ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი აფრიკის დასახლებაში შენობის დემონტაჟს ეხმაურება და წერს, რომ რეალურად, სადავო მიწა მის ოჯახს ეკუთვნის.
მისი ინფორმაციით, მიწა და მასზე განთავსებული შენობა 2015 წელს ჩამოართვეს და მას შემდეგ, სარჩელიც შეიტანეს. თუმცა როგორც ბიძინაშვილი განმარტავს, წელიწადზე მეტია აღნიშნულ საქმეზე სასამართლო სხდომის ჩანიშვნას ელოდებიან.
"რაც შეეხება დღევანდელ ინციდენტს, აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით.
რეალურად ეგ მიწა არის ჩვენი, მამაჩემის კომპანიის, რომელიც გადაეცა 90 -იანი წლების დასაწყისში კოოპერატივ "მემონტაჟეს" და შემდგომ უკვე შპს "მემონტაჟეს", 2005 წელს.
ცხოვრებისეული სირთულეების და გაჭირვების გამო ვერ მოხერხდა ამ მიწის პრივატიზირება და ზედ მდებარე 1000 კვ.მ მ შენობის, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, რის მერეც, 2015 წელს ეს მიწა ჩამოგვერთვა თავისი შენობით.
მანამდე მრავალჯერ შევიტანეთ მერიაში განცხადება 2007 -2008 წლებში, სადაც დოკუმენტები დაგვიკარგეს, ვერ იპოვეს და გააქრეს. ბევრი ვიწვალეთ მის დასაბრუნებლად მაგრამ ამაოდ, ვერც სხვა მხრივ მოვახერხეთ მისი დაკანონება.
ჩვენი შემოღობილია, ნაგებობა ჩვენი აშენებულია 3 კილომეტრის მანძილზე კანალიზაცია ჩვენი გაყვანილია, გზაც ჭიჭინაძის ქუჩიდან ჩვენი დაგებული ანუ მოხრეშილი იყო. დღეს ამ მიწაზე მიდის დავა, სარჩელი ჩვენ შევიტანეთ და უკვე წელიწადზე მეტია ველოდებით სასამართლო სხდომას, მაგრამ ამაოდ ჯერ ისევ" - წერს ბიძინაშვილი.
ცნობისათვის, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერიამ მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, რასაც სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროისთვის მომხადარი დაპირისპირების შედეგად 8 ადამიანია დაკავებული.