ავტორი:

"სულ რომ არავინ გატყდება და პარლამენტში შესვლაზე ყველა უარს იტყვის, ამაზე თავს ვერავინ დადებს" - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაბაში", მიდის თუ არა გრიგოლ ვაშაძე პარტიიდან?

"სულ რომ არავინ გატყდება და პარლამენტში შესვლაზე ყველა უარს იტყვის, ამაზე თავს ვერავინ დადებს" - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაბაში", მიდის თუ არა გრიგოლ ვაშაძე პარტიიდან?

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ოპოზიციის პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არ იცვლება, რაც მმართველი ძალისთვის ყოვლად მიუღებელია. კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობებს შუამავალი ელჩები - ამერიკის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცერი საკითხს ინდივიდუალურად განიხილავენ ოპოზიციის ლიდერებთან, რის შემდეგაც მათ დამოუკიდებლად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ელჩები ლიდერებს მხარს მანამ დაუჭერენ, ვიდრე ისინი კონსტრუქციულად მსჯელობენ. მანამდე კი, როგორც ambebi-ge - ს წყარო უყვება, მმართველი პარტია თავისას ცდილობს და ელჩებისგან განსხვავებით, მოლაპარაკებას ოპოზიციური პარტიების ცალკეულ წარმომადგენლებთან კულუარულად აწარმოებს, განსაკუთრებით ეს შეეხება ყველაზე მძიმეწონიანი და მრავალპროცენტიან პარტიის "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის წევრებსაც.

"ნაცების სიაში მყოფი რამდენიმე კაცი აპირებს შესვლას პარლამენტში, ისეთი პირი უჩანს, რომ ისინი “გატყდებიან”. ლაპარაკია ნაკლებად ცნობილ სახეებზე, არა - მძიმეწონიან ლიდერებზე. სავარაუდოდ, ბევრი ისეთი გატყდება, რომ ვერც წარმოიდგენთ. ენმ-ს შიგნით სერიოზული არეულობაა სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ დიდ ნაწილს უნდა პარლამენტში შესვლა და შანსს არ გაუშვებენ ხელიდან. გრიგოლ ვაშაძე კი, სავარაუდოდ, საერთოდ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას. დანარჩენი პარტიები "ნაცებს" უცდიან - ნაცებიდან რამდენიმე კაცი შევა პარლამენტში და მერე საბოლოოდ დაიშლებიან”.

რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობასა" და ზოგადად ოპოზიციურ ერთობაში, ამის თაობაზე გვესაუბრება ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე.

- რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ ფასილიტატორი ელჩები ცალ-ცალკე ხვდებიან ოპოზიციის ლიდერებს, ასე უფრო ადვილი იქნება მათი დარწმუნება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით?

- ფასილიტატორები არიან და, პირველ ყოვლისა, ეს ალბათ მათ უნდა ვკითხოთ, მაგრამ, ჩემი აზრით, მათ აინტერესებთ ცალ-ცალკე გულწრფელად ვინ რას ფიქრობს. საერთო შეხვედრაზე გასაგებია, რომ დომინანტი აზრი გამოითქმება, ამიტომ თითოეული პარტიის შეხედულებას და მოსაზრებას ნიუანსების დონეზე რომ ჩაწვდნენ, ვფიქრობ, ელჩებს ამისთვის დასჭირდათ ინდივიდუალური შეხვედრა. მათთვის ცნობილია ჩვენი პოზიცია, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას და უნდათ უფრო დაწვრილებით გაეცნონ ლიდერების არგუმენტებს. რადგან ხელისუფლებამ ტოტალურად გააყალბა არჩევნები და მთლიანად პოლიტიკური კლასი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, ეს მათი პასუხისმგებლობის საკითხია.

რა თქმა უნდა, ოპოზიციასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლისა და ქვეყნის წინაშე და ამ პოზიციიდან ამოვდივართ, როცა ვამბობთ, რომ ამ პარლამენტში შესვლა არ შეიძლება. ამ ინსტიტუტს და არჩევნების იდეას თუ პატივს ვცემთ, ხომ არ შეიძლება ყველაფერი გააბაიბურო? სწორედ ამიტომ არ უნდა გავაკეთოთ ეს და უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ მშვიდობიანად წავიდეს დათმობაზე. არის ნიუანსები და საკითხები, რომლებიც შუამავალმა ელჩებმა ჩვენს პარტიებთან უნდა განიხილონ. მინდა გითხრათ, რომ თუ ადამიანს პრინციპული პოზიცია აქვს და მყარად დგას, გინდა ერთად შეხვდი და გინდ ცალ-ცალკე, რა მნიშვნელობა აქვს?

- გასაგებია, რომ თქვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური ძალებიდან ვინმე შევიდა პარლამენტში, ენმ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას?

- ჩვენ მყარად გვაქვს გადაწყვეტილი და არა მგონია, ეს რაიმემ შეცვალოს იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია, როგორი იქნება “ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია. თუ ვიღაცა შევიდა, ეს ნიშნავს, რაღაცით შეიტყუეს. თუ შეიტყუეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის ჭეშმარიტი პარტიის და ამომრჩევლის პატივისმცემელი ადამიანების, თუ ადამიანის გულწრფელი პოზიცია.

- გვაქვს ინფორმაციაც, რომ გრიგოლ ვაშაძე საერთოდ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას...

- მასთან ამაზე საუბარი არ მქონია, ნამდვილად არ ვიცი.

- იმასაც ამბობენ, რომ ენმ-ში დიდი არეულობაა და უმრავლესობა თქვენს წევრებთან, პარტიული სიის ნაკლებად წონიან წევრებთან პერმანენტულ მოლაპარაკებას აწარმოებს, თითქოს ზოგიერთები თითქმის გადაბირებულიც ჰყავთ...

- გასაკვირი არც ესაა. სულ რომ არავინ გატყდება, ეშმაკის ცდუნებას არ გაჰყვება და პარლამენტში შესვლაზე ყველა უარს იტყვის, ამაზე თავს ვერავინ დადებს. მაგრამ ისე არ არის მდგომარეობა, რომ ამაზე ცხარე დებატები მიდიოდეს და როგორც თქვით, არეულობა იყოს პარტიაში. ჩვენი უმრავლესობის მიერ მყარად არის გადაწყვეტილი რაც არის და ამას აქვს ყველაზე დიდი ფასი. არც ისეა საქმე, ერთმა კაცმა თქვა რაღაც და იმის იქით სხვა ვარიანტებს არ ვიხილავთ. როცა რამდენიმე გზა გაქვს ასარჩევი, ყველაფერს რომ აწონ-დაწონი, ყველა გზის პლიუს-მინუს აწონ-დაწონვით მიიღებ გადაწყვეტილებას და ზუსტად იცი, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე. ჩვენ არ გვაქვს უფლება ყველა საკითხი საფუძვლიანად არ განვიხილოთ, ვაშა-ს ძახილით არ უნდა მიიღებოდეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მსჯელობის ასეთი პროცესი არის და სწორეცაა, მაგრამ როცა ვამბობ, რომ "ნაცმო" მყარად დგას თავის პოზიციაზე, ასეა. არანაირი არეულობა არ არის, მსჯელობა - კი, ბატონო. ვიღაცას თუ ეს არეულობად ეჩვენება, ეს მისი პრობლემაა. ამ მოცემულობით, რაც ახლა გვაქვს, ვინც პარლამენტში შევა, ეს იქნება მისი პოლიტიკური თვითმკვლელობა, ის, ფაქტობრივად, შეერწყმება “ქართულ ოცნებას”. ის არ იქნება ოპოზიციური ელექტორატის წარმომადგენელი, შეუერთდება “ოცნების” ელექტორატს. რომელი პარტიიდანაც არ უნდა იყოს, ის ადამიანი თუ იმას გააკეთებს, რაც “ოცნების” ინტერესში შედის - მოიპოვონ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია, ეს იმ წუთას აღმოჩნდება მათი ჯგუფის ინტერესის გამომხატველი და ამ თვალსაზრისით, პოლიტიკურ ჰარაკირს გაიკეთებს. კი ბატონო, იჯდება პარლამენტის თბილ სავარძელში რამდენ ხანსაც გაძლებს ეს ე.წ. პარლამენტი მიიღებს ნაცოდვილარ ხელფასს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი - მოკვდება.

- ერთ-ერთ თემად განიხილება პოლიტპატიმრების თემაზე კონსენსუსის მიღწევა. კიდევ რაზე იქნება საუბარი მესამე რაუნდში, რა იქნება ის თემა, რაზეც ორივე მხრიდან შეიძლება დათმობაზე წასვლა?

- აუცილებელია თამარ ჟვანიას ნორმალური ადამიანით შეცვლა, ისე კი არა, ის წავიდეს და კობახიძე დაინიშნოს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ამ სტრუქტურისადმი ნდობა. ძველ პარლამენტსაც აქვს ამის საშუალება და კეთილი ინებონ, შეცვალონ. ახლა ხელისუფლების თავის ტკივილია ის, რომ ისე გააკეთოს, რომ ქვეყანას ჰყავდეს ლეგიტიმური პარლამენტი და ისიც, რომ მძიმდება ვითარება როგორც კოვიდმიმართულების თვალსაზრისით, ისე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით და ეს ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, სამწუხაროდ, ყველასთვის.

ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აქვს 8 წელი ისედაც ეკონომიკურად უკან მივდიოდით, კობახიძე კი რაღაც სისულელეებს ბოდავს, რომ თურმე 40%-ით გაზრდილა საქართველოს ეკონომიკა და ავყვავებულვართ. რეალურად კი ეკონომიკა სერიოზულად შემცირდა. ამ პოლიტიკური კრიზისის დროს არავინ ჩადებს ინვესტიციას ჩვენს ქვეყანაში და კიდევ უფრო დამძიმდება ვითარება. სინამდვილეში, ხელისუფლებას ამ ვითარებაში ორი აგური უნდა ეჭიროს, გამოსავალს უნდა ეძებდეს, მათი პასუხისმგებლობაა და ეძებონ გამოსავალი.

- პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში არც საერთაშორისო პარტნიორები დაუშვებენ დიდხანს. გავიხსენოთ თუნდაც სახელმწიფო დეპარტამენტის მესიჯი – “ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება, იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა. მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში”. ამ “ნანახი ფილმის” ავტორები თქვენ ხართ, ისტორია კი ყოველთვის ერთი-ერთში არ მეორდება...

- ჯერ ერთი, ეს არ არის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია, ბრიფინგის მასალებიდანაა ამოღებული. მეც დავეთანხმები - დიახაც, ეს ნანახი ფილმის სიუჟეტს გვაგონებს. მეც მაგონებს 2003 წელს, როდესაც შევარდნაძემ ასლან აბაშიძესთან ერთად ტოტალურად გააყალბა არჩევნები და შემდეგ ხალხმა ის აიძულა მშვიდობიანად წასულიყო. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ფილმის სიუჟეტი განმეორდება მშვიდობიანი ზეწოლით ხელისუფლების შეცვლისა, იმ ხელისუფლების, რომელიც ხალხის გადაგდებას და მისი ნების უგულებელყოფას მოინდომებს. ამ ფილმის სცენარი ძალიან მომწონს და მასში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ ვერავინ მოგვიწოდებს გამართლება მოვუძებნოთ ტოტალურად გაყალბებულ არჩევნებს. ამავდროულად, ბრიფინგის ამ მასალებს თუ დავეყრდნობით, ჩანს, რომ ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. იმ მასალებში, სხვათა შორის, ისიც წერია, ოპოზიციამ ბრძოლა უნდა გააგრძელოსო. ანუ საბრძოლველი გვაქვს.

- გააგრძელოსო, ოღონდ - პარლამენტში...

- მაგრამ პარლამენტი რომ არ გვაქვს, ამაშია საქმე.... თუ ამ მოლაპარაკების შედეგი ის იქნება, რომ ხელისუფლებას ვაიძულებთ არჩევნები დანიშნოს, მერე კომპრომისული ნაბიჯები ორივე მხარემ უნდა გადავდგათ. ჩვენი პოზიციაა, რომ ვიბრძოლებთ მშვიდობიანად მანამ, ვიდრე ხელისუფლება არ დათმობს იმას, რაც მას არ ეკუთვნის და არ დამორჩილდება ქართველი ხალხის ნებას. ეს ნება იმ გაყალბებული არჩევნების რეზულტატებითაც კი გამოიხატა, რაც ჟვანიამ დაწერა - იქ 52% “ოცნების” მოწინააღმდეგეა, ანუ ნახევარზე მეტმა უთხრა “ოცნებას” - წადი ოპოზიციაშიო, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ის ოპოზიციაში უნდა წავიდეს. ამაზე არ შეიძლება დათმობაზე წასვლა და ამ გაყალბებული პარლამენტის ლეგიტიმურად ცნობა. ამიტომაც ვითხოვთ იმას, რასაც ვითხოვთ.

ცესკო - ტექნიკური ხარვეზის შედეგია ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ხმების 100%-ზე მეტი მიიღო

ხმაური ბათუმში - პოლიციამ აქციაზე მოძრაობა "ალტერნატივას" რამდენიმე წევრი დააკავა

ცესკოს წინასწარი შედეგები ცნობილია: მეორე ტურში 17-ვე ოლქში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა