რამზან კადიროვმა თანამდებობდა კიდევ ერთ ქალიშვილს აჩუქა. 20 წლის ხადიჟატ კადიროვა გროზნოს მერიის სკოლამდელი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. უფრო ადრე, სექტემბერში, მისი უფროსი ქალიშვილი, აიშატ კადიროვა რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე გახდა...
ჩეჩნეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის იბრაგიმ ზაკრიევის ცნობით, ხადიჟატ კადიროვას შრომისმოყვარება და ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება სკოლამდელი განათლების სფეროში ძალიან დაეხმარება. კიდევ ერთი მაღალჩინოსნის რამზან ჩერხიგევის განცხადებით, ხადიჟატმა ჯერ კიდევ სკოლაში შეისწავლა ყურანი და ხაფიზი (მუსლიმების ლოცვა).
rbc.ru კადიროვების ოჯახის ქონებაზეც წერს. გამოცემის ცნობით, ბოლო წლებში, ჩეჩნეთის ლიდერის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, 2019 წელს მისი ფინანსური შემოსავალი 147,99 მილიონი გახდა, მაშინ, როდესაც წინა წლებში, ერთ წელიწადში, მისი შემოსავალი 7, 58 მილიონი რუბლი იყო... ამის პროპორციულად გაიზარდა მისი მეუღლის შემოსავალიც.
რაც შეეხება უძრავ ქონებას, მოსკოვის გარეუბანში კადიროვებს აქვთ 28,3 ათასი კვ-მეტრი მიწა, ასევე, 3668 კვ. მეტრი ფართის აგარაკი და მოსკოვის ცენტრში, მისი ცოლი ფლობს 209 კვ. მეტრის ფართის ბინას. ამას გარდა, მოსკოვის გარეუბანაში, კადიროვების მფლობელობაშია 300 კვ-მეტრი ფართის საცხოვრებელი სახლი.
კრემლის მიერ არაკონტროლირებად მედიას მუდმივად აღიზიანებდა კადიროვების მზარდი ქონება და უკონტროლო გავლენები.
novayagazeta.ru-ს ცნობით, კითხვაზე, თუ საიდან ჰქონდათ კადიროვებს ამდენი ქონება, ჩეჩნეთის ლიდერი ირონიულად პასუხობდა - "ალაჰი გვაძლევს!..".
გამოცემის ინფორმაციითვე, კოვიდ-19-ის პანდემიამ კადიროვს ძალაუფლების გასაძლიერებლად ხელ-ფეხი გაუხსნა.
"რაც უნდა ირონიული იყოს, პუტინის ფავორიტმა ლიდერმა, 15 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომში სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას დაღუპულ ჟურნალისტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ სიმართლის თქმის არ ეშინოდათ.
თუმცა, არ უხსენებია ასობით ადამიანი, როგორც ჟურნალისტი, ასევე უფლებადამცველი, რომლებსაც კადიროვის ხელისუფლებაში განსხვავებული აზრი გამო, დევნიდნენ, ავიწროებდნენ, ვიდეოჩანაწერებით ბოდიშებს ახდევინებდნენ, რათა ფიზიკურად გადარჩენილიყვნენ თავად და ახლობლებიც გადაერჩინათ, ან "გროზნოში არსებულ საიდუმლო სარდაფში" წამებით კლავდნენ, დენზე აერთებდნენ..." - წერს გამოცემა.
novayagazeta.ru-ს ცნობითვე, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს, რაც სანქცირებულთა წინააღმდეგ სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას და მათი საბანკო ანგარიშების/აქტივების გაყინვას გულისხმობს.
"იმედია, ალაჰის მოცემულ ქონებაზე ეს სანქციები აისახება, გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც..." – წერს გამოცემა.
სანქციები შეეხო ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს, მის გარემოცვას და ჩეჩნეთში რეგისტრირებულ რამდენიმე კომპანიასა და სპეცდანიშნულების რაზმსაც.
ამასთან, პირველად, სანქცირებულთა სიაში აღმოჩდნენ სპორტსმენები, რამაც კადიროვი გააღიზიანა, რადგან მათი ხელშეწყობა კადიროვს პირადი იმიჯის საქმე და მართვის სტილი იყო. სანქცირებულთა შორის არიან საფეხბურთო კლუბი “გროზნოს ახმატი”; ჩემპიონატი “ახმატი”;
ასევე, "მაგნიტსკის სიაში" არიან ჩეჩნეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დანილ მარტინოვი, ჩეჩნეთის ვიცე-პრეზიდენტი ვაჰიტ უსმაევი; კადიროვის წარმომადგენელი ზიაიდ საბსაბი; კადიროვის ცხენების მწვრთნელი სატიშ სიმარი; კადიროვის წარმომადგენელი ევროპაში ტიმურ დუგაზაევი; კადიროვის ფონდი;
ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, ჩეჩნეთის ქალაქ არღუნის პოლიციის ყოფილი უფროსი აიუბ კატაევი; მინისტრის მოადგილე აპტი ალაუდინოვი და ასევე სპეცდანიშნულების რაზმი “ტერეკი”.
ამერიკისა და ბრიტანეთის განცხადებით, ყველა მათგანი, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიულ პირები და კომპანიები ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დამრღვევები და სასტიკ საქმეებში ხელის შემწყობები არიან. ისინი თავად აფინანსებდნენ, ან მონაწილეობდნენ ჩეჩნეთში ლგბტ პირთა გატაცებაში, წამებასა და მკვლელობებს. ლალი პაპასკირი