ავტორი:

"პაციენტები ფსიქოლოგიურად უკეთ რომ იყვნენ, ვეხუმრები ხოლმე, სიცილი ჩემი ავადმყოფობისასაც ძალიან  დამეხმარა“ - რას ყვება ექიმი, რომელმაც კოვიდინფიცირებისასაც არ შეწყვიტა პაციენტების მკურნალობა

"პაციენტები ფსიქოლოგიურად უკეთ რომ იყვნენ, ვეხუმრები ხოლმე, სიცილი ჩემი ავადმყოფობისასაც ძალიან  დამეხმარა“ - რას ყვება ექიმი, რომელმაც კოვიდინფიცირებისასაც არ შეწყვიტა პაციენტების მკურნალობა

თაზო თოდაძე საჩხერიდანაა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტია და ამჟამად, რომ იტყვიან, "ფრონტის წინა ხაზზეა“ - საჩხერის საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებს მკურნალობს. თავდაპირველად მეგონა, რეზიდენტურას იმუნოლოგიის ან ინფექციონისტის სპეციალობით გადიოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ექიმის პროფესიას სპორტული მედიცინის სპეციალობით განაგრძობდა და პრაქტიკისთვის საჩხერის საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებაში, ექიმად მუშაობდა, თუმცა... საქართველოში კოვიდინფექციის გავრცელებამ და უამრავი ადამიანის დასნებოვნებამ მის ცხოვრებაზეც მოახდინა ზეგავლენა. საჩხერის საავადმყოფოს ინფექციონისტი ექიმების გარდა, სხვა პროფილის ექიმებიდან პირველად, თურმე, სწორედ მას შესთავაზეს კოვიდინფიცირებულების განყოფილებაში მუშაობა. რომ ჩავეკითხე, თუ გიფიქრიათ, მაინცდამაინც თქვენ რატომ აგარჩიეს-თქო, მორიდებით მითხრა, მიფიქრია, მაგრამ ვერ ვიტყვიო. ალბათ, პასუხის ამოცნობა რთული არ არის, მით უფრო, მისი მეგობრის "ფეისბუქპოსტის" შემდეგ:

"...დიახ, ჩემი მეგობარი გმირია! რამდენიმე დღის წინ, სოციალურ მედიაში გერმანელი ექიმის ფოტო გამოქვეყნდა, რომელიც თავად ინფიცირებული იყო და კოვიდპაციენტებს ემსახურებოდა. ემოციური ფოტო, წარწერით: "გმირი“ ბევრ ადამიანს ჰქონდა გაზიარებული. ცოტა არ იყოს, თავი უხერხულად ვიგრძენი: სადღაც ბერლინის საავადმყოფოს ექიმის გმირობაზე და თავგანწირვაზე საუბრობდა ხალხი, ამ დროს ჩემი უახლოესი მეგობარი, აქვე, ჩვენს რაიონში, კოვიდ 19-ის დაფიქსირების დღიდან, თავის კოლეგებთან ერთად, არანაკლებ გმირულ ბრძოლაშია ჩართული... ნოემბერში თავადაც დაინფიცირდა. პნევმონიით და სუნთქვის გაძნელებით რთულად იყო. დავურეკე და მოვიკითხე, ვეხუმრე: ახლა მაინც ხომ დაისვენებ-თქო... ნურას უკაცრავად, საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულებთან იყო! შემცვლელის პოვნა ამ პირობებში ადვილი არ არის და პაციენტებს ვერ ვუღალატებო...“ იხილეთ სრულად

თაზო თოდაძე:

- ზოგადად, მსოფლიოში კოვიდინფექცია რომ გაჩნდა და იტალიაში რომ დამძიმდა მდგომარეობა, გადავწყვიტე, მოხალისედ წავსულიყავი, მაგრამ არ გამიშვეს. რას წარმოვიდგენდი, თუ ჩვენთან ეს მდგომარეობა გვექნებოდა და აქ გავხდებოდი საჭირო?! საჩხერის საავადმყოფოში პირველი პაციენტი თებერვლის ბოლოს მივიღეთ და დანარჩენ ექიმებთან ერთად კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაც სწორედ იმ მომენტიდან დავიწყე. მგონი, უნდა გადმოვიტანო საბუთები და სპეციალობაც შევიცვალო (იღიმის)...

ახლა კოვიდინფიცირებულებთან ორი ექიმი ვართ და ნოემბერში ორივე დავინფიცირდით. ერთ ოთახში ჩავიკეტეთ, ექთნებსაც არ ვეკონტაქტებოდით და მხოლოდ მაშინ გამოვდიოდით და ისიც - სკაფანდრებით, როდესაც პაციენტების შემოვლა უნდა ჩაგვეტარებინა. დაახლოებით, ერთი კვირაა, რაც გამოვკეთდი. საკმაოდ მძიმედ ვიყავი, ორმხრივი პნევმონია მქონდა. ამ ვირუსის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი გავიარე, სუნთქვის უკმარისობითა და ქოშინით დაწყებული, გემო-ყნოსვის შეგრძნებების გაქრობით დამთავრებული, მხოლოდ ცხელსა და ცივს შევიგრძნობდი.

- სუნთქვის პრობლემით როგორ ახერხებდით სკაფანდრით სიარულს?

- ერთხელ, ავადმყოფებთან რომ მივდიოდი, დერეფანში დავეცი და გონებაც დავკარგე. კიდევ კარგი, მხოლოდ ერთმა პაციენტმა დამინახა და არა - ყველამ. და კიდევ კარგი, რომ იქვე ექთანი აღმოჩნდა და მალევე წამომაყენა.

- მაინც განაგრძეთ საქმე?

- რა თქმა უნდა. ერთი ძალიან მძიმე პაციენტი მყავდა, ძალიან უჭირდა სუნთქვა და სპეციალური აპარატით დიდი რაოდენობით ჟანგბადი უნდა მიმეწოდებინა. ვერაფრით მივატოვებდი და მთელი ძალღონე მოვიკრიბე. პირველი კოვიდპაციენტის მიღებიდან სულ მათთან მიწევდა მუშაობა და უკვე გამოცდილებაც დიდი მქონდა. ჩვენს საავადმყოფოში ძალიან მაგარი ექიმები არიან, მაგრამ რადგან მე სწორედ კორონავირუსიანებთან მუშაობის დიდი პრაქტიკა გავიარე, ჯობდა, პაციენტებს ბოლომდე მივყოლოდი. თანაც, ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს, ბევრი ექიმი და ექთანი თავადაც დაინფიცირებულია, ამიტომ სხვა გზა არ იყო, უნდა დავრჩენილიყავი.

- არ გქონდათ მომენტი, როდესაც მეტი აღარ შეგიძლიათ და შეიძლება დანებდეთ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ... იცით, როგორ გადამქონდა? - სიცილით, სიმართლეს გეუბნებით, სიცილი მშველოდა. ჯერ ერთი, პაციენტები ფსიქოლოგიურად უკეთ რომ იყვნენ და ენერგიაც მეტი ჰქონდეთ, ხანდახან ვეხუმრები ხოლმე, მინდა, გავაღიმო მაინც და, სხვათა შორის, გამომდის. ეს მეც ძალიან მეხმარება და ჩემი ავადმყოფობისასაც ძალიან დამეხმარა - რომ ვიცინოდი, ფილტვები "მეხსნებოდა“ და მეტ ჟანგბადს ვიღებდი...

განყოფილებაში 44 პაციენტი გვყავს, ორი ექიმი ვართ და - 4 ექთანი. ექიმები მორიგეობისას ერთმანეთს ვენაცვლებით, თუმცა ისეც მომხდარა, რომ სხვა განყოფილების ექიმის დახმარება დამჭირვებია. მეორე ტალღის პერიოდში ერთი მძიმე პაციენტი მყავდა, ჩემი ჭიათურელი კოლეგა - დარეჯან დევიძე, სასწრაფოს ექიმი. თავიდანვე მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა, 9-ბალიანი პნევმონიით, ძლიერი ქოშინით, მძიმედ სუნთქავდა, სატურაცია თითქმის არ ესინჯებოდა. მკურნალობა დავუწყე, მაგრამ მდგომარეობა უარესდებოდა. მესამე დღეს პნევმონიის მაჩვენებელი 22-ზე აუვიდა, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო, ამიტომ რეანიმატოლოგებს ვთხოვე დახმარება. ზოგადად, საავადმყოფოში ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს. ბევრი კოვიდინფიცირებულია და მათ დიდ ნაწილს თანმხლები დაავადებებიც აქვს. წარმოიდგინეთ, კოვიდით რომ დაინფიცირდნენ და თან ინსულტი აქვთ, ხელფეხი გაჩერებული, ორივე ფილტვში ანთება და ა.შ. ასეთი ორი პაციენტი მყავს და ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ. ზოგიერთს თანმხლები დაავადებების გარეშეც უმძიმდება მდგომარეობა. მხოლოდ ერთი პაციენტი დამეღუპა, მოულოდნელად, ინფარქტით. მორიგეობა დამთავრებული მქონდა, მაგრამ ჯერ ისევ განყოფილებაში ვიყავი. ძალიან განვიცადე...

- ერთი ექიმი თუ ხართ ამგვარ პაციენტებთან, გამოდის, რომ არც დღისით გძინავთ, არც ღამით, ხომ?

- ფაქტობრივად ასეა, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, ძალიან მეხმარებიან ჩვენი განყოფილების უფროსი, ასევე, ავადმყოფების მკურნალობაში კლინიკური დირექტორიც აქტიურად არის ჩართული, თორემ მარტო ერთი ადამიანი ამას ვერ აუვა. მით უფრო, რომ, ვირუსიდან გამომდინარე, იცვლება ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინები, მკურნალობის მეთოდები, მედიკამენტები. პირადად, მე საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე, ვგრძნობ, რომ გავიზარდე.

- მაშინ მითხარით, როგორი იყავით კოვიდამდე და ახლა როგორი გახდით?

- თავის ქებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ პასუხისმგებლობა არც ადრე მაკლდა. ემერჯენსის განყოფილებაში ვმუშაობდი და იქ უპასუხისმგებლოდ ვერაფრით მოვიქცეოდი. მენტალურად კი მართლა ძალიან გავიზარდე, ასევე - ცოდნითაც, გამოცდილებაც უდიდესი მივიღე. ერთი წლის წინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ამდენს ან, სულაც, ამის ნახევარს შევძლებდი. ახლა გაცილებით თავდაჯერებული ვარ, საკუთარი შესაძლებლობების ვირწმუნე, რადგან ამ ხნის განმავლობაში 200-ზე მეტი პაციენტი გამოვაჯანმრთელე და, ღვთის წყალობით, მათი მკურნალობისას არაფერი შემშლია.

რამდენი რამ შეიცვალა, ერთი წლის წინ ოცნებებიც კი სხვა მქონდა. სპორტული მედიცინიდან გამომდინარე, ტოკიოში, ოლიმპიადაზე წასვლას ვაპირებდი, ყველა საბუთი მზად მქონდა და... კოვიდის გამო ოლიმპიადა გადაიდო. მაგრამ არ ვნანობ. აღმოჩნდა, რომ აქ უფრო საჭირო ვიყავი.

- თქვენი მეგობარი კი წერს პოსტში, მაგრამ მეც მითხარით, დღეს რა გიხარიათ?

- წარმოიდგინეთ, ადამიანი შემოდის კლინიკაში და ხედავ, იხრჩობა, კვდება. იცი, რომ უნდა უშველო. ყველაფერს აკეთებ, რაც შეგიძლია და 2-3 საათში სიცოცხლის ნიშანწყალი რომ დაეტყობა და ხვდები, გადარჩა, იცით, ეს რამხელა სიხარულია? არ ვიცი, უფრო დიდი სიამოვნება რა უნდა იყოს! კიდევ გითხრათ, რა მიყვარს? - ძილი (იცინის)... მაგრამ ამის დრო არ მაქვს. არც ნატვრა-ოცნების დრო მაქვს. შინ კოვიდინფიცირებული დედა მყავს. დედაც ექიმია, გინეკოლოგი და კოვიდი პაციენტმა გადასდო. ისიც ჩემი პაციენტი გამოდის და დედა-პაციენტი საკმაოდ რთული ამბავი ყოფილა, გაცილებით მძიმე. სულ მეშინია, ასეთ დაძაბულ რეჟიმში მუშაობისას მასთან რამე არ გამომრჩეს. იმედია, მალე ყველაფერი კარგად იქნება და სამყაროც დამშვიდდება. თქვენ კი დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

საქართველოში ინფიცირებული 942 პირის მდგომარეობა მძიმეა, 421 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

"საგანგებოდ მოემზადეთ, დაალაგეთ სახლი... მოიშორეთ ყველაფერი, რაც არ განიჭებთ სიხარულს" - ასტროლოგის რჩევები 30 ნოემბრის მთვარის დაბნელებაზე

კორონავირუსის 4472 შემთხვევა და 34 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებში გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი?