„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლობამ უნდა გააკეთოს განმარტებები მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციამ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გაავრცელა.
გიორგი ვაშაძის თქმით, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი.
„ISFED უნდა გამოვიდეს და დეტალურად ახსნას, რასთან გვაქვს საქმე, როდის შეიტყვეს ამის შესახებ, რამდენი ხანია იციან, რომ თუ ეს შეცდომა მოხდა, ეს შეცდომა არის და რატომ დასჭირდა ამას 40 დღე არჩევნების შემდეგ. მიუხედავად ამისა, ნამდვილად არ ვაპირებ თვითონ ISFED-ზე თავდასხმას, მაგრამ იმისათვის, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს აუცილებელია სრულფასოვანი განმარტება გააკეთონ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს საკითხი, გარკვეულწილად ცნობილი იყო ელჩებთან შეხვედრის დროს, უფრო სწორედ, ეს არ იყო ცნობილი, ამას ასაბუთებდა „ქართული ოცნება“ და პრინციპში, ჩვენ ეს არგუმენტი არცკი მივიღეთ. ანუ, ისინი, ციფრებიდან და მათემატიკიდან გამომდინარე ამბობდნენ, რომ არალოგიკური ციფრები არისო. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვერ შევალ იმ დეტალებში, რა საუბრები გვქონდა იქ, მაგრამ ახლა მთავარია გამოვიდეს ISFED, დეტალურად აღწეროს, რა ხდება. მეორე მხრივ, იგივე ISFED-ის დასკვნაში კონკრეტულად არის მითითებული, რომ საქართველოში ასეთი დაბალი დონის არჩევნები ბოლო წლების განმავლობაში არ ჩატარებულა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კითხვაზე, არჩილ თალაკვაძე ბოდიშის მოხდას ითხოვს იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებას აბრალებდნენ, გორგი ვაშაძე ასე პასუხობს, „დაუკრეფავში ნუ გადავა!“ მისი თქმით, ბოლო დღეების განამვლობაში ხედავს, რომ მოლაპარაკებების ჩაშლა უნდა „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას რაღაც ულტიმატუმებს უყენებს.
„არავინ არაფერზე ბოდიშის მოხდას არ აპირებს. მეორეც, ჩვენი მტკიცებულებები მხოლოდ ISFED-ს არ ეყრდნობოდა, ეყრდნობოდა სხვა არასამთავრობო ორგანზიაციებს, ძალიან ბევრ საჩივარს, რომელიც შეტანილი გვქონდა სასამართლოში და საოლქოებში და რომელთა განხილვაზეც უარი თქვა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციებმა, ასევე სასამართლომ. ასევე ეყრდნობოდა იმ დისბალანსებს, რომელიც ოქმებშია. მზად ვარ მივიდე მე-5 რაუნდზე და მყარი პოზიციით გავაგრძელო მოლაპარაკებები. ცალკე ISFED-ის ანგარიში ვერ იქნება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი. ამის ილუზია ნურავის ექნება. ძალიან სამწუხარო ფაქტია ISFED-სგან, რომელსაც ჰქონდა ძალიან მაღალი ნდობა, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ჩატარებული ყველა არჩევნების დროს. ამიტომ მხოლოდ განცხადება საკმარისი არ არის და დეტალურად უნდა განმარტონ რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.