მსოფლიო პანდემიის გამო უსამსახუროდ დარჩენილ არაერთ ადამიანს სახლში ყოფნისას, სხვადასხვა ხელსაქმის დაწყების იდეა და სურვილი გაუჩნდა. მაგალითად, ნათია ლელაშვილმა თავის პატარა გოგონასთან თამაშისას შექმნილი დეკორატიული სახლებით აღმოაჩინა, რომ მისი ნამუშევრები მნახველებს ძალიან მოსწონთ. დედამ შვილის გვერდში დგომით, ამ პერიოდში მართლაც ჯადოსნური სამყარო შექმნა, რაშიც სულს და გულს დებს...
"პანდემიის პერიოდში ყველაფერი გაჩერდა, მეც სამსახურის გარეშე დავრჩი, ამიტომ, მეტი დრო დამრჩა იმისთვის, რომ შვილთან გამეტარებინა. ანნას ძალიან უყვარს ხატვა, ერთად ვხატავთ, ვძერწავთ და გადავწყვიტეთ, სახლი გაგვეკეთებინა, რომელსაც საახალწლო გაფორმებისთვის გამოვიყენებდით. ამ ყველაფერმა გარშემომყოფ ადამიანებში დიდი მოწონება დაიმსახურა. მათი რჩევით შევქმენი გვერდი და ნამუშევრების ფოტოები იქ განვათავსე...
საერთოდ, ყოველ წელს, ჩემი საახალწლო განწყობა განსხვავებულია, რაც მთავარია, არის ბრჭყვიალა. ამ სახლების გაკეთება კი იმიტომ მინდოდა, რომ მასში ეს ჩემი ემოციები გადამეტანა" - გვიყვება ნათია.
- ე.ი. პირველ ცდაზე გამოგივიდა...
- კი, რაშიც ჩემი პატარა გოგონაც მონაწილეობდა. ხომ ვამბობ, თავიდან ყველაფერი თამაშით დაიწყო. მერე რადგან ნამუშევრები ბევრს მოეწონა, სტიმული მომეცა, რომ ყოველი ახალი სამუშაოს დაწყებისას მნახველისთვის სიახლეები შემეთავაზებინა.
- რა მასალას იყენებ?
- სახლები მზადდება მუყაოს ქაღალდისგან, ასევე დეკორატიული თიხისგან, რომელიც მუშავდება (მას გამოსაშროად დრო სჭირდება) და მერე აკრილის საღებავებით იღებება... თუ როგორი დიზაინი უნდა ჰქონოდა ჩემს შექმნილ სახლებს, ეს იდეაც ნელ-ნელა მოვიდა...
- და როგორი დიზაინი გინდოდა, რომ ჰქონოდა?
- უპირველესად დიდი სახლები უნდა ყოფილიყო... დიდი საკუთარი სახლი - ეს ხომ ბევრი ადამიანის ოცნებაა... აქვე ვცდილობ, ჩემი სახლები ლამაზიც იყოს... თითოეულ ნამუშვარში მთელ გულსა და სულს ვდებ. მიუხედავად იმისა, რომ მას მომხმარებელთან ვაგზავნი, იმაზე გული არ მწყდება, რომ ისინი მტოვებენ... პირიქით, მინდა, რომ ჩემმა შექმნილმა ნივთმა იმ ადამიანებს დიდი ბედნიერება და სიხარული მიანიჭოს! მერე მათი დადებითი ემოციები უკან რომ მიბრუნდება, ამ ყველაფრის განცდა მართლა საოცრებაა... კი, ჩემი მომხმარებლისგან ბევრი თბილი ემოცია მიბრუნდება. ეს მნიშვნელობანი რამ არის. ასე რომ, ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე კეთილად განწყობილი ადამიანები არიან.
ნათია, საახალწლო დეკორატიული სახლების გარდა, ამზადებს კარზე მისამაგრებელ საახალწლო რგოლებს, შანდლებს ასევე საახალწლო დეკორაციებით, საახალწლო სასაჩუქრე ყუთებს, რომელიც ბრჭყვიალაა და ნაძვის ხესაც უხდება. ოქროსხელება ნათიას ამ ახალ საქმიანობაში, როგორც ამბობს, სტიმულს ოჯახის წევრები, მეგობრები აძლევენ და ასევე ისინი, ვინც, როგორც უკვე გვითხრა, ნახელავს უქებს. "ეს მართლაც სითბო და ბედნიერებაა" - აღნიშნავს რესპონდენტი.
- საქმიანობა მართალია, საახალწლო ნამუშვრებით დაიწყე, მაგრამ ალბათ ამაზე არ გაჩერდები, ხომ?
- პირველი ნამუშევრები საახალწლო თემატიკას მიეძღვნა და მათ საახალწლო დეკორაციისთვის ვქმნი, თუმცა, ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ. ამ მიმართულებით ძალიან მინდა, მეტი შევისწავლო, ტექნიკა უფრო დავხვეწო, რის შემდეგაც ადამიანებს სრულყოფილ და დახვეწილ ნამუშევრებს შევთავაზებ.
- ბავშვობაში ხომ არ ხატავდი?
- ხელოვნების სფერო ყოველთვის მომწონდა, თუმცა ხატვით არასოდეს ვყოფილვარ დაკავებული. ბავშვობიდან მიყვარდა სახლის, ოთახის, სუფრის გაფორმება, მიყვარდა და მიყვარს ჯადოსნური დღესასწაულების მოწყობა. კარგ იდეას აუცილებლად სჭირდება კეთილი სურვილი და პოზიტივით სავსე განწყობა, რომ ნამუშევრის შექმნა დაიწყო. აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩემში ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც მხატვრული ხედვა აქვს, ოღონდ, რა დოზით, ჯერ არ ვიცი...
- დედის ეს წარმატება ალბათ პატარა ანნას ყველაზე მეტად უხარია ახლა...
- ანნა ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია. მისი თვალები არასდროს მაძლევს დანებების საშუალებას. მისი სიყვარული და მასთან ერთად გატარებული დრო, ყველაზე დიდ ენერგიით მავსებს. ჩემი ანნას გაბრწყინებული თვალებია, რომელიც მუშაობის პროცესს დღესასწაულად აქცევს.
- ისე, მაინცდამაინც სახლი რატომ აირჩიე სამუშაო თემად?
- ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, დიდი სახლი მქონოდა. ამ ეტაპზე, მხოლოდ ის მინდა, რომ მქონდეს უბრალოდ ჩემი სახლი, სადაც ბედნიერება, სიყვარული, სიკეთე და სიხარული იცხოვრებს. სწორედ ამ ჩემს კეთილ სურვილებს ვდებ ნამუშევრებში, რასაც ვქმნი და რაზეც უკვე ვისაუბრე...
ნათია ამბობს, რომ მუშაობის პროცესში აბსოლუტურად სხვა სამყაროში ინაცვლებს, მისთვის არ არსებობს არც პანდემია, არც კრიზისი და საერთოდ არაფერი, რამაც შეიძლება მის განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს...
"უმეტესად მარტო მუშაობს, თუმცა ანნა ძალიან ეხმარება - დედა ცდილობს, გოგონა მუშაობის პროცესში ჩართოს. "ისეთი საქმე ასრულებს, რაც მისი პატარა ხელებისთვის უსაფრთხოა... ისე, წინასწარ არასოდეს ვიცი, რას გავაკეთებ. კომპოზიცია თავისთავად იბადება, რაც ძალიან უცხო გრძნობაა," - აღნიშნავს რესპონდენტი.
- როგორ ფიქრობ, ეს საქმე ყველა ადამიანს შეუძლია?
- მეტ-ნაკლებად შეუძლიათ. ამას მოწადინება, კარგი განწყობა და ფანტაზია სჭირდება. თუ თავიდან არ გამოვა, იმდენჯერ უნდა სცადონ, სანამ სასურველ შედეგამდე არ მიაღწევ... ეს არის მთავარი!.. ყველას დიდი ბედნიერება მინდა, ვუსურვო!
warmatebebi.dzalian lamazia
Warmatebebi am kalbatons, magram es sakutari ideebia? Interneti savsea am ideebit.