სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენის თემა დააანონსა, რაც ერთ-ერთი ვერსიით, აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენას გულისხმობს. რამდენად საფუძვლიანია ეს ვერსია და რას მოუტანს ეს საქართველოს?
ალეკო კვახაძე, კავკასიოლოგი:
- როგორც ვიცი, აფხაზეთის პარალელურად, ლაპარაკი იყო ირანზე, თუმცა, მასა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი რკინიგზა არ არსებობს, თუმცა, თეორიულად ეს შესაძლოა იყოს აზერბაიჯანის გავლით, თუმცა, ამ შემთხვევაში დამატებითი გარანტიები სჭირდებათ, დაახლოებით ისეთი, როგორც ნახჩევანის კორიდორის შემთხვევაშია... რადგან სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია, მას მეტი კავშირი სჭირდება რუსეთთან, მოკლედ, სტაბილური გზა სჭირდება, რომელიც კლიმატურ პირობებზე არ იქნება დამოკიდებული. ლარსის გზა კი ხშირად იკეტება. პერსპექტივაში, თუ მასა და ირანს შორის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი აშენდა, ეს რუსეთისთვისაც ხელსაყრელია, რადგან მისთვის დამატებითი ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი იქნება, თუმცა, მისი აშენება სწრაფად ვერ მოხდება...
ასე რომ, რუსეთ-სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის სწრფად აღდგენის ერთადერთ გზად რჩება ოკუპირებული აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთი. ვფიქრობ, რადგან ეს რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესია, ქართული მხარე ამ ნაბიჯზე მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დათანხმდეს, თუ ამის ნაცვლად, აფხაზეთში დევნილების ნაწილი მაინც დაბრუნდება, თანაც უსაფრთხოების სრული გარანტიით და ყველა პუნქტი ნაბიჯ-ნაბიჯ იქნება გავლილი. საქმის კურსში უნდა იყვნენ საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნები, რადგან საქართველოს ახლა ის ვითარება არ აქვს, რაც წლების წინ ჰქონდა.
ამ თემაზე ადრეც იყო ლაპარაკი, მაგრამ რუსეთი არ დათანხმდა. ახლა თუ ნამდვილად დაიწყო რკინიგზის აღდგენაზე საუბარი, ქართულმა მხარემ ყველა პუნქტი უნდა გაფილტროს, საქმეში ჩართოს სტრატეგიული პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მთლიანობაში, პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს. გვახსოვს ალბათ მსო-ს ხელშეკრულება, რა დროსაც ფსოუს საზღვარზე შვეიცარიული კომპანია უნდა დამდგარიყო, მაშინ შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი აფხაზებს არც ახლა შეეკითხება რამეს. ადრე, რკინიგზის გახსნის თემას ქართული მხარე აყენებდა, აფხაზებმა გააპროტესტეს - ქართული იმპერიალიზმის გამოხატულებააო, მაგრამ როგორც კი რუსეთმა მიანიშნა, რომ ეს მის ინტერესებშია, მაშინვე მის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.
აფხაზები ხედავენ, რომ მათზე ბევრად ბრძოლისუნარიან ინგუშებს დაახევინა კრემლმა უკან, როდესაც ჩეჩნებთან ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა შეექმნათ... მით უფრო, აფხაზეთის მოსახლეობა, სინამდვილეში, 70 000- მდეა, სრულად არის მიბმული რუსეთის ბიუჯეტზე და მათ ძალიან უნდათ, ტურიზმი უფრო განავითარონ, მაგრამ სოჭისა და კრასნოდარის ტურისტული ზონების კონკურენტად აღიქმებიან და მაინც იმას მიიღებენ, რასაც რუსეთი გადაწყვეტს. რაც შეეხება, აფხაზეთის რკინიზგის გავლით რუსეთის მიერ სამხედრო ტვირთის გატარებას, - მისი ტრანსპორტირება ორი ქვეყნის შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ასე ხელაღებით რუსეთი სამხედრო ტექნიკას საქართველოს საზღვარს ვერ მიაყენებს. ამასთან, თეორიულადაც თუ დავუშვებთ, ქართული მხრიდან ამ დათმობაზე წასვლას, ამით სტრატეგიულ მეზობელ თურქეთთან და აზერბაიჯანთან გაიფუჭებს ურთიერთობას.
პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი:
- ის, რომ დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის მონაკვეთზე რკინიგზა არ არსებობს, არის საქართველოს პოზიცია და სხვა არაფერი. ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე. ქართულმა მხარემ უნდა განსაზღვროს, გვინდა თუ არა აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, რაც ხელს შეუწყობს ტვირთების ბრუნვას მთელ კავკასიაში. თუმცა, სხვა საკითხია, ეს პოლიტიკურად რამდენად გამართლებულია და ვიდრე ამაზე გადავიდოდეთ, ეკონიმიკურ მხარეზე ვისაუბრებ, პირველ რიგში, გეტყვით, რომ მე ყოველთვის მომხრე ვიყავი რკინიგზის გახსნის, შევარდნაძისა და სააკაშვილის დროსაც კი, რომლებიც ამის სანაცვლოდ დევნილების დაბრუნების პირობას აყენებდნენ. სწორი იყო თუ არა მათი სტრატეგია არავინ იცის, მაგრამ დევნილები დღემდე არ არიან დაბრუნებული და არც რკინიგზა მოქმედებს.
- თქვენი მინისტრობის პერიოდშიც საუბრობდით ამაზე?
- დიახ, წინამორბედებისგან განსხვავებით, ეს საკითხი "ქართულ ოცნებას" საერთოდ არ განუხილავს, რადგან მინისტრობისას როგორც კი დავიწყე ლაპარაკი, “ნაციონალებმა" დამმარხეს. ხელისუფლებას კი მათი ძალიან ეშინოდა. არადა, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის, და არა მხოლოდ, მსოფლიოსთვისაც კი, როგორც უნიკალური სატრანსპორტო ხაზი, ძალზე საინტერესო იქნება, წამოვა ინვესტიციები, რადგან ბოლო დროს იკვეთება ტენდენცია, რომ საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტი ყველაზე მოთხოვნადია ტვირთებისთვის. ისედაც, სამგზავროდაც, იდეალური არ არის, რადგან მთლიანობაში ყველა ტრანსპორტი ბინძურია, მაგრამ მატარებელი შედარებით სუფთაა. ამასთან, საჰაერო ტრანსპორტი ძალიან აბინძურებს გარესამყაროს, ისინი ვინც ადგენენ გარკვეულ კონვენციებს, მიიჩნევენ და თავად რეკომენდაციას უწევენ რკინიგზას, გლობალური ბიზნესიც სარკინიგზო გადაზიდვებისკენ იხრება.
ჯერჯერობით, ქართულ პოლიტიკაში აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე, რომელიც სომხეთან დამაკავშირებელი იქნება, მსჯელობაც არ დაწყებულა, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს საქართველოში ტვირთების შემოსვლას. თუმცა, ჩვენ სრულიად პრინციპულად ანგარიშს ვუწევდით აზერბაიჯანის დამოკიდებულებას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ამას, რადგან სომხეთის წინააღმდეგ გარკვეულწილად ეკონომიკურ ბლოკადას ახორციელებდა. ოღონდ სხვა საკითხია, რამდენად გამოსდიოდა... ახლა, როდესაც მან, ფაქტობრივად, აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა და პრეტენზიები სომხეთთან ვერ ექნება, ასე რომ, არ არის გამორიცხული, პოლიტიკა შეცვალოს.
არ ვამბობ, რომ უცებ უნდა გაიხსნას გზა, თუმცა, რისკები, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, პლუსები და მინუსები უნდა ჩამოიწეროს.
- პოლიტიკურ მხარესაც შევეხოთ, მაშინ, როდესაც სამხრეთ კავკასიაში რუსეთს გავლენების გაზრდაზე საუბრობენ, ასეთ პროექტებზე საუბარი რამდენად გამართლებულია?
- არ ვფიქრობ, რომ რეგიონში რუსეთის გავლენები იზრდება, პირიქით - ძლიერი რჩება, მაგრამ სინამდვილეში, თურქეთმა შეავიწროვა ის. თურქეთი არის აზერბაიჯანის ყველაზე ღია მხარდამჭერი სახელმწიფო, თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთმა 30 წელი აწვალა ბაქო ტერიტორიულ მთლიანობაზე, თურქეთმა კი ერთ თვეში მოუგვარა. თუმცა, ბაქო მაინც მადლიერი უნდა იყოს კრემლის, რადგან თურქეთს არ დაუპირისპირდა, თუმცა, ანკარა რომ არა, კრემლი ამას არ გააკეთებდა, თურქეთმა კარგად იცის, რატომ დაიხია რუსეთმა, როგორც კი ანკარის ჩრდილი გამოჩნდა და თავისი ჩანაფიქრი არ განახორციელა, შეეშინდა მისი.