გლობალური პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ლეგალური ყოფნის ვადა 1-ელ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164 განკარგულებაში და საქართველოში მყოფი უცხოელები ან მოქალაქეობის არ მქონე პირები, რომლებიც 2020 წლის 14 მარტისთვის ლეგალურად იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და გლობალური პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილნი არიან, იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის 1 ივლისამდე.
ამასთან მათი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეული უნდა იყოს გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებული შემდეგი ოპერატიული გარემოებებით:
ა) თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში;ბ) თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;გ) თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში;დ) თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში გაუქმებული ავიარეისების გამო.
ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 2021 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე პერიოდში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან გამომდინარე საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება კანონიერად საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისათვისაც, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ შესაბამის განკარგულებაში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ლეგალური ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ქონდათ განსაზღვრული.