ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეალურად ჰოსპიტალიზაციას მოსახლეობის 0,5%-ს ესაჭიროება.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართლ ბრიფინგზე აღნიშნა, არიან კრიტიკული პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციის დროს ექიმის ან თუნდაც, ხედის შერჩევას იწყებენ.
"ძალიან ხშირად მოგვმართავენ პაციენტები და აქ რამდენჯერმე ტერმინიც იყო გამოყენებული, რომ როდესაც ერთი ამბავი ავტეხეთ, მას შემდეგ მიგვიღეს საავადმყოფოში, ისე არ მიგვიღეს. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვიყენებთ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით მედიას და შემდეგ ვუკავშირდებით ამ ადამიანებს, ჩვენი ცხელი ხაზის საშუალებით. როდესაც იქ ჩნდება სხვადასხვა მოთხოვნა - მაგალითად არის 3 ან 4 წევრი ოჯახის წევრი და მათ აუცილებლად უნდათ, კონკრეტულად რომელიმე საავადმყოფოში რომელიმე ექიმის ქვეშ ყოფნა. არის შემთხვევები, როდესაც ვიღაცას ხედი მოსწონს ან არ მოსწონს. შესაბამისად, ხედიც შესარჩევია.
არ ვუარყოფ იმას, რომ შეიძლება კრიტიკული პაციენტის დაყოვნებაც ხდება და პრობლემას არ გავურბივარ. თუმცა ძალიან ხშირია ისეთი შემთვევები, როდესაც ჰოსპიტალში ისეთი პაციენტები, რომლებიც მხოლოდ ემოციური ფონის გამო არიან იქ მოთავსებული, ამ დროს ისინი არ საჭიროებენ სხვა კლინიკურ ყურადღებას" - განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე ინფორმაციით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც მსოფლიოში ისე საქართველოში პროცესი კრიტიკულია და ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქოლოგიური დახმარების მობილიზებას გეგმავს.
"ზოგადად პროცესი მთელ სამყაროში კრიტიკულია. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. მე ვიცი ბევრი ქვეყანა, სადაც ფსიქოლოგიური დახმარების მობილიზება ხდება, იმატა ქვეყნებში სუიციდის მცდელობებმა. ჩვენ ამასაც ვგეგმავთ. რასაც ვაკვირდებით, საღამოს 6 საათის შემდეგ იწევს პანიკა, მაგრამ გარკვეული კომინუკაციის შემდეგ პაციენტი რჩება ბინაზე" - აღნიშნა ტიკარაძემ.