მკერდის სიმსივნეს დღეს ბევრი ქალბატონი ებრძვის. კიბო რომ განაჩენი არ არის, ამას ყველა ამბობს, თუმცა იმის მოსმენა, თუ როგორ დაამარცხა ეს ვერაგი დაავადება კიდევ ერთმა ადამიანმა, სიხარულისა და ბედნიერების მომტანია. 32 წლის ანა დგებუაძე წარმოშობით ხობიდან, სამეგრელოდან არის. ისიც ერთ-ერთი მებრძოლი ადამიანია, რომელმაც სიმსივნე სულ ახლახან დაამარცხა და ცხოვრებას განაგრძობს. ანა, მეუღლესა და შვილთან ერთად, საფრანგეთში ცხოვრობს. მისი ბრძოლის ისტორიის მოსასმენად, გოგონას სოციალური ქსელით დავუკავშირდით:
- 2019 წლის თებერვალში მკერდში პატარა კვანძი შევნიშნე. სულ დავდიოდი გამოკვლევებზე და მეორე დილითაც მივედი ექიმთან. მეუღლე არ გავიყოლე, რადგან მარტო მინდოდა ვყოფილიყავი და მარტოს მიმეღო ეს დარტყმა. დამიძახეს და ექიმმა მითხრა, რომ სიმსივნე მქონდა, მახსოვს, დრო გაჩერდა. ეს იმდენად შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის, რომ სიტყვებით ვერც გადმოვცემ. კიბო ყოველთვის სიკვდილთან და დედაჩემთან ასოცირდებოდა, მაშინ მე ბევრს არავის ვიცნობდი და არც ბევრი რამ ვიცოდი ამ დაავადების შესახებ. ვფიქრობდი, რომ ეს იყო განაჩენი, ყველაფერი მთავრდებოდა და ჩემს თავს ვუთხარი, მორჩა, ანი, აღარ ხარ, სადღაც 6-7 თვე გაქვს დარჩენილი-მეთქი. საკუთარი თავი გამოვიტირე.
როდესაც 20 წლის ვიყავი, დედას საშვილოსნოს სიმსივნე აღმოაჩნდა, მე-4 სტადია, ექიმებმა უთხრეს 3 თვეს იცოცხლებო, თუმცა 10 თვეს იცოცხლა და გარდაიცვალა. იმ დროს დედა ძალიან მჭირდებოდა, ახლაც მინდა, ჩემს გვერდით იყოს და სიცოცხლის ბოლომდე დამჭირდება, მაგრამ - აღარ არის. როდესაც დედა დავკარგე, სუიციდის მცდელობაც მქონდა, თუმცა არ გამომივიდა, როგორც ჩანს, ღმერთს არ სურდა ამით დამთავრებულიყო ყველაფერი, არ ვემეტებოდი სიკვდილისთვის. დედის გარდაცვალების შემდეგ გამოკლევაზე ყოველთვის დავდიოდი, გენეტიკური ფონი მქონდა და შესაძლებელი იყო, სიმსივნის წარმოქმნაზე ემოქმედა. ასეც მოხდა.
დიაგნოზის დასმისას პირველად იმაზე დავფიქრდი, რომ ჩემი შვილი უდედოდ არ უნდა დარჩენილიყო, დედა ყველას სჭრდება გვერდით. თებერვალში გავიგე, რომ სიმსივნე მქონდა და მალევე, მარტში საფრანგეთში წამოვედი სამკურნალოდ. ახლაც აქ ვარ მეუღლესა და შვილთან ერთად. წაიკითხეთ სტატია სრულად