რეგიონში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარებიდან, ისევე, როგორც ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პროცესებიდან გამომდინარე, საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. როგორ უყურებს საერთაშორისო საზოგადოება, დასავლეთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს - განსაკუთრებით, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩენილ კითხვის ნიშნებს და რა გამოსავალს ხედავს ამ რთული ვითარებიდან? ამასთან, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ქვეყანაზე მნიშვნელოვანმა პროცესებმა მსოფლიოში, მათ შორის ახალმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ნატო-ს მიერ ღია კარის პოლიტიკის გაგრძელების დადასტურებამ? ამ ყველაფერზე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი "ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიურად ესაუბრა.
- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან თვეზე მეტი გავიდა. პირველ რიგში, როგორ შეაფასებთ ჩატარებულ არჩევნებს, რომლის დროსაც საკმაო რაოდენობით დარღვევების და ხმების არასწორად დათვლის შესახებ იყო საუბარი? ასევე ვიცით, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სარჩელები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ მიიღო...
- ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნები საკმაოდ პრობლემური იყო. ვიცი, რომ "ქართული ოცნების" და მთავრობის მხარე ცდილობს, არჩევნები მაქსიმალურად საუკეთესო შუქზე წარმოაჩინოს. მათ შეარჩიეს საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებების გარკვეული ნაწილები, რომლებშიც არჩევნები დადებითად აისახა. მაგრამ რა თქმა უნდა, ოპოზიციას სულ სხვა შეხედულება აქვს და ასევე, არიან სხვა დამკვირვებლები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო, რომლებიც იზიარებენ კრიტიკას, რომ არჩევნები იდეალურისგან შორს იყო, ისინი წარმოადგენენ ზოგიერთ რეალურ პრობლემას, მათ შორის - "ქართული ოცნების" პროცენტული წილის გაზრდასაც. ოპოზიციამ თქვა, რომ ისინი არ დაიკავებენ ადგილებს ახალ პარლამენტში, თუ ახალი არჩევნები არ ჩატარდება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ შეიცვლება. შესაბამისად, საქართველო ფაქტობრივად, ჩიხშია, რაც ძალიან სამწუხაროა. მე "ქართული ოცნების" მხრიდან კომპრომისზე წასვლის დიდ ინტერესს ვერ ვხედავ და ვფიქრობ, რომ კრიზისის მოსაგვარებლად - ჩემი აზრით, ეს სწორედ კრიზისია - ორივე მხარემ უნდა მოძებნოს კომპრომისული სივრცეები.
- რატომ ერიდება “ქართული ოცნება“ კომპრომისზე წასვლას?
- როგორც ჩანს, ისინი წინსვლაზე არიან ორიენტირებულნი, უგულებელყოფენ ოპოზიციის პრეტენზიებს და დიდი ინტერესი არ გამოუჩენიათ არც ახალი არჩევნების ჩატარების მიმართ. ვიცი, რომ ასევე იყო წინადადება პლებისციტის ჩატარების შესახებ, რათა ამომრჩევლისთვის დასმულიყო კითხვა, სურთ თუ არა ახალი არჩევნების ჩატარება. ამის პრობლემა, რა თქმა უნდა, ქართველი ამომრჩევლისთვის სავარაუდოდ, საარჩევნო უბნებზე წელიწადის განმავლობაში 4-ჯერ მისვლის თხოვნაა - პირველი ტური 31 ოქტომბერს იყო, მეორე ტური რამდენიმე კვირის შემდეგ, თუ პლებისციტი ჩატარდება და თუ შედეგად ახალი არჩევნების ჩატარება გადაწყდება, ქართველ ამომრჩეველს ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრს თხოვთ. ასე რომ ვფიქრობ, მთავრობას გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი, რისი შედეგიც შეიძლება, ერთპარტიული პარლამენტი იყოს, რაც საქართველოსთვის ჯანსაღი განვითარება არ არის და საერთაშორისო საზოგადოებაში საქართველოს იმიჯზე კარგად არ აისახება. ვიმედოვნებ, რომ საკითხი რამენაირად გადაწყდება.
მაგრამ, რა თქმა უნდა, პრობლემებს არჩევნების მიღმა მივყავართ, ზოგიერთი ინსტიტუტის, სასამართლოს და სხვა საკითხების ჩათვლით, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია. ახლა ასევე ვხედავთ (და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ინტერესის არარსებობაზე "ქართული ოცნების“ და მთავრობის მხრიდან) ზოგიერთი ოპოზიციონერისა და მედიის წარმომადგენლის წინააღმდეგ საქმეების განახლების შესაძლებლობას - ეს იმედისმომცემი განვითარება არ არის.
- ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული?
- დიაც. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პასუხი მთავრობისა და "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ "თუ თქვენ გააგრძელებთ ზეწოლას, ჩვენ განვაახლებთ გამოძიებებს და საქმეები სასამართლოებში გაგრძელდება", ეს კი კრიზისის მოგვარების გზა არაა. ვიმედოვნებ, ორივე მხარე აღიარებს, რომ პოზიციები უნდა დაახლოვდეს, რადგან ჩიხში შესული პოლიტიკური კრიზისი საქართველოსთვის კარგი არ იქნება. ამით მხოლოდ ერთი მხარე იქნება კმაყოფილი, ეს კი მოსკოვია. იმედი მაქვს, რომ საქართველოში ყველა მოთამაშეს ესმის, რომ მათ ეს უნდა მოაგვარონ და საკმაოდ სწრაფად.
- მიუხედავად არჩევნების შემდგომ საწყისი საპროტესტო ტალღისა, ელოდით თუ არა, რომ ოპოზიცია ამდენი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებდა პოზიციას პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით?
- ვფიქრობ, საქართველოში სიტუაცია, ისევე, როგორც აქ, აშშ-ში, ძალიან პოლარიზებულია. ჩემი აზრით, ორივე მხარე ძალიან მტკიცე პოზიციებზე დგას. ცოტა მიკვირს, რომ ოპოზიცია ერთიანი დარჩა, საკმაოდ მრავალფეროვანი ოპოზიცია არჩევნების წინ აშკარად არ იყო გაერთიანებული, მაგრამ არჩევნების შემდეგ ერთიანობა შეინარჩუნეს, ამიტომ, ამან ცოტა გამაკვირვა. მაგრამ მგონია, რომ ეს პოლარიზებულ და გარკვეულწილად, პერსონიფიცირებულ ვითარებაზე მეტყველებს, რადგან ბიძინა ივანიშვილის, მიხეილ სააკაშვილის ფიგურები საკმაოდ გამორჩეულ როლებს თამაშობენ, მიუხედავად იმისა, რომ ბიულეტენში რეალურად, არც ერთი მათგანი ყოფილა, თუმცა ფარდის მიღმა ისინი საკმაოდ მნიშვნელოვან როლებს ასრულებენ.
- თქვენი აზრით, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში არც ერთ სხვა ფიგურას არ აქვს მნიშვნელობა?
- ჩემი აზრით, სხვა ადამიანები მნიშვნელოვანია და არ მინდა იმის თქმა, რომ მხოლოდ ამ პირებს აქვთ მნიშვნელობა. სინამდვილეში, ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სხვა ადამიანები წინ წამოიწიონ და ამ სიტუაციაში არსებითი როლი დაიკავონ. ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, სწორედ ეს ორი ახშობს ბევრი სხვა მოთამაშის როლს. შეერთებულ შტატებშიც, დონალდ ტრამპი რესპუბლიკურ პარტიაში სხვების როლს ახშობს, ასე რომ, ეს მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი ფენომენი არაა და აქ, აშშ-შიც ხდება. გააგრძლეთ კითხვა