ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - ტინი კოქსის განცხადებები ასამბლეის დელეგაციის პოზიციას ასახავს, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო ბრალდებებისგან.
"უკიდურესად ვწუხვართ საქართველოში გარკვეული პოლიტიკური წარმომადგენლების მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარის, რომელიც საქართველოში არჩევნებს აკვირდებოდა, პირადი პატიოსნების მიმართ განხორციელებული დაუსაბუთებელი თავდასხმების გამო", - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკ დაემსის განცხადებაშია აღნიშნული.
”მისი განცხადებები ასახავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის პოზიციას, რომელიც გაკეთდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიიდან. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერს შეუძლია არ დაეთანხმოს მის დასკვნებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის პატიოსნება ეჭვქვეშ ვერ დადგება,” - წერს რიკ დაემსი.
ის ყველა პოლიტიკურ მხარეს ბრალდებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
"მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო ბრალდებებისგან“,- აცხადებს რიკ დაემსი.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის ტინი კოქსის მიმართ კრიტიკული განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.