ჩვენ ვერ უზრუნველვყავით, ერთხელ მაინც, სერიოზულად განგვეხილა „ქართული ოცნების“ შემოთავაზება, იქნებ, რამე ჭკვიანურიც ეწერა ზედ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ მას მზითევში კობახიძე მოაყოლა, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებით „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების ჩაშლა უნდოდა.
„ახლაც არ არის დისკუსია, ელისაშვილის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, ადამიანმა რაღაც თქვა და სამი დღეა, ლანძღავენ. ფიზიკურად, დისკუსია ჯერ არ ყოფილა და მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი მედია გვაქვს, ჩვენ ვერ უზრუნველვყავით სერიოზულად განგვეხილა ერთხელ მაინც „ქართული ოცნების“ შემოთავაზება, იქნებ, რამე ჭკვიანურიც ეწერა ზედ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ მას მზითევში კობახიძე მოაყოლა, რომელმაც თან თქვა, რაღაც შეთავაზება დავდე, ამ შეთავაზებასთან, რაც დავდე, ვაპირებ, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლასო... სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძის ეს განცხადება პირდაპირ იმისკენ იყო მიმართული, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა, მოლაპარაკება ჩაშალოს. საერთაშორისო პარტნიორები ახლა კი ჩვენ გვაკრიტიკებენ, მაგრამ ნელ-ნელა ისინი გაიგებენ, ლაპარაკი რომ გვდომოდა და მოლაპარაკებაც, კაცი გამოვიდა და ჩემ პოლიტიკურ პარტნიორებზე თქვა, რომელიც მჭირდება იმაში, რომ ჩემ მიზანს მივაღწიო, ამათ არჩევნების მერე კანონით ავკრძალავ და გავაუქმებო“, - განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, მას სურს პარლამენტში შესვლა და ამის შესახებ არასდროს დაუმალავს, თუმცა არა ისეთ პარლამენტში, სადაც განსხვავებული აზრი არ ისმის და წარმომადგენლობით ორგანოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა არ შეუძლია.
„მარტო „გირჩი“ პარლამენტში არ იქნება. 113 კაცი თუ არ შევიდა, „გირჩი“ ისე პარლამენტში არ იქნება. 113 ადამიანი თუ შევიდა და „ნაციონალური მოძრაობა“ თუ შევიდა პარლამენტში, „გირჩი“ რომ არ შედის, ეს ხომ სიგიჟე იქნება. ამ პოზიციაში რამე კითხვის ნიშანი შეიძლება დარჩეს ? უბრალოდ არსებობენ ჩემი კოლეგები ოპოზიციაში, რომლებიც ამბობენ, რომ არ გვინდა ჩვენ დეპუტატობაო, ანუ, ასეთი ხალხიც არსებობს. მე ღიად ვამბობ, რომ მე მინდა პარლამენტში შესვლა. არასდროს არ დამიმალავს, „გირჩი“ პარლამენტში!“, - ეწერა ჩემს საარჩევნო კამპანიას. ჩემს კოლეგებს, რომლებიც გახდნენ პარლამენტის წევრები, თითქოს „უტყდებათ“, რომ გახდნენ პარლამენტის წევრები. მე მიხარია, რომ გავხდი და კითხვის ნიშნები ამ არჩევნებში ჩემს დეპუტატობას კი არ აქვს, აქვს „ქართული ოცნების“ დეპუტატობას, დღეს რომ იქ ისხდნენ, თორემ, მე რომ დეპუტატი ვარ, ხალხმა ხომ იცის.
მეორე საკითხია, შეძლო თუ არა ქართულმა სახელმწიფომ, ჩემნაირი ხალხისთვის გაეკეთებინა პარლამენტი. როგორც ერთხელ ამ ქვეყანამ სასამართლო ვერ გამიკეთა, როგორც იურისტს, ამ შემთხვევაში, როგორც არჩეულ დეპუტატს, სახელმწიფომ ვერ გამიკეთა პარლამენტი, იქ შესვლა სირცხვილია! სირცხვილია იმიტომ, რომ განსხვავებული აზრი არ ისმის, ერთი პარტიაა მარტო. შეიძლება, რომ პარლამენტში განსხვავებული აზრი არ ისმოდეს ?! და მეორე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია, კონსტიტუციაში ვერ შეიტანს ცვლილებას და ამ ქვეყანას ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სჭირდება. მეპატიჟებიან ასეთ ადგილას, თან მეუბნებიან არ გინდათ პარლამენტში შესვლაო. მინდა! ოღონდ ეს არ არის პარლამენტი. იქ არ მინდა შესვლა, რაღაცა უცნაურობაში, ამისთვის არ ვშრომობდი ამდენი ხანი, სხვა რამისთვის ვიშრომე“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.