ავტორი:

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს.

როგორც, „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილების გარდა ოპოზიციას სხვა გზა აღარ ჰქონდა დარჩენილი.

“სერიოზული დარტყმა არის ჩემთვის ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩააგდო “ქართულმა ოცნებამ” საქართველო. მაშინ როცა გართმევენ არჩევანს, მაშინ როცა საშუალება აღარ არის, რომ ამ ქვეყანამ განვითარება ჰპოვოს არჩევნების სახით, ამ დროს ამ გადაწყვეტილების გარდა სხვა გზა აღარ გრჩება ადამიანს. ეს არის ჭეშმარიტი, სწორი გადაწყვეტილება ოპოზიციისა, ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით იმიტომ, რომ მე მინდა, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს და ეს ქვეყანა წავიდეს წინ, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” სამწუხაროდ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ჩააგდო ამ მდგომარეობაში”, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

ამასთან, “ევროპული საქართველოს” კიდევ ერთმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში ერთი კაცის, ერთპარტიული დიქტატურა არ უნდა გაფორმდეს.

“კეთილგონიერება მკარნახობს, რომ ახლა საქართველოსთვის არის ისტორიული მომენტი როცა ჩვენ ან უნდა დავადასტუროთ, რომ საქართველოს აქვს სამართლიანი, დამოუკიდებელი განვითარების პერსპექტივა ან ხელი უნდა მოვაწეროთ მის დასამარებას. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, მერე რა რომ თქვენ შეხვედით პარლამენტში, თქვენ შეგიძლიათ ახლა თუნდაც დღეს ან ხვალ დაიკავოთ სწორი პოზიცია და მხარი დაუჭიროთ იმას, რომ საქართველოს მომავალი იყოს წელგამართული, რასაც განაპირობებს სიმართლე. სიმართლე კი ის არის, რომ საქართველოში ერთი კაცის, ერთპარტიული დიქტატურა არ უნდა გაფორმდეს”, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით ასევე მიმართეს "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებმა.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, იმ რეალობაში, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, სხვა არჩევანი უბრალოდ არ ჰქონდათ.

„ქართულმა ოცნებამ“ სამწუხაროდ, პარლამენტში პოლიტიკის კეთებისთვის სივრცე არ დატოვა, ჩვენ იძულებული ვართ, ეს ნაბიჯი გადავდგათ იმის იმედით, რომ იქნებ ვიღაცას გონება გაუნათდეს და ერთი მილიონი ადამიანის არჩევანი ჰაერში არ დატოვოს. თუ შეთანხმება შედგება, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, პარლამენტში დაბრუნება არ არის თვითმიზანი, მთავარია, სამართლიანობის აღდგენა. ჩვენ ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის და დღეს, იმ რეალობაში, რაც „ქართულმა ოცნება“ შექმნა, სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვქონდა. რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებთ, ჩვენ მანდატებისთვის არ ვიბრძოდით, ჩვენ ვიბრძოდით უკეთესი საქართველოს იდეისთვის“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ამნისტიის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს და აღნიშნა რომ მათი გუნდი ჰუმანურ აქტებს ემხრობა.

„სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გამომდინარე შემიძლია ვისაუბრო, ჩვენ ჰუმანური აქტების მომხრე ნამდვილად ვართ, მაგრამ არა ვაჭრობის ხარჯზე, ყველასთვის მიდგომა სამართლიანი უნდა იყოს, თანასწორი და არა შერჩევითი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართეს „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმაც.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა „ლელო“ პარლამენტში, პარტია მაინც გააგრძელებს დასახული მიზნისკენ სვლას.

„ლელო“ არ შექმნილა ქართულ პოლიტიკაში იმიტომ, რომ გამხდარიყო დანამატი არსებული პოლიტიკური სპექტრისა. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ გვაქვს მიზანი, ვთქვათ ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში და გავარღვიოთ ის არაჯანსაღი, არასწორი დამახასიათებელი თვისებები პოლიტიკური ველის, რომელიც ქვეყანას 30 წელია ერთსა და იმავე წრეზე ატრიალებს. ამისთვის შეიქმნა „ლელო“ და გავერთიანდით ყველა ის ადამიანი, ვინც ვართ პარტიაში. ბევრს გვქონდა წარმატებული პროფესიული საქმიანობა, მაგრამ ვთქვით, რომ საჭიროა პოლიტიკაში შემოსვლა, რადგან ცალ-ცალკე ჩვენს პროფესიებში ძალიან შემცირდა სივრცე იმისა, რომ რაღაც სასიკეთო გვეკეთებინა ქვეყნისთვის. ჩვენ ვაპირებთ ამ დასახული მიზნის გაგრძელებას, ჩვენ პარლამენტში ვიქნებით თუ მის გარეთ, ამ მიზნისკენ სვლა არა თუ შენელდება, პირიქით გაორმაგებული ენერგიით გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ „ლელო“და ახალი თაობის პოლიტიკა ნამდვილად შეძლებს საქართველო გადაიყვანოს განვითარების ახალ ეტაპზე. რთული გზა იქნება და შეიძლება არ იყოს ძალიან სწრაფად ცვლილებები, მაგრამ აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართეს ასევე "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და "რესპუბლიკურმა პარტიამ".

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის ოპოზიციური პარტიების ახირება, პოლიტიკური მიზნებისთვის განცხადებების წერა ან შანტაჟი. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ნების აღსრულება. საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს არჩევნები, ასევე საარჩევნო უფლება. ისინი პოზიციური პარტიებისგან, რომლებმაც ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღეს მოითხოვენ, არ შევიდნენ გაყალბებულ და ბიძინა ივანიშვილის ერთპარტიულ პარლამენტში. ამ ქვეყანას თუ აქვს ღირსება, ეს ღირსება პირველ რიგში, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა უნდა დავიცვათ. ამიტომ, ჩვენ ერთსულოვნად, პრაქტიკულად ყველამ ჩვენი ბლოკიდან დღეს შემოიტანა განცხადება და ველით უმრავლესობისგან შესაბამის გადაწყვეტილებას, რომ ისინი ჩვენს უფლებამოსილებას შეწყვეტენ და ერთპარტიულ პარლამენტში დარჩებიან, ან ამ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც მათივე საქმიანობით შეიქმნა, პოლიტიკური შეთანხმებით გადაწყვეტენ“,-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბეჟაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ბრძოლის გზაზე რა ბერკეტი რჩება ოპოზიციას, მან უპასუხა, რომ ქუჩიდან პოლიტიკური წნეხით მოახდენენ ამ ხელისუფლების იძულებას იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.

„სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკისთვის პარლამენტი და სამთავრობო კულუარები აღარ დატოვა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქუჩა, ამიტომ პოლიტიკური პარტიები ამ ბრძოლაში ერთიანობას შეინარჩუნებენ და საზოგადოებასთან ერთად, ქუჩიდან პოლიტიკური წნეხით მოახდენენ ამ ხელისუფლების იძულებას იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. დღეს შექმნილ კრიზისს თავისი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური შედეგები ექნება. ბუნებრივია, ხელისუფლება ამ წნეხს ვერ გაუძლებს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით გუშინ "ლეიბორისტულმა პარტიამაც" მიმართა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"დავემორჩილები პრემიერის გადაწყვეტილებას" - იქნება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე ახალ მინისტრთა კაბინეტში