“მთავარი არხის” ეთერში ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ელჩების კრიტიკისას, პარლამენტარი ნინო წილოსანიც მოიხსენია და მისი და ამერიკის ელჩის ურთიერთობაზე ისაუბრა. “ქალბატონი დეგნანი, რომელიც ნინო წილოსანის და ნინა კობახიძის დაქალია, პირად დასვენებებს იწყობს მათ რეზიდენციებში. პროტოკოლის დარღვევით და ყველაფრის დარღვევით რაც კი არსებობს ამ ქვეყნად. ეს არ არის ამერიკის ელჩის საქმიანობა, ეს არ არის ამერიკის ელჩის პროტოკოლის დადგენილი ნორმების დაცვა, ეს არის ამერიკის წინააღმდეგ სიარული”, _ აღნიშნა გვარამიამ.
უმრავლესობის წევრი, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ambebi.ge-სთან ნიკა გვარამიას განცხადებებს პასუხობს:
“ნათელია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებულად დაძაბული რიტორიკაა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათი ინსტიტუციებისა და კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ, რაც კიდევ უფრო მეტად ადასტურებს “ქართული ოცნების” სიმართლეს - რომ არჩევნები არ გაყალბებულა, რომ ახლა უკვე პარალელური დათვლის შედეგებმაც აჩვენა, რომ ის ერთადერთი საყრდენი, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა მათი მოთხოვნების გასაჟღერებლად, ხელიდან გამოეცალათ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ახსნადია ის ისტერიკა, რასაც ამ დღეების განმავლობაში ვისმენთ და მეორეს მხრივ - მკაფიოდ დასაგმობი იმიტომ, რომ არ შეიძლება რაიმე ღირებულებამ ახსნას, რატომ შეიძლება შენი სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის, ევროკავშირისა და მათი წარმომადგენლების მიმართ აჟღერებდე ისეთ უსაფუძვლო შეურაცხმყოფელ ბრალდებებს, როგორსაც ამ დღეების განმავლობაში ვისმენთ. ეს მკაფიოდ მიანიშნებს იმაზე, რომ რადიკალი ოპოზიციონერების, მათი დამცველების და ტელევიზიების პროდასავლურობა და ამ პროდასავლურობასთან დაკავშირებული წითელი ხაზი მათ პირად ინტერესებზე გადის, ანუ, რა წამს დასავლეთი და მასთან დაკავშირებული სამყარო მათ ინტერესებს არ ემსახურება, ისინი მომენტალურად გმობენ ამ ინსტიტუციებს და ქვეყნებს, გადადიან იერიშზე. ეს, პრინციპში, ზუსტად იმ ფაქტს ასახავს, რასაც ჩვენ ამდენი წელია ვამტკიცებთ - ეს ვითომ პროდასავლური ოპოზიციური ძალები, რომლებიც პროდასავლურობას ფარად იყენებენ, მათი თითეული წარმოთქმული ბრალდებით რეალურად, აშკარად რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან.
ალბათ ეს შესანიშნავი ლუსტრაციაა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან ელჩების მისამართით ასეთი აბსურდული და შეურაცხმყოფელი ბრალდებები ჟღერდება. მინდა, ბოდიში მოვუხადო იმ თითოეულ დიპლომატიურ წარმომადგენელს, ვის მიმართაც მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადება გამოითქვა”.
რაც შეეხება ნინო წილოსანისა და ქალბატონი კელი დეგნანის ურთიერთობას და ელჩის მხრიდან პროტოკოლის დაუცველობას, ამას ნინო წილოსანი მცდარ ინფორმაციას უწოდებს:
“ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვა, რეზიდენცია ნამდვილად არ მაქვს და სერიოზულად რომ გიპასუხოთ, იმ მძიმე მოცემულობასთან შედარებით, რაც ახლა ავხსენი, ყველა ასეთი განცხადება და ელჩებზე შეტევა რუსულ ინტერესს ემსახურება. ამის ფონზე ჩემს მიმართ წარმოთქმული, მსუბუქად რომ ვთქვა, არასწორი და მცდარი ინფორმაცია, მოსატანიც აღარ არის. აქ მთავარი აქცენტი იმაზე უნდა გაკეთდეს, რომ დასავლურ ღირებულებებზე პირდაპირი დარტყმაა ის, როდესაც მის წარმომადგენელ ელჩებზე ვამბობთ, რომ მათ აქვთ კონკრეტული ინტერესი, თუ პირადი კონტაქტები.
ეს არის აბსურდი და დარტყმა იმ ღირებულებებზე, რომლისკენაც ჩვენ ამდენი წლის მანძილზე მივისწრაფით და ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ ამ ღირებულებების და ცივილიზაციის ნაწილი. ამიტომ, რას იტყვის გვარამია ჩემზე და კელი დეგნანზე, აქ მოსატანიც არ არის. ქალბატონ კელისთან მაქვს საქმიანი ურთიერთობა. როგორც გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მქონდა პატივი, რამდენჯერმე შევხვედროდით ერთმანეთს, გვესაუბრა იმ ძირითად პრიორიტეტებზე, რომლებიც ამ მიმართულებით გვაქვს და აუცილებლად ვაპირებთ გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა, რადგან უკვე აგრარული მიმართულებით ჩავერთე.
ქალბატონი ელჩი ჩართულია სოფლის მეურნეობის მიმართულებით ისევე, როგორც USAD-ის პროგრამა უამრავი კომპონენტის ნაწილში თანამშრომლობს ამ სექტორში. მისი აქტიური მხარდაჭერის იმედი ახლაც გვაქვს. გამიჭირდება პასუხი იმაზე, რომ არ ვიცი დეტალები, რეალურად ეთქვა თუ არა უარი გვარამიას დეგნანთან შეხვედრაზე, ან რა მიზნით გეგმავდა შეხვედრას, რა იყო ელჩის პოზიცია ამ შემთხვევაში, ამიტომ სატელევიზიო ჭორაობაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ეს იქნება არასერიოზული კომენტარი ოფიციალური პირისგან”.
ეთერში გვარამიამ ისიც თქვა, რომ “ქოცი "სტაფერებით" არის გამოტენილი მთელი საელჩო” და იქვე ახსენა სოფო ბზიშვილი, რომელიც “ოცნების” სიის მე-18 ნომრის, გიორგი ხელაშვილის მეუღლეა...
“ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ისტერიულ შეტევას ახორციელებენ ამერიკის საელჩოზე, საელჩო ასოცირდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებთან, ანუ იგულისხმება ის, რომ თუ საელჩოს პოზიცია არ ემთხვევა მათ პირად პარტიულ ინტერესებს, მაშინ შესაძლებელია სრული დისკრედიტაცია მოვახდინოთ ამა თუ იმ აბსურდული ბრალდებით. ყველგან, საელჩო იქნება, პარლამენტი, ინსტიტუციები, თუ ნებისმიერი ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ საკუთარი პოლიტიკური პრეფერენცია, მაგრამ ინსტიტუციების ფუნქციონირების შინაარსი არის ის, რომ იქ გადაზღვეულია ყველანაირი პირადი პოლიტიკური ინტერესები, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ რომელიმე სერიოზულ ინსტიტუციაში რაც უნდა “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყოს დასაქმებული, ის იმოქმედებს ამ ინსტიტუციის სახელით, შესაბამისად, მეტ-ნაკლებად ნეიტრალურად. ჩვენსა და ჩვენს პარტნიორებს შორის ეს ისტერიკა რეალურად ვერ შეცვლის ურთიერთობას იმიტომ, რომ მმართველ გუნდს გვაქვს გაცხადებული მკაფიო ვექტორი და მის შესაბამისად ვახორციელებთ ნაბიჯებს, ვართ თანმიმდევრული.
მმართველი გუნდის თანმიმდევრულობაში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და ჩვენს მოქალაქეებს არ ეპარებათ ეჭვი. ერთეული მსგავსი გამოხტომები, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, მაგრამ ეს ვერ დააზიანებს თანამშრომლობის იმ ფორმატს, რომელშიც ვართ და მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენს მისწრაფებას ევროატლანტიკური ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიმართ. ჩვენსა და ოპოზიციურ ძალებს შორის ის ძირეული იდეოლოგიური განსხვავებაა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავად ღირებულებები და პარტნიორი ქვეყნების პოზიციონირება და არა მისი თანხვედრა ჩვენს პირად ინტერესებთან. ამიტომ ამ ჭრილში გაცხადებული პოზიცია, რომ ამერიკა თუ მათთვის სასარგებლ;ო პოზიციას არ აფიქსირებს, ამიტომ მათ “არ უნდათ ასეთი ამერიკა”, ესეც, რა თქმა უნდა, ერთიან სურათში ჯდება. ამ განცხადებების მიმართ, ერთის მხრივ, ჩემი წუხილი გამოვხატე, მეორეს მხრივ ჩემი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მიხარია, რომ ამ ძალების ლუსტრაცია განხორციელდა. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ვინ პროდასავლურია და ვინ ემსახურება რუსულ ინტერესებს”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.