საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის მიმართულების ბაკალავრმა ოთარ მურმანიშვილმა, კოვიდპანდემიის პირობებში, ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო კურსი შეისწავლა და შესაბამისი 161 სერთიფიკატი მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოთარ მურმანიშვილმა პირველი სერთიფიკატი ქსელური ინფრასტრუქტურის სფეროში მოქმედი მოწინავე კომპანია Cisco Systems Inc-გან მიიღო, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე იმყარებს პოზიციას მსოფლიო კომპანიათა ტოპ ასეულში.
„პანდემიის დროს, როცა ყველაფერი დაიკეტა და სასწავლო პროცესი ონლაინ ფორმატში გადავიდა, თავისუფალი დრო საკმარისზე მეტი დამრჩა. ამიტომ, გადავწყვიტე რაიმე კიდევ მესწავლა და სერტიფიკატი ამეღო. ძირითადად, რასაც ხელს ვკიდებ, იოლად გამომდის - ვსწავლობ, ვუკრავ 5 საკრავზე, ვმღერი 14 წელია, 17 წელია ვთამაშობ ჭადრაკს. ბაკალავრიატზე სწავლის მე-4 წელს სახელმწიფო სტიპენდიასაც გამოვკარი ხელი - დისტანციურმა რეჟიმმა სწავლა 1000-ჯერ გამიადვილა. ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობ საინჟინრო ფიზიკას, რაც ძალიან მაინტერესებს. პარალელურად, ჟურნალისტიკაშიც „წავიბაჯბაჯე“ ცოტა - ისრაელის ერთ-ერთმა კომპანიამ ინგლისურ-რუსულენოვანი სტატიების ავტორად და თარჯიმნად ამიყვანა. ბუღალტერიითაც დავინტერესდი და მაქვს გარკვეული გეგმები.
პირველი კომპანია, რომელსაც დიდი წვალებით დავუკავშირდი, ყველასათვის ცნობილი Cisco-ა. ზოგადად, მსგავსი კომპანიები თავდაცვის არნახული უნარით გამოირჩევიან. თავიდან ძალიან გამიჭირდა კურსების მოძებნა, ვაი-ვიშით გადავლახე HTML ლაბირინთები, და ევრიკა! - შევაღწიე ერთ-ერთ კურსზე და დავიწყე სწავლა. რამდენიმე საათში დაიბადა ჩემი პირველი სერტიფიკატი მსოფლიო ვებსივრცეში - პირველი დამოუკიდებელი მიღწევა. მომდევნო 2 დღე-ღამეში მათი რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ღამეს ღამეზე ვათენებდი და მიხაროდა, რომ პრინციპს მივხვდი: როგორ უნდა მემოქმედა, რომ ამეღო სერტიფიკატები. ეს არ არის დამოკიდებული გამართლებასა და ალბათობაზე. უცხო საიტები ჩემთვის უკვე აღარ წარმოადგენდა იმ ლაბირინთებს, რაც Cisco-ში დამხვდა. მარტივად „დავძვრებოდი“ საიტიდან საიტზე, ვეძებდი ჩემთვის საინტერესო უფასო კურსებს სერტიფიკატით და დისტანციური სწავლებით და როგორც ბოსტონის ფილიალზე ხუმრობენ, ისე გამქონდა და გამქონდა“, - აცხადებს ოთარ მურმანიშვილი.
როგორც ის აღნიშნავს, კოვიდპანდემიის საპასუხოდ, აკადემიები და სასწავლებლები, საქმიანობა რომ არ შეეჩერებინათ, სასწავლო კურსებისა და სერტიფიკატების გაცემის უფასო სისტემაზე გადავიდნენ. ამით გაიზარდა მათ საიტებზე ინფორმაციის მოცულობა, ტრაფიკები და ვიზიტორთა რაოდენობა.
„სამხედრო ტექნიკის კურსებიც კი გავიარე რუსულ და ინგლისურ ენებზე - ნატოს ჯარებისა და რუსეთის თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების, ატომურ-ბირთვული მეცნიერებისა და წყალქვეშა ნავების კურსები. ჯამში 160+1 სერტიფიკატი და რამდენიმე ათეული დამსახურების წერილი ავიღე სხვადასხვა მიმართულებით: კომპიუტერული მეცნიერებები, ფინანსები, საბანკო სისტემა, ბუღალტერია, მენეჯმენტი და მისი განხრები სხვადასხვა სფეროში“, - აღნიშნავს ოთარ მურმანიშვილი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ოთარ მურმანიშვილმა, პანდემიის პერიოდში არა მხოლოდ 161 საერთაშორისო სერტიფიკატისა და 80 დამსახურების წერილი მიღება შეძლო, არამედ კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო სტიპენდიანტი გახდა.