ავტორი:

როგორ ეხმაურება ოპოზიციის ნაწილი საელჩოებსა და ელჩებზე თავდასხმების თემას და ნიკა გვარამიას განცხადებებს

როგორ ეხმაურება ოპოზიციის ნაწილი საელჩოებსა და ელჩებზე თავდასხმების თემას და ნიკა გვარამიას განცხადებებს

ამ ძალიან მყიფე პროცესის დროს, ნებისმიერი თავდასხმა ელჩებზე და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებზე, მიუღებელია, ეს იწვევს საკმაოდ სერიოზულ დაბნეულობას და „ქართული ოცნების“ სიხარულს, იმ წუთასვე მზად აქვთ განცხადებები, ანტიდასავლური ძალებიო, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ხაზარაძე განმარტავს, იმის ფონზე, როცა ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ თანხმდებიან, ელჩებმა ფასილიტატორების როლიდან საარბიტრაჟო მდგომარეობაში უნდა გადაინაცვლონ.

ხაზარაძის თქმითვე, ის დღეს ელჩებს მარტო არ შეხვედრია.

„დღეს გახლდით შეხვედრაზე, მარტო არ ვყოფილვარ, ვიყავი დავით უსუფაშვილთან და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვართ გამონაკლისი და მარტო ჩვენ არ ვხვდებით ელჩებს, მხედველობაში მაქვს „ლელო“. თქვენ იცით, რომ სხვადასხვა დროს, პირდაპირი შეხვედრები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან საელჩოებს და კონკრეტულად ელჩებს, ევროკავშირის და ამერიკის ელჩს ჰქონდა და ალბათ, მომავალშიც გამართავენ.

ჩვენ ვისაუბრეთ შექმნილ სიტუაციაზე, დავაფიქსირეთ „ლელოს“ პოზიცია და ვისაუბრეთ იმ დარჩენილ ძალიან მცირე დროზე, რომელიც დარჩენილია მოლაპარაკების დასახურად, ან არ დასახურად. ოპოზიციის განწყობაა, იქნას ნანახი სამართლიანი შეხების წერტილი და ამავე დროს, არ მივცეთ ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ ერთი მცირეოდენი მიზეზი მაინც, თქვას, ოპოზიციამ ჩაშალა ეს მოლაპარაკებებიო. ეს ასე არ იქნება, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკების გასაგრძელებლად და მყარად ვდგავართ იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც გვქონდა წინა რაუნდების დროს“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ხელისუფლების ქედმაღლური განცხადებებს, რომლის თანახმადაც ოპოზიციას შანსი არ აქვს, მაინც შევა პარლამენტში, უპასუხებს, რომ ოპოზიცია პოზიციას არ შეიცვლის, თუკი არაფერი შეიცვალა.

„მოდით, ჯერ სიტუაცია შევაფასოთ. დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო ამ მოვლენებს უყურებს, როგორც არასასურველს, როგორც პოლიტიკურ ჩიხს, 30 წლის განმავლობაში მსგავსი სიტუაცია არ გვქონია საპარლამენტო ცხოვრებაში, პრაქტიკულად, „ოცნების“ წარმომადგენლები ძალიან ქედმაღლურად, თითქოს, არაფერი ხდება, მოიხსენიებენ იმ სიტუაციას და აკეთებენ შეფასებას, თითქოს, რომ არაფერი მოხდა, რომ ვთქვათ, ერთპარტიული პარლამენტი მერე რა მოხდა, შეიძლება ესეც არსებობდეს ბუნებაშიო. ობიექტურობა მოითხოვს, ითქვას, თუ არ ვცდები, ბატონმა სერგეენკომ ერთ-ერთ ინტერვიუში, სხვა მე უბრალოდ არ მომისმენია, გულისტკივილი, თუ გულდაწყვეტა გამოხატა, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნა... ბატონი კობახიძისგან ისეთი შეურაცხმყოფელი და მუქარის გზავნილები მოვისმინეთ, რომელმაც ჩაშალა ე.წ. ბოლო თუ ბოლოს წინა მეხუთე რაუნდი და ამის გამო ვერ შედგა ეს მოლაპარაკება, ამიტომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ეს განცხადებები ჩვენ კი არაფერს გვაკლებს, თითოეულ ოპოზიციონერ წარმომადგენელს, ან ოპოზიციურ პარტიას, ქვეყანას ავნებს. თუ ეს არის უბრალოდ პოზა და ჩვენება, რომ რა მაგრები არიან, კარგი არჩევნები ჩაატარეს, თქვენ სხვა შანსი არ გაქვთ, მაინც შემოხვალთ პარლამენტშიო, მინდა ძალიან ნათლად ვუთხრა „ოცნების წარმომადგენლებს და იგივე დავაფიქსირეთ ელჩებთან შეხვედრაზე, „ლელოს პოზიციაზე მაქვს საუბარი და სხვა ოპოზიციური პარტიებიც ამ ერთობას იზიარებენ, რომ თუ არაფერი შეიცვალა, პოზიცია არ შეიცვლება ოპოზიციის მხრიდან“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მან ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს გაწეული მძიმე შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ პოლიტიკური კულტურა არ გვაქვს, რომ შუამავლების გარეშე ვისაუბროთ და ქვეყნის საჭირბოროტო საკითხები ასე გადავწყვიტოთ, მაგრამ იმედია, ეს დროც მალე დადგება, როცა სხვა სტანდარტი იქნება ქართულ პოლიტიკაში. ნებისმიერი თავდასხმა ამ ძალიან მყიფე პროცესის დროს ელჩებზე და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე, მიუღებელია, ეს იწვევს საკმაოდ სერიოზულ დაბნეულობას და „ქართული ოცნების“ სიხარულს, იმ წუთასვე მზად აქვთ განცხადებები, ანტიდასავლური ძალებიო და ა.შ. ამ თემების გაჟღერება და ამ პოზიციის დაკავება უადგილოა დღეს.

ჩვენ პოზიციას რაც შეეხება, ჩვენ მათ ნათლად ვუთხარით, ფასილიტაციის მდგომარეობიდან ისინი უნდა გადავიდნენ საარბიტრაჟო მდგომარეობაში. ორი მხარე, რომელიც არაფერს თმობს და ეს გაუთავებლად იწელება, დრო ძალიან ცოტაა დარჩენილი, როცა ამხელა ორი ინსტიტუციის და ქვეყნების ელჩები არიან ჩართულები, მათ უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ხაზარაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ელჩების მიმართ ყველანაირ თავდასხმას ემიჯნება და მადლობას უხდის მათ გაწეული საქმისთვის.

ვაშაძის განცხადებით, საელჩოებზე და ელჩებზე თავდასხმები კატეგორიულად მიუღებელია.

გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, დღეის მდგომარეობით, თავდასხმას არ ახორციელებს აშშ-ის ან ევროკავშირის ელჩებზე.

"მე ვემიჯნები ყველა თავდასხმას ელჩებთან მიმართებაში, იმიტომ რომ, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან. მათ რომელიმე მხარის პოზიცია კი არ უნდა დაიჭირონ, არამედ ამ შემთხვევაში, ფასილიტაცია და შეთანხმებისკენ სვლა უნდა მოახდინონ. მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ძალიან დიდი პერსონალური წნეხის წინაშე არიან მათი ოჯახის წევრები და ყოველთვის ვგულშემატკივრობ. ყველანაირად გვერდში დავუდგები ამ ადამიანებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეტევა საელჩოებზე და ელჩებზე არ მგონია, რომ სწორი იყოს ამ შემთხვევაში.

ჩემი აზრით, ეს არის უფრო კონკრეტული ადამიანების პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით, არცერთ პოლიტიკურ პარტიას მსგავსი პოზიცია არ გამოუხატავს, ცალკეულ პირებს, ჟურნალისტებს და ნებისმიერ სხვა ადამიანებს შეუძლია ჰქონდეთ საკუთარი აზრი. მე არ მეგულება, ამ ეტაპზე, არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, რომელიც, დღეის მდგომარეობით, თავდასხმას ახორციელებს ამერიკის ან ევროკავშირის საელჩოებზე. რაც შეეხება გამართლებულია თუ არა, პოლიტიკოსებს, რომ გაეკეთებინათ ეს განცხადება, მანდ უფრო თავისუფალი ვიქნებოდი შეფასებაში, ჟურნალისტიკის თვალსაზრისით ყველას შეუძლია საკუთარი პოზიცია ქონდეს. ჩემთვის, კიდევ ერთხელ ვამბობ, კატეგორიულად მიუღებელია საელჩოებსა და ელჩებზე თავდასხმები. მინდა, რომ მადლობა ვუთხრა მათ იმისთვის, რასაც აკეთებენ და მაქვს იმედი, რომ ამ მნიშვნელოვან გზას გააგრძელებენ, მათ შორის ქალბატონი დეგნანი და ბატონი ჰარცელი, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა მათ იმ საქმისთვის", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ელჩებზე თავდასხმის თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქ ლაივის" დროს.

"ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ ჩვენს თემებზე. ელჩი, არის შემსრულებელი, როცა არის პოლიტიკური დაკვეთა. შეიძლება იყოს უკეთესი და უარესი ელჩი. ზოგიერთი ელჩი შეიძლება იყოს ძალიან ჭკვიანი ან იყოს ელჩი იდიოტი. საბოლოო ჯამში თუ არის რაიმე პოლიტიკა დედაქალაქების დონეზე, ეს ელჩები ამაზე რეაგირებენ. თუ პოლიტიკა არ არის თავის თავზე იღებენ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, არ შეიძლება გამორიცხო ლობიზმის ელემენტებიც, ზოგჯერ არის ხოლმე, მაგრამ ჩვენ ამაზე არ უნდა ჩავიციკლოთ. თუ ჩვენ ვიქნებით ბევრი, ორგანიზებულები, ვიმოქმედებთ სწორად, საერთაშორისო თანამეგობრობა იქნება ჩვენს მხარეს. თუ ჩვენ თვითონ არ ვიბრძოლებთ ჩვენთვის, მაშინ ნურავის ნურაფერს დავაბრალებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა.

ნიკა გვარამია პატრიოტი ადამიანია, იბრძვის მარტო და მას გვერდში დგომა სჭირდება. ნიკა გვარამიას ანტიამერიკელობა არ გაიშვას. მინისტრობიდან გაგვექცა ისე უნდოდა ამერიკაში სწავლა. ამერიკის წარმოუდგენელი ფანია. გუშინ კი აკრიტიკებდა ნიკა ამერიკის ელჩს, მაგრამ ამერიკის ელჩის გამონათქვამებითაც ჩანს, რომ არჩევნები გაყალბდა. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტებმა თქვეს ძალიან მკვეთრად, რომ არჩევნები გაყალბდა. ნუ მოვთხოვთ იმ ხალხს, რომ ჩვენ მაგივრად რაღაც გააკეთოს. ივანიშვილის დიდი კრახია, რომ ყველამ გაიგო, არჩევნები გაყალბდა და "ბუტკაში" ხალხი ფულით ვერ შეათრია. მისი კრახია, რომ იდეოლოგიური ბრძოლა მთლიანად წააგო. ახლა უკვე ტექნიკის საკითხია და ეს ერთობლივად უნდა გამოვიმუშაოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"მელია არის კრიმინალი! მადლობა პოლიციას და ვახტანგ გომელაურს, ვამაყობ თქვენით" - ღარიბაშვილის პირველი კომენტარი სპეცოპერაციაზე

ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია - ფოტორეპორტაჟი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან

"მელია გამოირჩეოდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროებით - მან თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი!" - კობახიძე