შვედეთის პოლიციამ დააკავა ასაკოვანი ქალი, რომელსაც სამი ათწლეულის განმავლობაში თავისი ვაჟის სახლში გამოკეტვა ედება ბრალად. როდესაც 40 წლის მამაკაცი სახლში იპოვეს, მას სხეულზე დაზიანებები, წყლულები ჰქონდა, იყო დასუსტებული და საუბარი უჭირდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, მამაკაცი აღმოაჩინა ქალმა, რომელსაც ჯერ ოჯახის ნათესავს უწოდებდნენ, ხოლო მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ტყვეობაში მყოფის და იყო, რომელმაც სახლი წლების წინ დატოვა და ოჯახის შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა ამგვარი ნათესაური კავშირი ოფიციალურად ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
წლების განმავლობაში ტყვეობაში მყოფ კაცს ოპერაცია ჩაუტარდა. გამოძიების მიზნით, პოლიციამ დედა-შვილის საცხოვრებელი ბინა დალუქა და ახლა ეძებს მოწმეებს, რომლებსაც პირდაპირი, ან ირიბი შემხებლობა ექნებათ ამ საქმესთან.
დედა, რომელიც 70 წლისაა, პატიმრობაში რჩება. ის დანაშაულს არ აღიარებს. სამართალდამცველთა განცხადებით, თუ ბრალეულობა დამტკიცდება, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ოჯახის ნათესავი, რომელმაც ის იპოვა, ამბობს, რომ ტყვეობაში მყოფის დაა, სახლი თინეიჯერობის დროს დატოვა და თავისი ოჯახისა და ძმის შესახებ მას შემდეგ აღარაფერი გაუგია. ბოლოს კი შეიტყო, რომ დედა ავად იყო, რის შემდეგაც, სახლში დაბრუნდების გადაწყვეტილება მიიღო.
იხსენებს, რომ როდესაც სახლში მივიდა, კარი ღია დახვდა, იქ სიბნელე, მტვერი, ჭუჭყი და საშინელი სუნი დახვდა. სამზარეულოდან ხმაური გაიგონა, დაინახა კაცი, რომელიც ბნელ კუთხეში იჯდა. როდესაც ქალი დაინახა, ფეხზე წამოდგა და დედის სახელს განუწყვეტლივ იმეორებდა. თითქმის არც ერთი კბილი არ ჰქონდა.
როდესაც კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა ყოველივე პოლიციას შეატყობინეს.
"ერთადერთი რამ, რისი თქმაც ახლა შეგვიძლია, არის ის, რომ ადამიანი დედამ დააპატიმრა და დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთ პატიმრობაში ის უკვე ძალიან დიდი ხანია“, - ამბობს BBC-სთან შვედეთის პოლიციის პრესსპიკერი ოლა ოსტერლინგი.
შვედეთის მედიის ცნობით, დაკავებულმა დედამ ახალგაზრდობისას ვაჟი დაკარგა, ხოლო მას შემდეგ, რაც მეორე ვაჟი შეეძინა, მას განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა, ამბობდა, რომ თავისი გარდაცვლილი შვილი დაუბრუნდა და რომ ის ყველაფრისგან უნდა დაეცვა.