„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ მის მეორე შვილს, ბიძინა ესებუას საბრძოლო მასალა ძმისთვის მიჰქონდა. „იზამდა ამას თქვენი აზრით? რატომ მეუბნებით ასეთ სისულელეს?“ - აცხადებს ტარიელ ესებუა ჟურნალისტებთან საუბარში.
როგორც მან განაცხადა, ბიძინა ესებუას „არც ცეცხლსასროლი იარაღი და არც ყუმბარა არ ჰქონია“ .
„ტელევიზიით გავიგე, რომ დაკავებულია, მეტი არაფერი ვიცი. არ ჰქონდა ჩემ შვილს ცეცხლსასროლი იარაღი და არც ყუმბარა“, - განაცხადა ტარიელ ესებუამ.
შეგახსენებთ, რომ ბადრი ესებუა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისთვისაა ძებნილი.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.
“ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი”, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.