კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგონა, თეკლა თორდია დაკრძალეს. სოციალურ ქსელში კი თეკლას მამა, რატი თორდია ტრაგედიაზე წერს:
"დღეს მიწას მივაბარეთ თეკლა, მაგრამ ისეთი შეგრძნება გვაქვს მე და ირმას, რომ ჩვენ ვართ თავად მიწას მიბარებული. რა ტკივილიც გამოიარეს ჩემმა მშობლებმა, ბაბუაჩემმა და ჩემმა დიდედამ, იგივე გვერგო ჩვენც, თითქოს გენეტიკური წყევლა ყოფილიყოს. მართალია, თეკლას დაკარგვა აუწონავი სიმძიმეა, მაგრამ ამ უბედურების დროს თითოეული თქვენგანის გვერდში დგომა ჩვენთვის დიდი ნუგეში იყო და ამისათვის ყველას (დაკონკრეტების გარეშე) დიდ მადლობას გიხდით.
ყველა იმ ოჯახს ვუსამძიმრებ, სადაც დღეს ანალოგიური ტრაგედია ხდება. ეს უბედურება უნდა გაჩერდეს!..ჯანმრთელობასა და მშვიდობას ეზეიმოს მსოფლიოში კორონასა და სიბოროტეზე გამარჯვებით.მშობელს აღარასდროს დაეტირებინოს შვილი!" - წერს რატი თორდია.
Covid-19 -ის დიაგნოზით 30 ნოემბერს, საღამოს, 19 წლის თეკლა თორდია გარდაიცვალა. პაციენტს თანმხლები დაავადება შაქრიანი დიაბეტი აღენიშნებოდა. ინფიცირებული გოგონა დაავადების მეექვსე დღემდე სახლში მკურნალობდა, რადგან მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა. მეექვსე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - დაეწყო ძლიერი ხველება, მაღალი ტემპერატურა და შაქრის მაჩვენებელი უმართავი გახდა.
ამის შემდეგ ოჯახმა მისი კლინიკაში გადაყვანა მოითხოვა, რაზეც ადგილების არარსებობის გამო უარი უთხრეს. კლინიკის მაგივრად, პაციენტი კოვიდ სასტუმროში გადაიყვანეს. იქ მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. საბოლოოდ, პაციენტის "გერმანულ ჰოსპიტალში" გადაყვანა მოხერხდა, სადაც იგი მკურნალობის მეექვსე დღეს გარდაიცვალა.