ავტორი:

"ეს დოკუმენტი განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება ქვეყანა 1 წლის შემდეგ" - პრემიერი ბიუჯეტის მიზნებსა და ბიზნესისა და სოციალური მხარდაჭერის მე-4 ტალღაზე

"ეს დოკუმენტი განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება ქვეყანა 1 წლის შემდეგ" - პრემიერი ბიუჯეტის მიზნებსა და ბიზნესისა და სოციალური მხარდაჭერის მე-4 ტალღაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პარლამენტისთვის წარდგენილი 2021 წლის ბიუჯეტი არის დაბალანსებული. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, ბიუჯეტის ძირითადი მიზანია პანდემიასთან ბრძოლა, ასევე, მოსახლეობისა და ბიზნესისთვის მიზნობრივი დახმარების გაწევა და პოსტკრიზისული პერიოდისთვის ეკონომიკის მომზადება.

„ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც არის უაღესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წლის განმავლობაში, ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ ერთი წლის შემდეგ როგორი იქნება ქვეყანა. ბიუჯეტი არის დაბალანსებული, რომლის ძირითადი მიზნებია, პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, დახმარება ბიზნესისთვის და, რა თქმა უნდა, ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის. ეს არის ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ სავალუტო ფონდთან ერთად ვიმუშავეთ და რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კრიზისში, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთანავე, პრემიერმა მოსახლეობის სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ტალღაზე ისაუბრა.

„ჩვენ გამოვაცხადეთ მოსახლეობისა და ბიზნესის სოციალური, მიზნობრივი მხარდაჭერისა და ბიზნესის მხარდაჭერის მეოთხე ტალღა, რომლის ძირითადი მოცულობა არის 1 420 მილიონი. აქედან, 2020 წლისთვის განსაზღვრულია 280 მილიონი, ხოლო დანარჩენი 1 140 მილიონი გათვალისწინებულია 2021 წლის ბიუჯეტში. ამ რიცხვების ძირითადი მიმართულება არის, პირველ რიგში, ჯანდაცვის მხარდაჭერა, ის მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით განისაზღვრება 450 მილიონი ლარით, რომლის ძირითადი ხარჯები არის კოვიდის მკურნალობა, ტესტები, ვაქცინაცია და ვაქცინაციისთვის მომზადება, ასევე ვაქცინების შესყიდვა და, რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების პრევენცია. მიზნობრივი მხარდაჭერისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 540 მილონი, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 430 მილიონი ლარი,“ - განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გახარიას განცხადებით, ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და მის განხილვაში მონაწილეობა ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს, ვისაც მოქალაქეებმა ნდობა გამოუცხადეს. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში მწვავე დისკუსია შედგება.

„ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად, დაავალა მსგავს, ქვეყნისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე გვექნება შესაძლებლობა საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიის, ამ ბიუჯეტის ირგვლივ”, - განაცხადა გახარიამ.

თბილისის მერია სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული 7 ობიექტის მფლობელებს დემონტაჟისთვის 4 დღეს აძლევს

შვედეთმა 5G ქსელებისთვის განკუთვნილი Huawei-სა და ZTE-ს გადამცემები აკრძალა - როგორ ხსნიან ფაქტს ქვეყანაში?

25-27 დეკემბერს "ენგურჰესი" შესაძლოა გაჩერდეს - რა ბრძანება გასცა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ