“სამწუხაროდ დავკარგეთ ძალიან საყვარელი და კარგი გოგონა. როგორც ვიცი, ანას ავტომანქანას საბურავი გაუსკდა და ხეს შეეჯახა. 22 წლის გოგონა შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. კიდევ ერთი ჩვენიანი დავკარგეთ. მეამაყება ყველა ავტომოყვარული გოგო. შეიძლება არ ვიცნობდი, მაგრამ ბევრჯერ მინახავს მისი სრიალი ჯინოზე. სამწუხაროა, რომ დაგვტოვა და გულში სევდა დაგვიტოვა", - ეს სტატუსი ერთმა ავტომოყვარულმა დაწერა გოგონაზე, რომელიც თბილისში საშინელ ავტოავარიას ემსხვერპლა.
უბედური შემთხვევა 6 დეკემბრის საღამოს, აეროპორტის გზატკეცილზე, კონკრეტულად, ორხევის ხიდის ქვეშ მოხდა. სწრაფად მომავალი “ნისანის” მარკის ავტომანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა.
22 წლის ანი გოგრიჭიანი ადგილზე გარდაიცვალა, მძიმედ დაშავებული მისი თანმხლები ორი პირი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
ambebi.ge-სთან ანას ახლობელი ჰყვება:
“იმ დღეს ძალიან ცუდი ამინდი იყო, წვიმდა. როგორც ჩანს, ანა სწრაფად მოდიოდა, კომენდანტის საათისთვის რომ მიესწრო, მარჯვენასაჭიანი მანქანა ჰყავდა... მანქანა მოუცურდა და ხეს შეეჯახა, განათების ბოძი გადმოვარდა და მის მანქანას ზედ დაეცა. როგორც აღმოჩნდა, ავტომანქანას საბურავი გაუსკდა, შედეგად საჭე ვერ დაიმორჩილა, მოსრიალდა და ხეს შეეჯახა მძღოლის მხარეს. მანქანის გაჭრა მოუწიათ, გარდაცვლილი რომ ამოეყვანათ, საზარელი სანახაობა იყო... ანა 22 წლის იყო, დრიფტი უყვარდა და ხშირად სრიალებდა. მართლაც რომ უსაყვარლესი გოგო იყო, თვალებბრიალა, სიცოცხლით სავსე, კეთილი, ყურადღებიანი, ზრდილობიანი. მის მშობლებს ერთი შვილი, ანას პატარა ძმა დარჩათ... ძალიან დიდი ტკივილია ჩვენთვის ანას უდროოდ დაკარგვა”.