“ოცნებას” და "ნაციონალურ მოძრაობას" მშვენივრად აქვთ საქმე, მათთვის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ისაა, რომ არ დაუშვან შუაში მესამე ძალის გაჩენა. ასე რომ, ალეკო ელისაშვილის ნაბიჯი "ნაცმოს" თამაშიდან გამიჯვნას ნიშნავს. იმას ვერ ვიტყვი, რომ აუცილებლად ელისაშვილი და მისი პარტია გახდება მესამე ძალა, მაგრამ ის, რომ განცხადება გაკეთდა და გაემიჯნა, ძალიან კარგია. შესაძლოა, ვიღაცეები კიდევ გამოჩნდნენ ასეთები პარტიულად თუ არა, ინდივიდუალურად მაინც. დღეს, ამ გართულებული ვითარების ფონზე, ერთადერთი ელისაშვილია ჯერ, რომელმაც დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია, სწორი პოზიცია, ვინაიდან ყველა ვარიანტში საარჩევნო კოდექსი და 1%-იანი ბარიერი ის თემებია, რომელიც ქართული დემოკრატიისთვის იქნება კარგი. თუ 5%-იანი ბარიერი დარჩება, ჩათვალეთ, რომ ისევ მარტო ნაცები და ქოცები დარჩებიან პარლამენტში", - ამბობს ambebi.ge-სთან ინტერვიუში პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე:
- დღეს შეიკრიბა პარლამენტი, ამ ეტაპზე ერთპარტიულად. ოპოზიციის ნაწილი აპირებს განცხადებების გაკეთებას და სიის ჩახსნას. ვნახოთ, როგორ წავა ეს პროცესი, თუმცა სიის ჩახსნის პროცესი არ მთავრდება იმიტომ, რომ მერე სათითაოდ უნდა დაიწეროს განცხადებები და პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი. ერთ კვირაში ალბათ პარლამენტი უნდა წავიდეს საშემოდგომო შვებულებაში და ეს პროცესი - განცხადებების დაკმაყოფილება ალბათ საგაზაფხულო სესიამდე გადაიდება. ასე რომ, ხელს თუ აძლევს, “ქართული ოცნება” ამ დროს გაწელავს.
- ალეკო ელისაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ხელისუფლებასთან თითქმის მივაღწიეთ შეთანხმებას, მაგრამ ბოკერია-უგულავა შლის მოლაპარაკებასო... მან ოპოზიციას ბოკერიას მძევლებიც უწოდა...
- რაც შეეხება ელისაშვილის განცხადებას, მეც ვეთანხმები მას - კარგია, საარჩევნო სისტემა თუ შეიცვლება და თუ ამ დათმობაზე მიდის ხელისუფლება, ეს ნამდვილად იქნება სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს - ეს ყველაფერი არის კონსტიტუციური ნორმა, საარჩევნო სისტემა იქაა ჩაწერილი და შესაბამისად, საჭირო ხმების რაოდენობას ელისაშვილის და იოსელიანის პარლამენტში შესვლა ვერ აგროვებს, ანუ ამას აზრი არ აქვს. თუმცა ის, რომ მათი მხრიდან ასეთი განცხადება გაკეთდა, არის ძალიან პოზიტიური იმიტომ, რომ ზოგადად ისეთ სიტუაციას ვღებულობთ, რომ შუა ისევ იკაფება. არა და 1% -იანი ბარიერის შემთხვევაში თითქოს იმედი გაჩნდა საზოგადოებაში, რომ რაღაც მესამე ძალა გაჩნდებოდა ქვეყანაში, რომელიც ამ ორი რადიკალური ძალისგან იქნებოდა განსხვავებული. ელისაშვილის ეს განცხადება სწორეთ აქეთაა მიმართული, რაც ძალიან სწორია. მართალია, ხმები არ ეყოფათ და შესვლას აზრი არ აქვს, მაგრამ ის, რომ ელისაშვილი ხმამაღლა ლაპარაკობს იმაზე, რომ შეიძლება ეს ნაბიჯი გადადგას და ამით ოპოზიციის რადიკალურ ფრთას - "ნაციონალებს" და "ევროპული საქართველოს" გაემიჯნოს, კარგია. "ნაცმო" იცით, რას ცდილობს? - რაც უფრო მეტი იქნება რადიკალიზაცია, მით უფრო გაიკაფება შუა, ამომრჩეველს დაიბრუნებს და იქნება ერთადერთი ალტერნატივა, ესაა მისი ამოცანა.
“ევროპული საქართველოსი” საერთოდ არ მესმის. ჯობია, ისინი ისევ "ნაცებს" დაუბრუნდნენ იმიტომ, რომ თუ ვინმეს დანაკარგი ექნა, ყველაზე მეტი მათ ექნებათ იმიტომ, რომ მისი ამომრჩეველი მაინც ყოფილი ნაციონალური ამომრჩეველია და წავა იქეთ, “ლელოს” ამომრჩეველი წამოვა “ოცნებისკენ”. ამას როგორ ვერ ხვდებიან? ამათი არ მესმის, თორემ “ოცნებას” და "ნაცმოს" მშვენივრად აქვთ საქმე, მათთვის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ისაა, რომ არ დაუშვან შუაში მესამე ძალის გაჩენა. ასე რომ, ალეკო ელისაშვილის ნაბიჯი ნაცმოს თამაშიდან გამიჯნვას ნიშნავს. იმას ვერ ვიტყვი, რომ აუცილებლად ელისაშვილი და მისი პარტია გახდება მესამე ძალა, მაგრამ ის, რომ განცხადება გაკეთდა და გაემიჯნა, ძალიან კარგია. შესაძლოა, ვიღაცეები კიდევ გამოჩნდნენ ასეთები პარტიულად თუ არა, ინდივიდუალურად მაინც.
დღეს, ამ გართულებული ვითარების ფონზე, ერთადერთი ელისაშვილია ჯერ, რომელმაც დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია, სწორი პოზიცია, ვინაიდან ყველა ვარიანტში საარჩევნო კოდექსი და 1%-იანი ბარიერი ის თემებია, რომელიც ქართული დემოკრატიისთვის იქნება კარგი. თუ 5%-იანი ბარიერი დარჩება, ჩათვალეთ, რომ ისევ მარტო "ნაცები"და "ქოცები" დარჩებიან პარლამენტში.
1. საარჩევნო ცვლილებები უაღრესად მნიშვნელოვანია.
2. ეს არის ის ნაბიჯი, რომელსაც ექნება მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორებისგან, თორემ ოპოზიცია დღეს თავისი ქმედებებით გადავიდა იმაზე, რომ იზოლირებას აკეთებს მსოფლიოსას - ზოგიერთების გამონათქვამებს თუ გადავხედავთ, მათი აზრით, ამერიკაც და ევროპაც საბჭოთა კავშირია. აღარაფერს უწევენ ანგარიშს და ძალიან გაოცებული ვარ, ვერ ვხვდები, რას აკეთებს ოპოზიცია. ის უპირობოდ ითხოვს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, იციან, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მაინც დადიან მოლაპარაკებებზე, ამით ვითომ დასავლელ პარტნიორებს უწევენ ანგარიშს, მერე მიდიან და მათ ეთერში ლანძღავენ.
- და ამ გაგანია მოლაპარაკებების პროცესში, კობახიძის ცინიზმი და მუქარანარევი რიტორიკა რას ემსახურებოდა? თითქოს სპეციალურად დაუკარგა აზრი მოლაპარაკებას და გზაც მოუჭრა პარლამენტისკენ ოპოზიციას...
- კობახიძის ბრიფინგებს ვუსმინე და მისი ხასიათიდან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ ხისტი პოლიტიკოსია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მისი მიზანი სწორედ ის იყო, ოპოზიციის ის რეაქცია გამოეწვია, როგორიც იყო. მან უბრალოდ, ააგდო ოპოზიცია, "ნაციონალების პარტიას" გავაუქმებთო და ა.შ. მათ არ აწყობთ ერთპარტიულობა და არც ის, რომ ეს მათ დაბრალდეთ და ისიც არა ქვეყნის შიგნით, პარტნიორებთან ურთიერთობაში. ყველაფერ ამას თავი დავანებოთ და თეორიულად დავუშვათ, რომ ოპოზიცია მოვიდეს ხელისუფლებაში. მას თუ არ ექნა დასავლეთის მხარდაჭერა, ძალიან მაინტერესებს, როგორ აპირებენ ამ ქვეყნის მართვას, როდესაც ისინი ასეთი აგრესიულები არიან მათ მიმართ? ჩვენ ხომ 30 წელია, ფაქტობრივად, დასავლეთი გვარჩენს. იმის თქმა - დასავლეთი საბჭოთა კავშირი ხომ არაა, რამე გვიკარნახოსო, რა არის? არავინ არაფერს გკარნახობს, რა თამაშს თამაშობენ, ვერ გავიგე. კი, ბატონო, დატოვონ ეს პარლამენტი და ამის შემდეგ რას აკეთებენ, იციან? ყოვლად გაუგებარია მათი პოზიცია. ჯანდაბას, სხვისი ისტორია რომ არ იცი, მაგრამ 2008-შიც რომ დახიეს მანდატები, მაშინდელმა ამ ნაბიჯმა რა შედეგი მოუტანა ოპოზიციას, ის ხომ იციან? რა მოუტანა და - მარცხი.
- 21-ე საუკუნეში ერთპარტიული პარლამენტი დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ქვეყნისთვის ალბათ კატასტროფაა...
- თავისთავად, არასასიამოვნოა ერთპარტიული პარლამენტი, მაგრამ რეალურად, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს - 2/3-ით რა კანონებიც მიიღება, იმას არ მიიღებენ და დანარჩენი, ჩვეულებრივად გააგრძელებენ საქმიანობას. საკონსტიტუციო ცვლილების პროცესს 23 დეპუტატი კიდევ დასჭირდება, 113 რომ იყოს. პრობლემა ხელისუფლებას იმიტომ კი არ შეექმნება, რომ ერთპარტიული პარლამენტია. გულწრფელად თუ ვიტყვით, საქართველოში სულ ერთპარტიული პარლამენტია. პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა როცა გაქვს პარლამენტში, იქ ოპოზიციას რა როლი აქვს, რო? - მხოლოდ ლაპარაკი და ეგაა. ასე რომ, პრობლემა სხვაა - ზოგადად, მთელ პოლიტიკურ სპექტრში არსებობს კი რესურსი, ეს ქვეყანა სტაბილური განვითარების კალაპოტში რომ ჩააყენოს? ესაა პრობლემა ორივესი, “ოცნებისაც”. აქ ისეთი მასშტაბური რეფორმებია გასატარებელი, სრულიად ახლებური მიდგომებია საჭირო იმისთვის, რომ ამ უბედურებას დავაღწიოთ თავი. ისედაც ცუდ მდგომარეობაში ვიყავით და ამას ზედ დაერთო კორონაც. საშინელი ვითარებაა ქვეყანაში, ამიტომ ესაა აქ პრობლემა და არა ის, ოპოზიცია შევა თუ არა პარლამენტში. “ქართული ოცნება” თუ შეძლებს და კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას, ის 24 წლის არჩევნებსაც მოიგებს და მართლა ერთპარტიული გახდება ქვეყანა, თუ ვერ შეძლებს, ეს ჩვენი და მთელი ქვეყნის თავზე გადატყდება, ესაა უბედურება. ამაში პოლიტიკური სპექტრი უნდა ღებულობდეს მონაწილეობას, რამხელა შესაძლებლობაც აქვს, ყველა პასუხისმგებელია ქვეყნის მომავალზე, მაგრამ აკეთებენ?