„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 11 დეკემბერს ოპოზიცია შეიკრიბება და დოკუმენტს მოაწერს ხელს. პირველი ეს იქნება 60 დეპუტატის ხელმოწერა. მეორე პარტიის თავმჯდომარეების ხელმოწერა, რომლებიც საკუთარ პარტიულ სიებს ჩახსნიან და მესამე დოკუმენტი, რომელსაც ხელს სრულიად ოპოზიცა მოაწერს.
ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ვიმსჯელეთ დღეს არსებულ ვითარებაზე. ცხადია, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის ფაქტი, რომ 11 დეკემბერს, მაშინ როდესაც ივანიშვილის ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება, სრულიად ოპოზიციური სპექტრი, ყველა, შეიკრიბება და გაკეთდება კიდევ ერთხელ საჯაროდ არამხოლოდ განცხადება, არამედ სამართლებრივი და პოლიტიკური აქტი. ეს იქნება ხელმოწერები იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატები, რომლებიც დღეს არიან არჩეულები, აცხადებენ, რომ ისინი არ შედიან პარლამენტში და უარს აცხადებენ დეპუტატის სტატუსზე. ამასთან პარტიის თავმჯდომარეები ჩახსნიან სიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო ის, რაც დაიმსახურა, თუმცა, საქართველომ მიიღო ის, რაც არ დაუმსახურებია. იმიტომ რომ ჩვენ, მთელი საქართველო იმისთვის არ ვიბრძოდით, რომ დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე, მიგვეღო ერთპარტიული პარლამენტი. ჩვენ კობახიძის პირით სრულიად ოპოზიციას და მედიას გამოგვიცხადეს ომი. რაც არ უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა, საქართველო 21-ე საუკუნეში არ მოითმენს ერთპარტიულ პარლამენტს და ეს პროცესი, ძალიან მალე, 2021 წელს დამთავრდება ხელახალი ვადამდელი არჩევნებით და დამთავრდება საქართველოს გამარჯვებით, რაც ნიშნავს დღევანდელი ოლიგარქიული და ერთმმართველური ხელისუფლების დასრულებას საქართველოში", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, კამათი ოპოზიციაში არის იმასთან დაკავშირებით თუ რა გზით არის უმჯობესი მოვიპოვოთ ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები.
"კამათი, იმასთან დაკავშირებით, რომ არჩენები გაყალბდა და ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, არ არის. მე დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ელისაშვილი გონს მოეგება და არ გადადგმას იმ ნაბიჯს, რომელზეც დღეს ისაუბრა. თუ რომელიმე კოლეგას ნერვები უმტყუნებს და გაიყიდება, მერე ვისაუბრებთ, ახლა არა. და კიდევ ერთი, უკვე მესამედ ოპოზიციურ და სამთავრობო მოლაპარაკებებს მედიატორების მეშვეობით, სილა გააწნა "ქართულმა ოცნებამ". პირველად, როცა ცესკომ შემაჯამებელი ოქმი გამოსცა; მეორედ, მეორე ტურებთან დაკავშირებით და მესამედ ახლა, როცა მოლაპარაკების წინ პრაქტიკულად ომი გამოგვიცხადა", - განაცხადა ბურჯანაძემ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით კი, მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიცია მაინც მივა მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე და „თავის სათქმელს იტყვის“.
როგორც მან ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ოპოზიცის პოზიცია უცვლელია და ისინი რჩებიან ბოიკოტის რეჟიმში.
„მეხუთე რაუნდი როცა დაინიშნება, დაინიშნება. ჩვენ არ ვაპირებთ მაგიდის აყირავებას მიუხედავად „ქართული ოცნების" სრული შემადგენლობის. იმ ერთ ღლაპზე, კობახიძე რომაა გვარად, ნუ დავიყვანთ იმიტომ, რომ კობახიძემ განაცხადა ექსპლიციტურად „ქართული ოცნების“ საერთო პოზიცია, რომ დაიწყოს პოლიტიკური ტერორი ქვეყანაში, რომ აიკრძალოს ოპოზიციური პარტიები, რომ შევიწროვდეს თავისუფალი მედია, რომ დაფინანსება ჩამოერთვას და ყველანაირად შევიწროვდეს ოპოზიცია. ჩვენ ეს მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ოფიციალური პოზიცია. მიუხედავად ამისა, თუ ჩაინიშნება მეხუთე რაუნდი, მივალთ და ჩვენ სათქმელს ვიტყვით. ჩვენი სათქმელი რჩება კვლავ იგივე, ბოიკოტი გრძელდება, ვინც არ უნდა გამოაკლდეს. დარწმუნებული ვარ, რომ 11 დეკემბერს და მერეც, მაინც მარტო მოუწევს „ქართულ ოცნებას“ ჯდომა. ჩვენ მივდივართ ჩვენი გზით. ეს გზა რას ნიშნავს - იმ რვა პარტიის მიერ, რომელიც ფორმალურად ბარიერგადალახულად ითვლება, ხელი მოეწერება პარტიული სიების ჩახსნას, ამით „ქართული ოცნება“ დაანებებს ყველა იმ ადამიანს თავს, რომელსაც ატერორებს და ხალიჩის ქვევიდან ეჩალიჩება, რომ შეიყვანოს და თან იძახიან, რომ დიდად არ უნდათ ოპოზიციის ყოფნა. მეორე - კანონით 16-17 დეკემბერს ყველა ის ფორმალურად გასული დეპუტატი ინდივიდუალურად დაწერს განცხადებას და დატოვებს პარლამენტს. დღეს როგორც აღმოვაჩინე, კობახიძეს წაუკითხავს კონსტიტუცია, რომლის 39-ე მუხლი, ცალსახად ამბობს, რომ ადამიანს თუ აღარ უნდა დაწერს განცხადებას, უმრავლესობა კი ვალდებულია დააკმაყოფილოს. ის ბოდვა, რასაც მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში ვისმენდით, რომ თურმე საბოტაჟი უნდა ვინმეს და ამიტომ არ გაუშვებდა პარლამენტიდან, არა. პარლამენტი იქნება ერთპარტიული. ეს არის პოლიტიკური ოპოზიციის გადაწყვეტილება მას შემდეგ, როდესაც მივიღეთ სრული გაყალბება და უტიფრობა "ქართული ოცნებისგან"“, - განაცხადა უგულავამ.
უგულავა ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის ინიციატივას არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
„გააყალბეს თვითონ, მოირგეს ეს სავარძლები თვითონ და კომისიას ქმნიან თვითონ, რომ თავისი გაყალბებული თვითონ გამოიძიონ. მანდ „ენჯეო“ იქნება კოლექტიური ბოჟაძე“, - განაცხადა მან.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციაში უმცირესობას მიაჩნია, რომ დეპუტატის მანდატზე უარის თქმის შესახებ განცხადების დაწერა უნდა დაყოვნდეს.
„განსხვავებული აზრი არის, უმცირესობას მიაჩნია, რომ განცხადებების დაწერა დაყოვნდეს, მაგრამ პრინციპული პოზიციაა, რომ კანონით განცხადების დაწერა უწევს მას შემდეგ, რაც სიები ჩაიხსნება. ერთადერთი ლეგიტიმური გზა დარჩა ბოიკოტი, ბოიკოტის მიღმა სხვა ალტერნატივას „ქართული ოცნება“ არ ტოვებს“, - განაცხადა უგულავამ.
"არ მინდა აღმოჩნდეს ერთი ოპოზიციონერი მაინც, ვინც „ქართული ოცნების“ რიგებში შევა", - ამის შესახებ კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ოპოზიციის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, არანაირი არგუმენტი, მიზეზი ან საბაბი არ მიიღება იმის გასამართლებლად, რომ პარლამენტში რომელიმე ოპოზიციონერი შევიდეს.
„ნათქვამ-ნამოქმედარის შეჭმარიტი ფასი დადგება პარასკევს, 11 დეკემბერს. განცხადებებს ვინც დაწერს, ე.ი. ის უარს ამბობს ბიძინა ივანიშვილისთვის მოპარული არჩევნების გაფორმებაზე. ვინც არ დაწერს, მე ასე ვუყურებ, ის უბრალოდ იღებს ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესებს. ვიმედოვნებ, არ აღმოჩნდება არცერთი ოპოზიციონერი, რომელიც თავისი პარტიის სიით არის გასული პარლამენტში, რომელიც არ დაწერს განცხადებას. სხვის მაგივრად სწორი არ იქნება, რომ ვიმარჩიელო. რაწამს მე ბიძინა ივანიშვილის თამაშს გავიზიარებ, მე აღარ ვიქნები არც დეპუტატი და არც ოპოზიციონერი, ვიქნები ბიძინა ივანიშვილისთვის 91-ე დეპუტატი“, - განაცხადა მელიამ.
მისი განმარტებით, 11 დეკემბერს ყველა დარწმუნდება, ვინ რჩება ოპოზიციაში და ვინ გადადის „ქართულ ოცნებაში“.
„არ მინდა აღმოჩნდეს ერთი ოპოზიციონერი მაინც, ვინც „ქართული ოცნების“ რიგებში შევა. ამის დიდი სურვილი მაქვს. ყველაფერს ვაკეთებდი და ვაკეთებ მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად, რომ ასეთი ადამიანი არ აღმოჩნდეს. იმიტომ, რომ ის არ იქნება უბრალოდ ოპოზიციონერი, მეტიც არც „ქართული ოცნების“ წევრადაც არ ივარგებს. ის იქნება საგანი, პუფი, რომელიც უკვე გახუნებულია მზის ქვეშ. როგორც თაკარა მზის ქვეშ დევს პუფი და გახუნდება, ასეთი იერსახე ექნება ნებისმიერ ოპოზიციონერს, ვინც იქ შევა. იმედია, თვითგანადგურების რეჟიმზე საკუთარ თავს არ გადაიყვანენ. მინდა, რომ არავინ შევიდეს. არანაირი არგუმენტი, მიზეზი და საბაბი არ მიიღება იმის გასამართლებლად, რომ პარლამენტში ვინმე შევიდეს“,-განაცხადა მელიამ.
მან "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ ყელში ყავს გაჩხერილი“.
„ბატონი კობახიძე ახმოვანებს ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილებს. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ ყელში ყავს გაჩხერილი ამ ოლიგარქს წლების განმავლობაში, ეს ფაქტია. დასუსტების ნაცვლად, ჩვენ ვძლიერდებით და ვძლიერდებით. მისთვის რთულია ამ ყველაფრის პოლიტიკურად გადახარშვა. ბატონი კობახიძის გამოხტომა იყო ნათელი დადასტურება იმისა, თუ რა რეჟიმთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მელიამ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხვალ პარტიაში დიდი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
როგორც გიორგი ვაშაძე განმარტავს, ის, რომ პარლამენტში არ შევლენ, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, შეხვედრაზე კი სხვადასხვა დეტალებზე ისაუბრებენ.
„შეეხება ყველა მიმდინარე საკითხს, უამრავი თემა გვაქვს განსახილველი, ამ ორომტრიალში ვერ შევძელით კონკრეტულად, დეტალურად მსჯელობა სხვადასხვა საკითხებზე. პოლიტსაბჭო რა, ეს იქნება უფრო დიდი სამუშაო შეხვედრა, სადაც აბსოლუტურად ყველა საკითხზე გვექნება მსჯელობა. ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრაა, არაფერი განსაკუთრებული.. ეს არის პარასკევთან დაკავშირებით, იგივე განცხადების დაწერის პროცედურაში როგორ მივიღებთ მონაწილეობას და ჩვენ რა როლი გვექნება იმ სქემიდან გამომდინარე, რაზეც დღეს ვიმსჯელეთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან“, - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე განმარტებით, პარტიაში ერთიანი პოზიციაა, რაც შეეხება იმას, პროცედურულად, თუ როგორ იმოქმედებენ, ვაშაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებას ერთად მიიღებენ.
კითხვაზე, მმართველი გუნდის მხრიდან შემოთავაზება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემდეგ, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა საკმარისი, ვაშაძე აცხადებს, რომ ამას ნაჩქარევად ვერ უპასუხებს.
„ვერ იქნება საკმარისი, არ ვიცი, ამ წინადადებაზე არც მიფიქრია, პირდაპირ გეტყვით, არ მინდა ნაჩქარევად გავაკეთო განცხადება. ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა შემდეგი რაუნდის შეხვედრა, სადაც დეტალურად მოვისმენდით ამ ყველაფერს, მაგრამ ის, რომ ჩვენ პარლამენტში შევიდეთ და მერე იქ რაღაც დადგინდეს და მერე დანიშნონ მთელი ეს პროცესი შეთანხმების, ასე ვერ მოხდება. ამოცანა არის შემდეგი - შეთანხმება უნდა შედგეს, შეთანხმება ან არის, ან არ არის. თუ შეთანხმება არ არის, პარლამენტში შესვლას არ ვიხილავთ, თუ შეთანხმება არის, რა თქმა უნდა, პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას ვიხილავთ“, - განაცხადა ვაშაძემ.