ბელარუსში რამდენიმე თვეა საპროტესტო აქციები მასშტაბური დაკავებების ფონზე მიმდინარეობს. ბოლო რამდენიმე დღეა ОМОН-ელებმა ასობით მომიტინგე დააკავეს, რომლებიც ავტორიტარი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ... გუშინ ბელარუსის შსს-მ დაადასტურა, რომ 29 ნოემბრის საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა წინააღმდეგ, უშიშროების ძალებმა “სპეციალური საშუალებები” გამოიყენეს.
მინსკსა და ბელარუსის არაერთ დიდ ქალაქში, აქციები 9 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადა, მინსკში ხალხმრავალი დემონსტრაციები დაიწყო, დემონსტრანტები ლუკაშენკოს წასვლასა და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.
სამინისტროს პრესსპიკერის, ვოლჰა ჩამადანავას განცხადებით, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა დემონსტრანტთა დასაშლელად გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელეს, რასაც ცრემლსადენი გაზი და გამაყრუებელი ყუმბარები მოჰყვა. მისივე თქმით, მასობრივი თავშეყრის შესახებ კანონის დარღვევისთვის აქციის 313 მონაწილეა დაკავებული.
თუმცა, ბელარუსის, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების ცნობით, 29 ნოემბერს დემონსტრანტთა დაშლისას სამართალდამცველებმა 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ავტორიტეტული გამოცემების ჟურნალისტები დააკავეს. მათი ძირითადი ნაწილი მინსკში აიყვანეს, თუმცა, დაკავებები მიმდინარეობდა სხვა ქალაქებშიც.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მილიციამ კვირას ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, დმიტრი კრუკი დააკავა. სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე მუდმივი აქციების, ადამიანის უფლებათა დარღვევის, მათზე ფიზიკური ძალადობის არაერთი მსხვერპლის ფონზე, ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების სასტიკი ჩახშობის გამო სანქციები გააფართოვა.
უფრო ადრე, ხელისუფლების მხრიდან აგვისტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მისი კლანის სხვა წარმომადგენლობსაც დაუწესეს სანქციები, რათა რეპრესიები შეჩერებულიყო, თუმცა ეს წნეხი ლუკაშენკოს რეჟიმზე არ ასახულა, ის დაკავებებს ძველებურად განაგრძობს.
ცნობილია, რომ საპროტესტო გამოსვლების დროს, პოლიციის ძალადობას არაერთი პირი ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი დააკავეს. ადგილობრივი ბლოგერები და ჟურნალისტები მათი წამების შესახებ საუბრობენ. ოპოზიციის დიდი ნაწილი საპატიმროებშია, უამრავმა კი, ქვეყანა რეპრესიების გამო დატოვა.
ციხანოვსკაიას პუტინთან შეხვედრა სურს
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, ბელარუსი დატოვა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, ბელარუსს მის მნიშვნელოვან მეზობელთან ურთიერთობის შენარჩუნება სჭირდება, შესაბამისად, "გვსურს მოვისმინოთ რუსეთის პოზიცია ბელარუსის საკითხზე და მომავალშიც განვაგრძობთ ურთიერთობას. ბელარუსები ძალიან ელოდებიან ახალ კავშირს, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდამჭერა" - აცხადებს ციხანოვსკაია.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა, ლუკაშენკოს პუტინის სალამი გადასცა და ბელარუსის მმართველთან, კიდევ ისაუბრა რუსეთის პოზიციაზე "ბელარუსში მიმდინარე პროცესებში დასავლეთის ინტერესთან" დაკავშირებით.
კრემლის მხრიდან ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევა უკიდურესად აღიზიანებთ ადგილობრივებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც რუსეთთან დაახლოევებას ემსახურება, ქვეყნისთვის უკან დაბრუნების ტოლფასია.
ციხანოვსკაია ბაიდენთან შეხვედრაზეც საუბრობს
ადგილობრივი მედიის ცნობით, ზუსტდება დრო, თუ როდის შეხვდება ჯო ბაიდენი ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს. დასავლურ მედიაში კი იუწყებიან, რომ პეზიდენტის გარემოცვა შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
novayagazeta.ru-ს ცნობით, უფლებადამცველები გასულ შაბათს, სამი თვის განმავლობაში 29 940 ადამიანის დაკავებაზე საუბრობენ. შაბათ-კვირას გამართულ მასშტაბურ აქციაზე, ОМОН -ის წევრები მომიტინგეებს სასტიკად უსწორდებოდნენ და დილაობით, პირდაპირ საკუთარ ეზოებსა და სადარბაზოებში აკავებდნენ.
"ОМОН-ში ყველა ავია, ბელარუსში კი, ყველა მამაცია, რაც ამ ვითარებაში უმთავრესია. მინსკელი ბიჭები ხმის ამოუღებლად წევენ ხელებს, გოგონები კი, მშვიდად მიყვებიან განყოფილებაში... არ დავიღლებით, არ გავჩერდებით და არ მოგვიწყდება ყოველ შაბათ-კვირას გამოვიდეთ და დავიცვათ ჩვენი უკეთესი მომავალი. ან ახლა შევცვლით, ან კიდევ დიდხანს არაფერი შეიცვლება...
ახლა ზამთარი მოდის და იმედი აქვთ, რომ სიცივე შეგვაჩერებს, ამ ტალღას ვერაფერი შეაჩერებს, რადგან ერთ მხარეს დგას ლუკაშენკო და მისი სისხლიანი მილიცია, მეორე მხარეს კი დანარჩენი ბელარუსი... ჩვენ აქ ვიდგებით და ვიდგებით იქამდე, ვიდრე დიქტატორი ლუკაშენკო არ წავა!.. ცხოველების მეფე!.. ლუკაშენკო რასაც ბელარუსს უკეთებს, ფაშიზმი ჰქვია" - ამბობენ ადგილობრივები გამოცემასთან საუბარში.
მათივე ცნობით, ნოემბრის შუა რიცხვებში, მხატვარი რომანი მოკლეს.
"ის ქუჩაში გავიდა, რათა სამართალდამცველების მიერ გავლებული ლენტები ჩაეხსნა. სწორედ მაშინ ის მილიციის და ОМОН -ის თანამშრომლებმა სიკვდილამდე სცემეს. რომანი მეორე დღეს რეანიმაციაში გარდაიცვალა... ლუკაშენკოს ბანდა კი ქალაქში დასეირნობს... მის საქმეში ბელარუსის ფედერაციის ჰოკეის ხელმძღვანელი დმიტრი ბასკოვი და კრივში მსოფლიოს ჩემპიონი დმიტრის შაკუტუს კვალი იკვეთება...”- წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ლუკაშენკოს მილიცია ადამიანებს კლავს.
მთავარი ფოტო: novayagazeta.ru