ავტორი:

ყველაზე მოულოდნელი საჩუქარი - როცა განსხვავებულს ეძებ

ყველაზე მოულოდნელი საჩუქარი - როცა განსხვავებულს ეძებ

საჩუქრის ჩუქება განსაკუთრებული ხელოვნებაა. იმისათვის, რომ ადრესატს გულწრფელად მოეწონოს და დიდხანს დაამახსოვრდეს საჩუქარი, მნიშვნელოვანია შეგეძლოს, მასში სულის პატარა ნაწილი ჩადო.

დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, ყველაზე მეტად გინდება გაახარო შენთვის უახლოესი ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ ვერ შეძლებ გაუკეთო ისეთი შთამბეჭდავი საჩუქარი, როგორიცაა მიწის ნაკვეთი მთვარეზე ან ბინა მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობაში, მოულოდნელი სიურპრიზის გაკეთებაში ხელს არაფერი შეგიშლის.

ახალი წლის დღეები ხომ განსაკუთრებული და ზღაპრულია?! ბავშვებიც და უფროსებიც მოუთმენლად ელიან სასწაულებს. საჩუქრებზე ფიქრს ხშირად გაცილებით ადრე ვიწყებთ. განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ვამზადებთ მათ ძვირფასი ადამიანებისთვის, რომ გამოვხატოთ მათ მიმართ სითბო და სიყვარული და ვაჩუქოთ ისეთი რამ, რაც საუკეთესო ემოციებს მოჰგვრით.

თუ გინდათ, რომ წლის ბოლოს თქვენთვის ძვირფასი ადამიანები განსაკუთრებულად გაახაროთ, ეს საახალწლო იდეები ძალიან გამოგადგებათ:

ამ ტექნოლოგიურ ეპოქაში ხელნაკეთი საჩუქარი სასიამოვნოდ გააოცებს დატვირთულ რიტმში მცხოვრებ ბევრ ადამიანს. ამ შემთხვევაში, არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. ბაზარზე უკვე საკმაოდ ბევრი ახალი ქართული სტარტაპია, რომლებიც ორიგინალურ და პერსონალურ ნივთებს ქმნიან. ასეთი საჩუქარი არ მოითხოვს დიდ ბიუჯეტს.

შეგიძლიათ გააკეთებინოთ მისი საყვარელი პერსონაჟის პრინტი თბილ, ღუნღულა ჰუდზე; აჩუქოთ ვისკის ხის ყუთი და ჭიქები, პერსონალური გრავიურით; ხელნაკეთი აქსესუარები ან საყოფაცხოვრებო ნივთები. არჩევანი მართლაც დიდია. ამ შემთხვევაში, საახალწლო საჩუქრის დამზადება თავად მოგიწევთ. მთავარი აქ ფანტაზია, სურვილი და ცოტაოდენი მოხერხებულობაა. მაგალითად, „100 მიზეზი, თუ რატომ მიყვარხარ!“ შეგიძლიათ ლამაზ ქილაში მოათავსოთ პატარა, ფერადი დახვეული ფურცლები, რომლებზეც ეწერება ადრესატისთვის განკუთვნილი ფრაზები.

ან დაამზადეთ მუყაოს შვიდი ლამაზი კოლოფი, დანომრეთ და უთხარით, რომ დღეში მხოლოდ ერთი კოლოფი გახსნას. შიგნით კი სხვადასხვა სუვენირი მოათავსეთ.

ძალიან ემოციური და ამაღელვებელი საჩუქარი იქნება ასევე ფოტოწიგნი. რბილ ან მაგარყდიან ალბომში შენახული ფოტოები, რომლებიც საუკეთესო მოგონებებს გააღვიძებს. ფოტოწიგნი რამდენიმე სახის არსებობს. მნიშვნელოვანი და მოსახერხებელი ფაქტორი კი ისაა, რომ დიზაინს საკუთარი გემოვნებით, თავად ქმნი ინტერნეტში და საიტიდან უკვეთავ.

არ არის აუცილებელი, კარგი საჩუქარი აუცილებლად მატერიალური იყოს. დროთა განმავლობაში, ნივთები ძველდება, ტყდება და აქტუალობას კარგავს. მათ ხშირად ივიწყებენ კიდეც. ტკბილეულიც უკვალოდ ქრება, მაგრამ ცხოვრების არაჩვეულებრივი მოგონებები სამუდამოდ რჩება ჩვენში. რატომ არ უნდა აჩუქოთ ახლობლებს მძაფრი შეგრძნება?

მაგალითად, საჰაერო ბუშტით აფრენა, ციფრული გამოფენის ბილეთები, ფენითბოლის თამაში, კარტინგი ან თუნდაც კატერით გასეირნება მტკვარზე.

კიდევ ერთი რჩევა: კარგი იქნება, თუ საახალწლო საჩუქრების მომზადებას მალე დაიწყებთ. ახალი წლის წინა დღეები ყველაზე დატვირთული და სტრესულია. დიდი შანსია იმისა, რომ ყველაფერი ისე კარგად ვერ გააკეთოთ, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ.

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!