მისი დარი, ერთდროულად - ხალისიანი, ენერგიული, ბობოქარი, მამაცი, გამტანი, თავგანწირული, სამართლიანი, საქმიანი, პროფესიონალი და მუდამ ახალგაზრდა ადამიანი ცხოვრებაში იშვიათად თუ შემხვედრია... ასაკიც არასდროს მიკითხავს - ისეთი სულის იყო, ბევრ ახალგაზრდას რომ არ გააჩნია...
14 სექტემბერს განმუხურში ვიყავით ერთად. რას წარმოვიდგენდი, უკანასკნელად თუ ვხედავდი... ზუსტად ორი თვის შემდეგ, 14 ნოემბერს მისი გარდაცვალება ელდასავით იყო... სასტიკი კორონავირუსი მასაც მოერია, აჯობა.
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დირექტორის - ნინელი ჭითანავას გაცნობა წლების წინ, ზუგდიდში ჩემს პირველ სტუმრობას უკავშირდება, დღემდე უტკბილესს, გაუხუნარ მოგონებად რომ დამრჩა. რაც ზუგდიდსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია "რიბი-რაბოს“ ხელმძღვანელს, კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილესა და ჩემს უახლოეს მეგობარს ნინო მამფორიას ვიცნობ, იმდენი ხნისაა ჩემი და ნინელის ნაცნობობა-ახლობლობაც... ჰოდა, სწორედ იმ "ჩემეული“ - გამორჩეულად ძვირფასი ზუგდიდის ნაწილია ნინელი და იმიტომაც მეტკინა განსაკუთრებულად... ყველას ეტკინა, მისი მეგობრებისთვის კი ეს უდიდეს ტრაგედიად იქცა - ყველა დაამუნჯა!
უსაზღვროდ ბევრი ცრემლი გააყოლეს უკანასკნელ გზაზე ნინელი ჭითანავას ზუგდიდელებმა და - არა მარტო მათ. ამ გამორჩეულმა ქალბატონმა წლების განმავლობაში ზღვა სიყვარული აჩუქა სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს. თავად ოჯახი არ ჰყავდა, მაგრამ იმდენი თაობა აღზარდა, მისი მოსწავლეების შვილებს კი არა, უკვე შვილიშვილებსაც თავს ევლებოდა სასახლეში. ამიტომ უჭირისუფლა ყველამ ერთად და ისეთ სიტყვებს ეუბნებოდნენ, თითქოს გზას უნათებდნენ სამუდამო სასუფეველში დასამკვიდრებლად.
მიშა (მიხეილ) ბუაძე:
"დამაკლდება... დამაკლდება ომახიანი სიცილი დარბაზიდან ისეთ იუმორზე, რასაც ბევრი ვერ "ხარშავდა" და ნინელი მასწ.-ს არასოდეს გამოეპარებოდა! მისი ტაშიც სხვაგვარად ქუხდა! დამაკლდება ის ღიმილიანი და ომახიანი სალამი, რომელსაც ნებისმიერი ცუდი განწყობის რადიკალურად შემობრუნება შეეძლო! დამაკლდება ბნელი 90-იანების თბილი და ნათელი სასახლის თბილი და ხალასი დირექტორი. დამაკლდება გამოსაცოცხლებელი და გამამხნევებელი "მიგასიკვდილებ!" კიდევ ბევრი რამ დამაკლდება! ქალაქს კი დააკლდა კულტურის ბურჯი. ყველაფრისთვის დიდი მადლობა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორს - ნინელი ჭითანავას!"
ირაკლი გვასალია, ჟურნალისტი:
"თვალები ჰქონდა "ნინელი გამზრდელს" განსხვავებული... მზერა ჰქონდა ჩამაფიქრებელი... შემოგხედავდა თუ, არა, მიხვდებოდი, რომ მის თვალებში იგრძნობოდა სევდა, ტკივილი, მაგრამ, ეს ყველაფერი სიხარულის ელფერს ჰქონდა დაფარული... სწყინდა ხოლმე, “ქალბატონო ნინელის“ რომ ვეძახდი, - მე ირაკლის გეძახი და შენც სახელით ან მასწავლებლოთი მომმართეო... როცა მეცადინეობაზე მივდიოდი ჩემს სიარულის მანერაზე ვიცინოდით. შემდეგ კროსვორდებს ვავსებდით... ისეთი სასიამოვნო იყო ის მომენტი, რომ არ ვიცი. ერთ-ერთ დაჯილდოებაზე, თვითონ რომ მაჯილდოებდა, მითხრა, - სიხარულით, სიამაყით და წარმატებით გევლოს ჟურნალისტიკის გზაზე, შეგექმნას საკუთარი გადაცემა და შემდეგ მე დამპატიჟებდე მანდო. - რა თქმა უნდა, მას-მეთქი... ეჰ... ვერ მოესწრო, ჩემი წარმატების გზისთვის სიხარულით ცრემლიანი სახით ეცქირა... ვერც იმას მოესწრო, მე რომ გადაცემას გავაკეთებდი და იქ მოვიწვევდი..."
ზურაბ კვარაცხელია, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი:
"აღარა გვყავს ზუგდიდის მშვენება. აღარა გვყავს სამეგრელოს საამაყო შვილი. აღარა გვყავს ქალი ლეგენდა და პოზიტივი. მართლა არ ვიცი, როგორ ამოვთქვა ჩემი წუხილი. არ მინახავს ადამიანი, ვინც მას იცნობდა და მის მიმართ პატივისცემით და სიყვარულით არ ყოფილიყო განმსჭვალული... ის იყო მის მიერ გამოზრდილი თაობების კერპი. ის უყვარდათ და მას აღმერთებდნენ ზუგდიდელები და არა მხოლოდ ზუგდიდელები. ჰოდა, ესაა ბედნიერება... უდიდესია მისი ღვაწლი ზუგდიდის კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებაში და გულწრფელად გითხრათ, მგონია, რომ ამ სფეროში ის ნამდვილად შეუცვლელია. ვერ დავივიწყებ ნინელი ჭითანავას მუდმივ თანადგომას, ტრადიციულად, 29 მაისს მეგრული დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ორგანიზებაში. ამისთვის დიდი მადლობა, ჩემო დაო და ჩემო მეგობარო".
ზუგდიდელმა საზოგადოებამ ქალაქის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლისთვის ნინელი ჭითანავას სახელის მინიჭებას მოითხოვა და, ვფიქრობ, სამართლიანადაც.
მისი დაკრძალვის დღეს ზუგდიდის საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ "ზუგდიდი გამოეთხოვა თავის საყვარელ შვილს, ქალაქის კოლორიტს... პროცესია, რომელმაც ნინელი ჭითანავა გააცილა, მოკრძალებული იყო ქვეყანაში არსებული კორონაპანდემიის გამო, მაგრამ მისმა მეგობრებმა მაინც შეძლეს მისთვის თბილი სიტყვის თქმა და ბოლო გზაზე ტაშის მიძღვნა, ღირსეულად გავლილი ცხოვრებისთვის. ზუგდიდი არასდროს დაივიწყებს ადამიანს, ვინც მას თაობები აღუზარდა…"
საოცარია ცხოვრება - ასე მგონია, ნინელი ჭითანავას ჩვეულებრივი დაავადება ვერასდროს მოერეოდა; და რომ არა მსოფლიოს პანდემია, ვერც მისი დაკრძალვის პროცესია იქნებოდა მოკრძალებული - მისი ბობოქარი ბუნება ამას ვერ დაუშვებდა!
ავტორი: ირმა ხარშილაძე