ავტორი:

"მომხდარში ისრაელის პასუხისმგებლობის სერიოზული ნიშნები ჩანს" - რა ვერსიები ვრცელდება ირანის ერთ-ერთი მთავარი მეცნიერის მკვლელობაზე

"მომხდარში ისრაელის პასუხისმგებლობის სერიოზული ნიშნები ჩანს" - რა ვერსიები ვრცელდება ირანის ერთ-ერთი მთავარი მეცნიერის მკვლელობაზე

ბირთვული მიმართულებით ირანის ერთ-ერთი მთავარი მეცნიერი მოსენ ფახრიზადე თეირანთან ახლოს მოკლეს. BBC-ის ცნობით, ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. მათივე ცნობით, ფახრიზადე თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"შეიარაღებულმა ტერორისტმა მიზანში ამოიღო ავტომობილი, რომელსაც ფახრიზადე გადაჰყავდა. ტერორისტსა და პირად დაცვას შორის შეტაკების დროს ბატონი ფახრიზადე მძიმედ დაიჭრა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ექიმების ჯგუფის ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა და ის ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა", - ნათქვამია ირანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ფახრიზადეს, მკვლელობის ფაქტში "ისრაელის პასუხისმგებლობის სერიოზული ნიშნები" ჩანს და რომ ქვეყანა იტოვებს უფლებას, საკუთარი თავი დაიცვას.

Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც ირანის ელჩმა გაეროში მაჯიდ თახთ რავანჩიმ გაეროს უშიშროების საბჭოსა და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს მისწერა.

„შეერთებული შტატებისა და ისრაელის მხრიდან ჩემი ქვეყნის მიმართ ნებისმიერი ავანტიურისტული ზომების შემთხვევაში, განსაკუთრებით შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, ირანის ისლამური რესპუბლიკა იტოვებს უფლებას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა საკუთარი ხალხისა და ინტერესების დასაცავად,“- აღნიშნულია წერილში.