარმოში მუშაობა ძალიან გვიყვარს და ვცდილობთ, კვირაში სამი-ოთხჯერ მაინც, ამას ორი საათი დავუთმოთ, იქ ხის ხელნაკეთ ნივთებს ვამზადებთ, ეს ჩვენთვის საქმე, გართობა და დემეტრეს სამედიცინო დიაგნოზიდან გამომდინარე, თერაპიაცაა. სახელოსნომ მის ფსიქო-მოტორულ განვითარებასა და სოციალიზაციაში დიდი როლი ითამაშა,“ - გვიყვება დათო მოსიაშვილი. ხოლო თუ რამ გამოიწვია დემეტრეს ეს მდგომარეობა, გვპასუხობს: „ამაზე პასუხი ფაქტობრივად, შეუძლებელია. არც არასდროს გამომიძიებია, რადგან ამაში აზრს ვერ ვხედავ, მისი სამედიცინო დიაგნოზი გახლავთ - თანდაყოლილი ტვინის ტრავმა. ბავშვი დამოუკიდებლად ვერ დადის, მაგრამ ეტლით მოსარგებლე არ არის, ხელით ვატარებ, მისი ეტლში ჩასმისგან მაქსიმალურად თავს ვიკავებ, რადგან, როგორც შევიტყვე, ცოტას აზარმაცებსო... მოკლედ, სანამდეც ფიზიკურად შევძლებ, დავეხმარები. შვილებს მარტო ვზრდი, როდესაც სამსახურში ვარ, მათთან დედაჩემია“.
- თქვენი სოციალური საწარმოს იდეა როგორ გაჩნდა?
- იმის გამო, რომ სოფელში ვცხოვრობთ, სადაც გასართობი და თავშესაქცევი თითქმის არ გვაქვს, რომ ბავშვებთან ერთად დავკავდეთ. ამიტომ სულ ვფიქრობდი, რით შემეცვალა ეს მდგომარეობა. როდესაც არტთერაპიის შესახებ წავიკითხე, იდეაც მოვიდა, რაშიც უფროსი შვილი დამეხმარა, მითხრა, სამკაულების გაკეთება დავიწყოთო, ანუ საქმე, რომელსაც არ სჭირდებოდა დიდი თანხები. ასე რომ, პირველ ჯერზე 25 ლარი იყო ჩვენი ხარჯი, რითაც გუაშები ვიყიდეთ. მერე ჩვენი ნამუშევრები სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, რამაც ადამიანების დაინტერესება გამოიწვია.
- ე.ი. დემეტრეც მუშაობს?
- მას შეუძლია რაღაც დეტალი დაიკავოს ხელში ან რასაც ეტყვი, მოგვაწოდოს, მოკლედ, სამუშაო, პოზიტიური გარემო გვაქვს. სამივე ჩართულები ვართ. მე და ბავშვები ჩემს მშობლებთან ვცხოვრობთ და თავიდან ერთ ოთახში გვქონდა სახელოსნო. შემდეგ ეზოში რაღაც შენობა იყო, რომელიც გავასუფთავეთ, კედლები შევღებეთ, მოვხატეთ და ბინა იქ დავიდეთ... თავიდან მაგნიტურ სამაგრიან ბროშებს ვაკეთებდით და დღეისთვის თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ თუ რამე შეიძლება ხისგან დამზადდეს, ყველაფერს ვამზადებთ... მიმაჩნია, რომ საინტერესო ლოგო გვაქვს, ის მეგობარმა მაჩუქა და მასში დიდი აზრი დევს. ლოგოზე გამოხატულია ულვაშები და ბავშვის ფეხები, რაც ჩვენს მამაშვილობას გამოხატავს. ფეხის თითების რაოდენობას თუ დავთვლით, 4-ია 5-ის ნაცვლად. ამაში შეზღუდული შესაძლებლობები იგულისხმება...
- და საქართველოში როგორც ვიცი, უკვე ბევრი ადამიანი გიცნობთ...
- მართალია, ჩვენით ბევრი ჟურნალისტი ინტერესდება, სიუჟეტებს აკეთებენ. ამან ის მოიტანა, რომ ბავშვები ბევრმა გაიცნო. თუ თავიდან დემეტრეს დანახვაზე, მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ - ბავშვს რა სჭირს? ვერ დადის? ახლა ამ კითხვებს აღარ სვამენ და მას ყველა ღიმილით ეგებება. ესეც ღიმილიანი ბიჭია, - ყველას ყოველ მეორე სიტყვაში „მიყვარხარო“ - ეუბნება! ასე რომ, კარგი ვქენი, რომ ამ სიუჟეტებზე უარი არ ვთქვი და ბავშვებს, განსაკუთრებით დემეტრეს, ამ კუთხით დავეხმარე... ცუდია, როცა მშობლები საკუთარ შშმ ბავშვებს საზოგადოებას არიდებენ. აქტიურად არ აჩენენ... ქუჩაში რომ დავდივართ, სითბოს გარდა არაფერს ვიღებთ, ბავშვიც თავს თავისუფლად გრძნობს.
- როგორც შევიტყვე, პერიოდულად გასაჭირში მყოფი ადამიანების დახმარებასაც ცდილობთ...
- როდესაც სოციალურად აქტიური ადამიანი ხარ, შენ გარშემო გარკვეული რაოდენობის აუდიტორია გროვდება. შენს პოსტებს კითხულობენ, გგულშემატკივრობენ... სამი წლის წინ გოგონამ მომწერა, რომელიც დახმარებას მთხოვდა, - ეროვნული გამოცდების რეგისტრაციისთვის თანხა არ ჰქონდა. მას საჭირო თანხა მივეცი, მაგრამ მასზე პოსტიც დავწერე, რადგანაც წიგნებიც არ ჰქონდა, გადაადგილების პრობლემაც ჰქონდა, მასწავლებელთან ვერ ემზადებოდა... იმ პოსტს იმდენად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, გავოცდი, დახმარება უამრავმა ადამიანმა აღმოუჩინა. ის გოგონა შემდეგ სტუდენტიც გახდა.
ამაზე კარგი შეგრძნება არაფერია, ვინმეს რომ დაეხმარები და გაახარებ. იმის მერე წელიწადში 2-ჯერ, პირადი გადამოწმების შემდეგ, ვარჩევ ადამიანებს, ოჯახებს, უმეტესად, ისეთებს, სადაც შშმ პირი ცხოვრობს, ან მრავალშვილიანებს და გაჭირვებულებს. მოკლედ, დღეისთვის 15-მდე ასეთი ღონისძიება მაქვს გაკეთებული, რისი საშუალებითაც ისეთი ადამიანებისთვის შევძელით დახმარება, რომლებიც უიმედოდ იყვნენ.
წელს პანდემიის გამო მაქსიმალურად თავს ვიკავებდი, მიმაჩნდა, რომ ხალხს სხვისი დახმარების საშუალება აღარ ჰქონდა. არადა, უამრავ წერილს ვიღებ, სადაც დახმარებას ითხოვენ. მოკლედ, ერთი კვირის წინ, მეგობარმა გამომიგზავნა ლაგოდეხელი ოჯახის ვიდეო, რომელიც ადგილობრივი აქტივისტების მიერ არის გადაღებული. ის აქტივისტები იქ ადამიანებისთვის საოცრებებს აკეთებენ. მერე დავადგინე, ოჯახის რეალური მდგომარეობა, პრობლემები (5-შვილიანი ოჯახია, ერთი შვილი შშმ პირია, ოჯახის ერთ-ერთ წევრს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს და უამრავი თავსატეხია მათ წინაშე) შემდეგ ამ ხალხისგან ნებართვა ავიღე, რომ მათზე პოსტი დამეწერა და გამევრცელებინა. რომ მეგონა, პანდემიის პერიოდში ხალხს სხვისი დახმარება გაუჭირდებოდა, ჩემდა გასაოცრად, მეორე დღეს ანგარიშზე, 12.000 ლარი დამხვდა. საბოლოოდ კი, 20.000 ლარამდე შეგროვდა. დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრი თვითონ ჩავიდა ლაგოდეხში დასახმარებლად, საჭირო ნივთები ჩაუტანეს. მერიაც დაინტერესდა და რაღაც დონეზე თავის თავზე ოთახის გარემონტება აიღო, მცირე ორგანიზაციებმა თანხები ჩარიცხეს, ზოგს შეიძლება სულ 2 ლარი ჰქონოდა და იქიდან 50 თეთრი მათ ჩაურიცხა, ემიგრანტებმა იაქტიურეს, ასე შეგროვდა აღნიშნული თანხა. მისი შეგროვება ხომ დიდი პასუხისმგებლობაა, შემდეგ კი იმის განსაზღვრა, როგორ დახარჯო, ყველაფერი უნდა აღინუსხოს. თუმცა ეს სირთულეები თითოეული პატარის გაბრწყინებულ თვალებად ღირს...
- რას ისურვებდით საახალწლოდ?
- რომ ყველა ჯანმრთელად იყოს, პანდემიამ აღარ შეგვიშალოს ხელი ცხოვრებაში, ყველა ბავშვის ჯანმრთელობას ვისურვებდი, რომ ახალ წელს თვალები სიხარულისგან უბრწყინავდეთ, ხელი ცხოვრებაზე არავის ჩაექნიოს, იმედი არ დაეკარგოთ, კარგი განწყობა შეენარჩუნებინოთ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან როგორი განწყობითაც შეხვდებიან ახალ წელს, მთელი წელი ის განწყობა გაჰყვებათ. ყველას კარგი წელი ჰქონოდეს.