ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მაჟორიტარობის ზოგიერთმა კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 100%-ზე მეტი მიიღო, ტექნიკურ ხარვეზად შეაფასა.
"სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც, შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას”, _ ნათქვამია ცესკოს განცხადებაში. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ცესკოს საიტზე თავდაპირველად გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, #27-ე მაჟორიტარულ ოლქში, ზუგდიდში, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს, დათვლილი უბნების მიხედვით, 8962 ხმა აქვს მიღებული, რაც ამომრჩეველთა 118.08%-ს შეადგენს, ხოლო მის კონკურენტს, "ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს, მალხაზ ჯალაღონიას 608 ხმა აქვს, რაც ამომრჩეველთა 8%-ია. ამასთანავე, მე-5 მაჟორიტარულ ოლქში, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს სოზარ სუბარს 3919 ხმა აქვს მიღებული, რაც 164,46%-ია, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას“ კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს 503 ხმა აქვს, რაც 21, 11%-ია.
ambebi.ge ცესკოს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მომხდარზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს, რითაც დგინდება, რომ საქმე პროგრამულ ხარვეზთან გვაქვს:
“ამ ეტაპზე შიდა მოკვლევით დადგენილია, რომ საქმე გვაქვს პროგრამულ ხარვეზთან. დამატებითი დეტალები დგინდება და თუ იქნება ამის საფუძველი, შესაბამის ზომებსაც გავატარებთ. წინასწარ შედეგებს რაც ეხება, გუშინ იყო საჩივრების შეტანის ბოლო ვადა საოლქო კომისიებში. ამ უბნებს კიდევ აქვთ ორდღიანი ვადა, რომ განიხილონ საჩივრები. არჩევნების შედეგები ოფიციალუირად უნდა შეჯამდეს არაუგვიანეს 19 დეკემბრისა. რაც ეხება პარლამენტის პირველ შეკრებას, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შედეგების ოფიციალური შეჯამებიდან 10 დღეში უნდა გაიმართოს".
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი დავით კუხალაშვილი ამ შემთხვევაში უნებლიე შეცდომას გამორიცხავს და ამბობს, რომ ასეთი მონაცემების გამოქვეყნება პირდაპირი კომპრომეტაციის მიზნით სწორედ გარე (შესაძლოა - შიდაც) ძალების მიერ არის გაკეთებული, მსგავსი მოვლენა არჩევნებისა და საარჩევნო კომისიის კომპრომეტაციის გაგრძელებაა, რომელიც ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება.
“მარტო ქვეყნის გარედან ჩარევაზე აქცენტის გაკეთება არ იქნება სწორი, ვფიქრობ, ქვეყნის შიგნიდანაც გარკვეული ჩარევა მოხდა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელისუფლებისა და საარჩევნო კომისიის კომპრომეტაციით. მადესტაბილიზირებელ ძალებს სათანადო რესურსიც გააჩნიათ და აქედან გამომდინარე, ცალსახად, მარტო გარე ფაქტორებზე ორიენტირება არ შეიძლება. თუმც ამ ქმედებას გარედან მომდინარე საფრთხებთან პირდაპირი კავშირი იმ შემთხვევაშიც აქვს, თუ ეს ქვეყნის შიდა ძალებით არის განხორციელებული - ისინიც, პრაქტიკულად, იმ ძალის ინტერესებს ემსახურებიან, რომელიც დაინტერესებულია, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში საბოტაჟური მდგომარეობა შეიქნას. ამ ძალებს, შესაძლოა, წვდომა ჰქონდეთ მონაცემებზე, ან თვითონ იმ ტექნიკურ სექტორში იყვნენ ისეთები, რომელიც უზრუნველყოფენ ამ მონაცემების გამოქვეყნებას, იქაც შეიძლება არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები, ან არც ისაა გამორიცხული, კორუფციულ გარიგებასთან გვქონდეს საქმე და მიზანმიმართულად ამახინჯებენ ასეთ მონაცემებს. ყველაფერი შეიძლება - გარე ფაქტორებთან ერთად, შიდა ფაქტორიც უნდა ვახსენოთ. ეს არის არჩევნებისა და საარჩევნო კომისიის კომპრომეტაციის გაგრძელება, რომელიც ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება, ყველაფრის საბოლოო მიზანი კი ქვეყანაში არსებული წეს-წყობილების ძალადობრივად და არაკონსტიტუციურად შეწყვეტაა. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თუნდაც იმის, რომ ეს უნებლიე ტექნიკური ხარვეზი იყოს, რაღაც ვერსიის დონეზე ესეც დასაშვებია, თუმცა თუ ამ ყველაფერს მოვლენათა იმ ჯაჭვში განვიხილავთ, რა მოვლენებიც ჩვენში ვითარდება, ამ შემთხვევაში, უნებლიე შემთხვევას და შეცდომას გამოვრიცხავ. ასეთი მონაცემების გამოქვეყნება პირდაპირი კომპრომეტაციის მიზნით არის გაკეთებული. მიღებული პროცენტებიდან გამომდინარე, შინაარსობრივი დატვირთვა კიდევ ერთხელ აკეთებს ხაზგასმას იმაზე, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ოპოზიციამ პირობითად უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე, მონაცემები მაინც გაყალბდა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქცენტები სიყალბის მიმართულებაზე კეთდება. ყველაფერი მიდის მაინც იქამდე, რომ რაც შეიძლება დისკრედიტირებული იყოს ხელისუფლება და ძალადობრივად მოხდეს მისი შეცვლა", - აცხადებს დავით კუხალაშვილი.