რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოსაზრებით, ხელოვნური ინტელექტი ჯერჯერობით სახელმწიფოს მეთაური ვერ გახდება, "რადგან მას გული, სული და სინდისი არ გააჩნია". ამის შესახებ პუტინმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე Artificial Intelligence Journey ჩართვისას ისაუბრა.
ვლადიმერ პუტინს შესაბამისი კითხვა ვირტუალურმა ასისტენტმა „აფინამ“ დაუსვა. კითხვა შემდეგში მდგომარეობდა: „შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს გახდეს პრეზიდენტი“. ამაზე პუტინმა უპასუხა:
"იმედი მაქვს - არა. ხელოვნურ ინტელექტს არ აქვს გული, სული, თანაგრძნობის განცდა და სინდისი. ყველა ეს კომპონენტი კი ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებისას განსაკუთრებული უფლებამოსილებით დაჯილდოებული ადამიანებისთვის. ზოგჯერ გვიწევს ერთი შეხედვით არც ისე რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა მათი მიღება საჭიროა ქვეყნის მოქალაქეთა ისტორიიდან, კულტურიდან, არსებული პრაქტიკიდან, მისწრაფებებიდან, მოლოდინებიდან გამომდინარე.
ზოგჯერ ეს გადაწყვეტილებები არარაციონალური ჩანს, თუმცა ყველაფერი ეს ადამიანი პრეზიდენტისთვის დასაბუთებულია, რადგან ის გადაწყვეტილებებს იღებს არა მანქანის, არამედ ცოცხალი ადამიანების ინტერესებიდან გამომდინარე და ამაზე უნდა იფიქროს. ასე რომ, ჩემი შეხედულებით, ჯერჯერობით მანქანა, ხელოვნური ინტელექტი სახელმწიფოს მეთაურის ჩანაცვლებას ვერ შეძლებს“, - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, მას მიაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს პრეზიდენტის კარგი დამხმარე.