კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ ტყის აღდგენის პროექტს უწყვეტად განაგრძობს
კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ინიციატივით, ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტი, COVID-19-ის პანდემიის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და საშემოდგომო დარგვების პერიოდში, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიას კიდევ 2000 ახალი ნერგი შეემატა. პროექტში, რომლის მიზანია ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე ტყის საფარის აღდგენა-განახლება, „ბორჯომი“ უკვე რამდენიმე წელი ჩართულია. დღემდე, #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ეგიდით, 3,5 ჰექტარ მიწის ფართობზე 15000-ზე მეტი ნერგია დარგული. კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ მიზანი, ბორჯომის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ტყის საფარის აღდგენაა.
„ტყის საფარის აღდგენა თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა. ჩვენ, კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო”, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხს, ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში და მომავალ თაობას ჯანსაღი გარემო დავუტოვოთ. პანდემიის გამო, წლევანდელმა დარგვის პროცესმა არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, სტუმრების გარეშე ჩაირა, თუმცა, რაც მთავარია, ჩვენ მოვახერხეთ უწყვეტად გაგვეგრძელებინა ტრადიცია და ჩვენი მეგობრების სახელით ბორჯომში ტყის საფარის აღდგენა-განახლებაზე კვლავ გვეზრუნა. მინდა, მადლობა გადავუხადო ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ხეების დარგვის პროცესში“, - აღნიშნა კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტმა, ლევან ბაღდავაძემ.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ ბორჯომში ტყის აღდგენის პროექტს ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა ტყის აღდგენის პროცესში. კომპანია „ბორჯომი“ უკვე ბევრი წელია ახორციელებს საშემოდგომო და საგაზაფხულო დარგვის სამუშაოებს ბორჯომში, ე.წ. პლატოს ტერიტორიაზე და ყოველ სეზონზე ტყეს საშუალოდ 3000-მდე წიწვოვან ნერგს ჩუქნის.განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ დარგვის ღონისძიებებთან ერთად, „ბორჯომი“ უზრუნველყოფს ნერგების მოვლას 5 წლის განმავლობაში, რაც არის აუცილებელი პერიოდი მათი სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა.
#ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი პროექტის ფარგლებში, ბორჯომის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ვებგვერდს -www.csr.borjomi.com რუკა დაემატა, რომელიც ბორჯომის პლატოზე ვირტუალურად მოგზაურობის საშუალებას იძლევა. ყველა გულშემატკივარს, რომელსაც 2012 წლიდან დღემდე მონაწილეობა მიუღია ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტში, ვებგვერდზე - იპოვე შენი ხე ღილაკის საშუალებით, შეუძლია ბორჯომის პლატოს ვირტუალურ გარემოში, საკუთარი სახელის მოძიება და დარგული ნერგის ნახვა. ვირტუალური პლატფორმის საშუალებით, „ბორჯომი“ მადლობას უხდის ბუნების გულშემატკივრებს პროექტში ჩართულობისა და აქტიური მონაწილეობისთვის.
ბორჯომის ტყის აღდგენის პროექტს კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“2012 წლიდან ახორციელებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთობლივი პროექტი კი უკვე ოთხ წელიწადს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში,უკვე აღდგენილია 3.5 ჰექტარი ტყე და 15000-ზე მეტი ნერგია დარგული. პროექტი გულისხმობს ნერგების მოვლა-პატრონობის 5 წლიან გეგმასაც. კამპანიის მიზანია, ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლება და ასევე, ტყის აღდგენის პროცესში საზოგადოების წევრების აქტიურად ჩართვა.
R